ირმის ნახტომის ყველაზე პატარა ვარსკვლავს EBLM J0555-57Ab ქვია და ის ჩვენგან 600 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს. მისი რადიუსი სატურნისაზე ოდნავ დიდია — 59 000 კილომეტრი. ზომის მიუხედავად, მის ბირთვში წყალბადისა და ჰელიუმის თერმობირთვული სინთეზი მიმდინარეობს.

ჩვენი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერია, რომლის რადიუსის 69 911 კილომეტრია. შესაბამისად უნდა დავსვათ კითხვა, რატომაა იუპიტერი პლანეტა და არა ვარსკვლავი?

საქმე ისაა, რომ აქ ზომა მთავარი არაა. იუპიტერს თერმობირთვული სინთეზისთვის საკმარისი მასა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ EBLM J0555-57Ab იუპიტერზე პატარაა, მისი მასა იუპიტერისას 85ჯერ აღემატება. მასა უფრო დაბალი რომ იყოს, წყალბადის თერმობირთვულ სინთეზს ვერც ის მოახერხებდა.

მასის ნაკლებობის მიუხედავად, იუპიტერი მზეს ძალიან გაქვს. მზის სიმკვრივე 1,41 გრამ კბ/სმ-ია, მაშინ როცა იუპიტერის სიმკვრივე, იგივე განზომილებით, 1,33-ია. ამასთანავე, მზეს 71%-იანი წყალბადის შემცველობა აქვს, იუპიტერს კი 73. ამის გამო იუპიტერს ხშირად არშემდგარ ვარსკვლავს ეძახიან. თუმცა, იუპიტერისთვის ამ მეტსახელის დარქმევა არასწორია.

იუპიტერი და მზე — განსხვავება ზომაში

იუპიტერი და მზე — განსხვავება ზომაში

პლანეტები და ვარსკვლავები სხვადასხვანაირი მექანიზმებით იბადებიან. ვარსკვლავი მაშინ ფორმირდება, როცა დიდი მოლეკულური ღრუბელი საკუთარი გრავიტაციის ცენტრის გარშემო იწყებს მოძრაობას, რისი შედეგიც კოლაფსია — როცა გიგანტური ღრუბელი ეგრეთ წოდებულ ჰიდროსტატიკური წონასწორობის სტაბილურ მდგომარეობას მიაღწევს, ბირთვში პროტოვარსკვლავი ფორმირდება, რომელიც პროტოპლანეტარული დისკოთია შემორტყმული. ამ დისკოდან ფორმირდებიან პლანეტები, რომლებიც ახლად ფორმირებული ვარსკვლავის გარშემო ორბიტას იკეთებენ.

პროტოვარსკვლავში თერმობირთვული რეაქციები უკვე დაწყებულია, მისი სიმკვრივე იზრდება და იზრდება, შედეგად, ვარსკვლავის ბირთვი სტაბილური ხდება და მასობრივი ენერგიის გამოთავისუფლებას იწყებს, რაც მის ნათებასაც განაპირობებს. ჩვენი მზეც ერთ დროს ასე წარმოიქმნა და შედეგად, გამოტყორცნილი მატერიით, პლანეტები ჩამოყალიბდნენ. იუპიტერიც ამ ღრუბლიდან შეიქმნა. ფორმირებისას, მის გარშემო ხელმისაწვდომი წყალბადი ამოიწურა, ამიტომ იუპიტერმა ზრდა შეწყვიტა და ვარსკვლავის მსგავსი ბირთვის ფორმირება ვერ შეძლო. შედეგად, იუპიტერი "გაზის გიგანტი" გახდა და არა ვარსკვლავი.

იუპიტერი მზეს იმიტომ კი არ გავს, რომ ის პრაქტიკულად ვარსკვლავია, არამედ იმიტომ, რომ ის იგივე მასალისგან შეიქმნა, რისგანაც მზე.