სამხრეთ კორეულმა “ხელოვნურმა მზემ” ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
სამხრეთ კორეის ბირთვული სინთეზის რეაქტორმა (KSTAR), რომელსაც ხელოვნურ მზესაც უწოდებენ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან შეძლო ძალიან მაღალი ტემპერატურის, 100 მილიონი გრადუსის (ცელსიუსით), 20 წამის განმავლობაში შენარჩუნება. ამ მიღწევით მან 2019 წლის 8 წამიანი ხანგრძლივობა 20 წამამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტემპერატურის მიღწევა სხვა დანადგარებზეც მომხდარა, მაგრამ აქედან ოპერაციის შენარჩუნების 10 წამიანი ბარიერი ვერც ერთმა გადალახა.
ეს, ბირთვული ენერგიის გამოყენების კუთხით, დიდი წინსვლაა და შეიძლება სუფთა ენერგიის გამოყენების უმძლავრესი წყარო გახდეს. თუ მეცნიერები უზარმაზარი ენერგიის ხანგრძლივ გამოყენებას შეძლებენ, ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა გადაიჭრება.
მზეზე წარმოქმნილი სინთეზური რეაქციების დედამიწაზე გამეორებისთვის, წყალბადის იზოტოპები უნდა მოთავსდეს სპეციალურ სინთეზურ (KSTAR) მოწყობილობაში. ამით იქმნება ცხელი პლაზმური მდგომარეობა, სადაც იონები და ელექტრონები განცალკევდება. შედეგად, იონები უნდა გახურდეს და მაღალ ტემპერატურაზე შენარჩუნდეს. მსგავსი სინთეზი ენერგიის წმინდა გრაალად მიიჩნევა და სწორედ ამით იკვებება ჩვენი მზეც.
"პლაზმის 100 მილიონ გრადუსზე (ცელსიუსით) ხანგრძლივი მუშაობა პირდაპირი გასაღებია სინთეზური ენერგიის რეალიზაციისთვის. ეს ახალი რეკორდი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბირთვული სინთეზის რეაქტორის კომერციალიზაციის კუთხით. ამით ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიწიეთ", — თქვა სი-ვუ იუნმა, KSTAR-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ ცხელი პლაზმის სინთეზის გარდა, KSTAR კვლევითი ცენტრი ექსპერიმენტებს სხვადასხვა თემებზე ატარებს. თუმცა, KSTAR-ის საბოლოო და უმთავრესი მიზანი, 2025 წლისთვის, 100 მილიონზე უფრო მაღალი ტემპერატურის მიღწევა და მისი 300 წამით შენარჩუნებაა.
მსგავსი სინთეზის მიღწევა ძალიან რთული და წარმოუდგენლად ძვირია, იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი პროგრესი ამ ტექნოლოგიას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
კომენტარები