MMT ჰოსპიტალი — გურამ ქარაზანაშვილის საერთაშორისო გამოცდილებით შექმნილი მსოფლიო სტანდარტების უროლოგიური ჰაბი
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ სამყაროში, სადაც მუდამ საქმით ვართ დაკავებული, საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა ძალიან გვიჭირს. მიუხედავად ამისა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული ვართ, არსებობს საკითხები, რომელთა გადადება განსაკუთრებით საფრთხისშემცველია.
ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება მამაკაცების შემთხვევაში განსაკუთრებით პრიორიტეტული ხდება როცა საქმე პროსტატის კიბოს ეხება. მამაკაცებში ონკოლოგიური სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული ეს მიზეზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვიდრე მდგომარეობა არ გართულდება. იცოდით, რომ პროსტატის კიბოს პირველი სიმპტომი შესაძლოა ქვედა კიდურების პარალიზებაც კი იყოს?
არადა, სულ რაღაც 2 წელიწადში ერთხელ შემოწმებაზე მისვლით სიცოცხლის უკეთეს ხარისხს შეინარჩუნებთ, ამასთან, დროსა და რესურსებს დაზოგავთ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, როცა ჩვენს ქვეყანაშივე არსებობს მსოფლიო სტანდარტების სერვისები. უროლოგიური მიმართულება ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული დარგია. ეს დიდწილად ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის დამსახურებაა — ადგილის, რომელიც თანამედროვე ტექნიკებსა და ტექნოლოგიებს ავითარებს, პაციენტთან ურთიერთობის დასავლურ გამოცდილებას ნერგავს, ზრდის ახალ კადრებს, სამეცნიერო პროცესებზე აგებს საქმიანობას და ქმნის ახალ გამოცდილებას, რომელსაც მსოფლიოს უზიარებს.
პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული კლინიკის 15-წლიანი ისტორია მისი დამფუძნებლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის საქართველოში დაბრუნებით დაიწყო. ის ერთადერთი ქართველი ექიმია, რომელსაც ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდია აქვს მოპოვებული და ერთადერთი უროლოგი - საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატია. გურამ ქარაზანაშვილი საქართველოს ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტია და მრავალწლიანი საერთაშორისო სასწავლო და სამუშაო გამოცდილება აქვს მედიცინაში და კერძოდ უროლოგიაში, მათ შორის — პრაქტიკული მუშაობის ლიცენზია გერმანიაში. მან მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა შვედეთში, მოსკოვში, ჰოლანდიასა თუ ამერიკაში და სამშობლოში დაბრუნდა მიზნით, შეექმნა უროლოგიური სკოლა, რომელიც დასავლურ გამოცდილებასა და უახლეს ტექნიკებს გააერთიანებდა.
MMT ჰოსპიტალის მთავარი სპეციალისტი, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი თავად გვიყვება, რა გამოარჩევს უროლოგიურ ჰაბს და როგორია მისი მუშაობის პრინციპი.
"დაბრუნება რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიზნად ევროპული გამოცდილების დანერგვა დავისახე. უცხოეთში დაგროვებული ცოდნა, როგორც ორგანიზაციული მიდგომები, ისე სამედიცინო გამოცდილება აქ ჩამოვიტანე. ამას დაემატა ახალი ტექნიკები და სამეცნიერო იდეები. დღეს ამ მიმართულებით ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერთა შორის ვართ", — აღნიშნავს გურამ ქარაზანაშვილი.
კლინიკა მუდამ ტექნოლოგიური სიახლეების სადარაჯოზე დგას და ყველაზე უსაფრთხო მეთოდების განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოში უახლესი ტექნიკის, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის საქართველოში დანერგვაც ამ მიზნების განვითარებას ემსახურება. აპარატი პროსტატის კიბოს ოპერაციის გარეშე განკურნების საშუალებას იძლევა.
"რობოტული ულტრაბგერითი თერაპია უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც პროსტატის კიბოსგან განკურნების უოპერაციო მეთოდია. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, იქნება ეს ღია თუ ენდოსკოპური, გარკვეულ რისკს შეიცავს — პროსტატის ოპერაციის დროს სქესობრივი ფუნქცია შეიძლება დაზიანდეს, რაც ფსიქოლოგიურ თუ ბევრ სხვა პრობლემას იწვევს, ამიტომაც ჩვენ უოპერაციო მეთოდებს ვავითარებთ", — გვეუბნება ბატონი გურამი და კლინიკის სხვა ინოვაციურ მეთოდებზეც ამახვილებს ყურადღებას — "ჩვენ საქართველოში მიკროსკოპული ექოსკოპია დავნერგეთ. ამისათვის დიდი სამუშაო ჩავატარეთ, სპეციალისტები მოვამზადეთ და რეგიონში ერთადერთი ვართ, ვისაც ეს ტექნოლოგია აქვს დანერგილი. ამასთან, ერთი წელია, ამერიკაში დაინერგა თარგეთული ბიოფსია, რომელსაც პრაქტიკაში ჩვენ უკვე ვიყენებთ. დიდი ზომის კენჭების უოპერაციო მოცილებაც შესაძლებელია, გაგვაჩნია დარტყმით-ტალღოვანი მკურნალობის თერაპიის მეთოდიც, რომელიც სისხლძარღვების ხელახალ განვითარებას უწყობს ხელს".
მიკროსკოპული ექოსკოპია დიაგნოსტირების სიზუსტეს 300%-ით ზრდის, რაც მცირე დროში და ნაკლები კვლევების ხარჯზე იძლევა შედეგს. დარტყმით-ტალღოვანი თერაპია სისხლძარღვების პირვანდელი ფორმით აღდგენას ხდის შესაძლებელს, თუმცა კლინიკის დირექტორის, ლევან ქარაზანაშვილის აზრით, ინოვაციური სერვისების გარდა, კლინიკის მთავარი ღირსება პაციენტთან ურთიერთობის ევროპული მიდგომაა, რაც ინდივიდუალურ მოპყრობას და ეთიკური სტანდარტების დაცვას გულისხმობს.
"შარდის ბუშტის, თირკმლის, პროსტატის კიბოს მიმართულებით პირველები ვართ. ჩვენ პაციენტს ვთავაზობთ პორფესიონალთა გუნდს. უროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად საზღვარგარეთ წასვლა საჭირო არ არის, ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი მაღალი ხარისხის მომსახურება, ნაკლები ხარჯის გაწევით. კლინიკა ბიზნესი არ არის, ჩვენ ვცდილობთ პაციენტზე, მის კმაყოფილებაზე ვიყოთ ორიენტირებული. თანხის ინვესტირებას ვახდენთ ტექნოლოგიებში და განახლებაში. ყველაზე მთავარი, რაც ექიმმა უნდა იცოდეს პაციენტთან სწორი მიდგომა და იმის გაცნობიერებაა, რომ ყველას ინდივიდუალური მოპყრობა სჭირდება", — ამბობს ლევან ქარაზანაშვილი და აღნიშნავს, რომ მათთან ონლაინ კონსულტაციის გავლა უფასოა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
კლინიკის მთავარი სპეციალისტის, გურამ ქარაზანაშვილის თქმით, უროლოგიური ჰაბი ყველაზე უკეთ შეესაბამება მათი მუშაობის კონცეფციას, რომელიც მსოფლიო სიახლეების ეპიცენტრში ყოფნას და სიახლეების შექმნას გულისხმობს.
"ყველა სირთულის ქირურგიულ ოპერაციას ვახორციელებთ, როგორც ლაპარასკოპიულს, ისე ღიას. გვაქვს პლასტიკური ოპერაციის შესაძლებლობაც, ონკოლოგიური მიმართულება, ვახორციელებთ ქიმიოთერაპიას, ჰორმონო თერაპიას, იმუნურ თერაპიას. გვყავს უმღალესი ხარისხის სხივური თერაპიის დარგის პარტნიორები. ონკოლოგიაში, აღდგენით ქირურგიაში, უოპერაციო მკურნალობაში, თანამედროვე დიაგნოსტიკაში ისეთი ტექნიკები და ტექნოლოგიები გაგვაჩნია, რომელიც არათუ რეგიონისა და მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ დასავლეთისა და მსოფლიოსთვის სიახლეა. ყველა ეს მიმართულება, მეთოდები, სამეცნიერო ნაწილი, ტრენინგები ქმნის უროლოგიურ ჰაბს", — ამბობს გურამ ქარაზანაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ მათ მიერ აღზრდილი სპეციალისტების უმეტესობა ქვეყანაში დარჩენას და ადგილობრივი სამედიცინო სივრცის განვითარებას გადაწყვეტს.
ფოტო: MMT
mmt.ge (Modern Medical Technologies) — თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს გულისხმობს. ჰოსპიტალი სახელს ამართლებს — ისინი ინოვაციების შემოტანას, ძიებას და შექმნას სამომავლოდაც აპირებენ.
"ჩვენ გავაგრძელებთ უროლოგიაში სამედიცინო აპარატურით ლიდერობას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, მკურნალობის ტექნიკების დახვეწას, მსოფლიო გამოცდილების შემოტანასა და ახლის დანერგვას, ახალი კადრების აღზრდას. მაღალი დონის მედიცინა მეცნიერების და სწავლების გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენ აკადემიური კლინიკა ვართ და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. MMT მედიცინას, მეცნიერებას და სწავლებას ემსახურება", — აღნიშნავს საუბრის დასასრულს გურამ ქარაზანაშვილი.
კომენტარები