2.5 მილიარდი წლის ლალში უძველესი სიცოცხლის კვალი აღმოაჩინეს
ლალის ნიმუში, რომელიც უძველესი ლალის საბადოებით განთქმულ გრენლანდიაში აღმოაჩინეს, გრაფიტს — სუფთა ნახშირბადისგან დამზადებულ მინერალს შეიცავს. ნახშირბადის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით მენციერები ვარაუდობენ, რომ იგი ადრეული სიცოცხლის ნარჩენებს უნდა წარმოადგენდეს.
"ლალში ნაპოვნი გრაფიტი მართლაც უნიკალურია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლალის შიგნით არსებულ მინერალში სიცოცხლის ნიშნები აღმოვაჩინეთ", — განაცხადა ახალ რელიზში კრის იაკიმჩუკმა, დედამიწისა და გარემოს მეცნიერებების პროფესორმა კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტიდან.
გრაფიტი 2.5 მილიარდ წელზე ადრინდელ ქვებშიც აღმოუჩენიათ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი არ იყო და ერთუჯრედიანი სიცოცხლე მხოლოდ მიკროორგანიზმებისა და წყალმცენარეების სახით არსებობდა.
იმის გასაგებად, ნახშირბადი ბიოლოგიური წარმოშობის იყო თუ არა, მკვლევრებმა მისი ქიმიური შემადგებლობის, განსაკუთრებით კი მასში ნახშირბადის ატომების იზოტოპების შემადგენლობის შესწავლა დაიწყეს.
"ცოცხალ ორგანიზმებში უმეტესად ნახშირბადის შედარების მსუბუქი იზოტოპები გვხვდება, რადგან უჯრედში მათ ჩასართავად ნაკლები ენერგიაა საჭირო", — განაცხადა იაკიმჩუკმა. "გრაფიტში ნახშირბად 12-ის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენ დავასკვენით, რომ ეს ატომები ერთ დროს უძველესი სიცოცხლის ნაწილს შეადგენდნენ, სავარაუდოდ მკვდარი მიკროორგანიზმების, როგორიც ციანობაქტერიები არიან".
მეცნიერებმა ქვა გრენლანდიაში გეოლოგიური კვლევის დროს იპოვეს. კვლევის მიზანი იმ პირობების უკეთ შესწავლა იყო, რომლებიც ლალის ფორმირებისთვისაა საჭირო. ლალი მინერალ კორუნდის სახესხვაობაა, მას წითელი შეფერილობა აქვს.
იგივე ნივთიერებისგან ყალიბდება საფირონიც. ლალს მკვეთრ შეფერილობას ქრომი ანიჭებს, რკინის, ტიტანისა და ნიკელის კვალი კი სხვადასხვა ფერის საფირონს წარმოქმნის.
გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ გრაფიტმა სავარაუდოდ მიმდებარე ქანების ქიმიურ შემადგენლობაზეც იქონია გავლენა, რამაც ლალის ზრდისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.
"ლალის ქვაში გრაფიტის არსებობა ასევე მეტ ინფორმაციას გვაძლევს, რაც იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ ჩამოყალიბდა ლალი ამ ადგილას. ამის გაკეთება მის ფერსა და ქიმიურ შემადგენლობაზე დაკვირვებით შეუძლებელია", — განაცხადა იაკიმჩუკმა.
გუნდის კვლევა გასულ კვირას Ore Geology Reviews-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები