დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო სიტყვა სრულად
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის წინ საპრეზიდნეტო ფიცი დადო, რის შემდეგაც წარმოთქვა პირველი სიტყვა პრეზიდენტის რანგში.
როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ–ს 45–ე პრეზიდენტმა თავისი სიტყვის დიდი ნაწილი დამოუკიდებლად, თავად დაწერა და მხოლოდ მცირე ნაწილის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა მისმა თანაშემწეებმა.
გამოსვლაში მან ისაუბრა ქვეყნის საზღვრების დაცვაზე, ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაბრუნებაზე, სხვა ქვეყნების არმიების ნაცვლად ამერიკის არმიის გაძლიერებაზე და ა.შ.
On.ge გთავაზობთ დონალდ ტრამპის გამოსვლის სრულ თარგმანს:
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ რობერტს, პრეზიდენტო კარტერ, პრეზიდენტო კლინტონ, პრეზიდენტო ბუშ, პრეზიდენტო ობამა, თანამემამულე ამერიკელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოდან, დიდი მადლობა!
ჩვენ, ამერიკის მოქალაქეები, ვუერთდებით დიად, ეროვნულ ძალისხმევას, ხელახლა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და აღვადგინოთ პერსპექტივა ჩვენი ხალხისთვის.
ერთად ჩვენ შევძლებთ განვსაზღვროთ ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს კურსი ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში. ჩვენ ბევრ პრობლემას შევეჯახებით, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ შედეგს მივაღწევთ.
4 წელიწადში ერთხელ ჩვენ აქ ვიკრიბებით, რათა ძალაუფლება მშვიდობიანად გადავცეთ და ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ ობამასი და პირველი ლედის, მიშელ ობამასი მათი სასიამოვნო დახმარებისთვის, რომელიც გაგვიწიეს ძალაუფლების გადაცემის პერიოდში. ისინი მოიქცნენ საუცხოოდ.
დღევანდელ ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ უბრალოდ კი არ გადავცემთ ძალაუფლებას ერთი ადმინისტრაციიდან მეორეს, ან ერთი პარტიიდან – მეორე პარტიას, არამედ ჩვენ ძალაუფლებას ვაშინგტონიდან გადავცემთ და გიბრუნებთ თქვენ, ამერიკელ ხალხს.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანთა მცირე ჯგუფი სარგებლობდა ხელისუფლების
სიკეთეებით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში და ამის საფასურს მოსახლეობა იხდიდა.
ვაშინგტონი აყვავდა, მაგრამ ადამიანებმა ვერ იგრძნეს თავიანთ ქონებაზე.
პოლიტიკოსებიც გაიფურჩქნენ, მაგრამ ქარხნები დაიკეტა და სამუშაო ადგილები გაქრა.
ისტებლიშმენტი იცავდა საკუთარ თავს, მაგრამ არა – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.
მათი გამარჯვება არ იყო თქვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი არ იყო თქვენი ტრიუმფი და როცა ისინი ზეიმობდნენ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, სულაც არ ეზეიმებოდათ ოჯახებს ჩვენს ქვეყანაში.
ყველა ცვლილება იწყება აქ, ამ წუთას, რადგან ეს მომენტი თქვენი მომენტია – ის თქვენ გეკუთვნით. ის გეკუთვნით თქვენ, ვინც აქ შეიკრიბეთ და ყველას, რომლებიც ახლა გვიყურებთ მთელი ამერიკის მასშტაბით.
ეს თქვენი დღეა, ეს თქვენი ზეიმია, ეს ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა.
რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის არა ის, რომელი პარტია აკონტროლებს ხელისუფლებას, არამედ ის, ხელისუფლება კონტროლდება თუ არა ხალხის მიერ.
ჩვენ 2017 წლის 20 იანვარს მოვიგონებთ იმ დღედ, როცა ხალხი ისევ გახდა თავისი ქვეყნის მმართველი.
ჩვენი ქვეყნის დავიწყებული მოქალაქეები ამიერიდან არასდროს იქნებიან დავიწყებულნი. ახლა ყველა თქვენ გისმენთ.
ათეულობით მილიონობით თქვენგანი გახდა ნაწილი ისეთი ისტორიული მოძრაობისა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ უნახავს. ამ მოძრაობის შუაგულში არის მნიშვნელოვანი რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რათა ემსახუროს თავის მოქალაქეებს.
ამერიკელებს უნდათ შესანიშნავი სკოლები თავიანთი ბავშვებისთვის, უსაფრთხო სამეზობლო თავიანთი ოჯახებისთვის და კარგი სამსახურები თავიანთთვის. ეს არის საზოგადოების სამართლიანი და საფუძვლიანი მოთხოვნები, მაგრამ ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე სხვა რეალობაში ცხოვრობს: დედები და შვილები სიღარიბეში ცხოვრობენ ჩვენს ქალაქებში; დაჟანგული ქარხნები საფლავის ქვებივით არიან მიმოფანტული ჩვენი ქვეყნის მიწაზე; ფულით სავსე განათლების სისტემა, რომელიც შესანიშნავ სტუდენტებს ცოდნის გარეშე ტოვებს; კრიმინალმა, განგსტერებმა და ნარკოტიკმა ძალიან ბევრი სიცოცხლე წაგვართვა და ჩვენი ქვეყანა გაძარცვა არარეალიზებული პოტენციალისგან. ეს ამერიკული საშინელება ახლა დასრულდება აქ.
ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო – მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, მათი ოცნებები ჩვენი ოცნებებია; და მათი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება. ჩვენ გვაქვს ერთი გული, ერთი სახლი და საერთო დიდებული მომავალი.
საპრეზიდენტო ფიცი, რომელიც მე დღეს დავდე, არის ერთგულების ფიცი ყველა ამერიკელისადმი.
დეკადების განმავლობაში ჩვენ ვამდიდრებდით უცხოურ ინდუსტრიებს ამერიკული ინდუსტრიების ხარჯზე, ვაფინანსებდით სხვა ქვეყნის არმიებს მაშინ, რომ ჩვენს არმიას ვაძლევდით გამოფიტვის საშუალებას; ჩვენ ვიცავდით სხვა ქვეყნის საზღვრებს, როცა არ ვიცავდით საკუთარს; ოკეანის გადაღმა ვხარჯავდით ტრილიონობით დოლარს მაშინ, როცა ჩვენი ინფრასტრუქტურა მოშლილი და დასუსტებულია.
ჩვენ ვამდიდრებდით სხვა ქვეყნებს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, სიძლიერე და თავდაჯერებულობა ჰორიზონტიდან გაქრა.
საწარმოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა და დატოვა ჩვენი საზღვრები იმაზე ფიქრის გარეშე, რომ მილიონობით ამერიკელი მუშახელი უსამსახუროდ დარჩა.
ჩვენი საშუალო კლასის სიმდიდრე გაქრა მათი სახლებიდან და განაწილდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ეს წარსულია და ახლა ჩვენ მხოლოდ მომავლისკენ ვიხედებით.
დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ყველა ქალაქს, ყველა ქვეყნის დედაქალაქსა და ძალაუფლების ყველა ცენტრს გავაგონოთ: დღეის შემდეგ ახალი ხედვით იქნება მართული ჩვენი ქვეყანა. ამ მომენტიდან ამერიკა იქნება პირველი!
ყველა გადაწყვეტილება ვაჭრობის, გადასახადების, იმიგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მიღებული იქნება ამერიკელი მშრომელებისა და ამერიკული ოჯახების სასარგებლოდ.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები სხვა ქვეყნის დამანგრეველი ზიანისგან, რომლებიც ჩვენს პროდუქციას აწარმოებენ, ჩვენს კომპანიებს იპარავენ და ჩვენს სამუშაო ადგილებს ანადგურებენ. დაცვა საბოლოოდ მოგვიტანს სიძლიერესა და კეთილდღეობას.
მე ვიბრძოლებ თქვენთვის თითოეული ჩემი ამოსუნთქვით და არასოდეს მოგცემთ დაცემის საშუალებას.
ამერიკა ხელახლა დაიწყებს გამარჯვებას ისე, როგორც არასდროს. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ოცნებებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ავაშენებთ ახალ გზებს, ახალ ავტობანებს, ახალ ხიდებს, ახალ აეროპორტებს, ახალ გვირაბებსა და ახალ სარკინიგზო ხაზებს.
ჩვენ დავუბრუნებთ კეთილდღეობასა და სამსახურს ხალხს – ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას ამერიკული ხელებითა და ამერიკული სამუშაო ძალით.
ჩვენ გვექნება ორი მთავარი წესი: იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი.
ჩვენ ინტერესი იქნება მეგობრული ურთიერთობის დამყარება დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენ ამას ვიზამთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავის საკუთარი ინტერესი იყოს უპირატესი.
ჩვენ არ მოვახვევთ ჩვენი ცხოვრების წესს სხვას, არამედ ვიბრწყინებთ, რათა სხვებმა მოგვბაძონ.
ჩვენ გავამყარებთ ძველ კავშირებს და ჩამოვაყალიბებთ ახალს და გავაერთიანებთ
ცივილიზებულ სამყაროს რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც სრულად აღიგვება დედამიწიდან.
ჩვენი პოლიტიკის დედააზრი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ერთგულება და ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებით, ჩვენ ერთმანეთის ერთგულებასაც მოვიპოვებთ.
როდესაც გულს გაუღებთ პატრიოტიზმს, იქ ცრურწმენისთვის ადგილი არ დარჩება.
ბიბლია გვეუბნება ჩვენ, "თუ რა კარგი და სასიამოვნოა, როცა ღვთის შვილები ცხოვრობენ ერთად ერთსულოვნად".
ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ღიად უნდა გამოვხატოთ, ვიკამათოთ გულწრფელად უთანხმოებებზე, მაგრამ ყოველვის უნდა ვიქონიოთ სოლიდარობა. როცა ამერიკა ერთიანია, ამერიკა შეუჩერებელია.
არ უნდა იყოს შიში – ჩვენ დაცულები ვართ და ყოველთვის დაცული ვიქნებით.
ჩვენ დაცული ვიქნებით ჩვენი სამხედროებისა და პოლიციელების მიერ და ყველაზე მთავარი, ჩვენ გვიცავს ღმერთი.
საბოლოოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მასშტაბურად და უნდა ვიოცნებოთ კიდევ უფრო მეტად. ამერიკაში ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფო იმდენ ხანს ცოცხლობს, რამდენ ხანსაც რაღაცისკენ ისწრაფვის.
ჩვენ არასდროს არ უნდა მივიღოთ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ და ნაბიჯს არ დგამენ – მუდმივად წუწუნებენ და არაფერს არ აკეთებენ.
ფუჭი საუბრის დრო დამთავრდა, ახლა მოქმედების დროა.
არავის მისცეთ იმის თქმის უფლება, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. ვერცერთი გამოწვევა ვერ შეეჯიბრება ამერიკის სულს, გულსა და ბრძოლისუნარიანობას.
ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენი ქვეყნა ისევ განვითარდება და აყვავდება.
ჩვენ ვდგავართ ახალი ათასწლეულის წინაშე და მზად ვარ ამოვხსნათ კოსმოსის საიდუმლო, გავათავისუფლოთ დედამიწა ავადმყოფობისგან და შევქმნათ მომავლის ენერგიები, ინდუსტრიები და ტექნოლოგიები.
დროა გავიხსენოთ ჩვენი ჯარისკაცების ძველი სიბრძნე და ის არასოდეს დავივიწყოთ: შავი ვართ, თეთრი, თუ ყავისფერი, ყველა ჩვენგანის ძარღვებში პატრიოტის წითელი სისხლი ჩქეფს, ჩვენ ყველანი ვტკბებით ერთი და იგივე დიდებული თავისუფლებით და ჩვენ ყველა პატივს ვცემთ იგივე, დიდებულ ამერიკულ დროშას.
ბავშვი, რომელიც დაბადებულია დეტროიტის შორეულ გარეუბანში თუ, ნებრასკას ქარიან დაბლობში, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ისინი საღამოს ერთ ცას უყურებენ, მათი გული ერთნაირი ოცნებებით ივსება და ისინი იმ სიცოცხლით ივსებიან, რომელიც იგივე ყოვლისშემძლე შემოქმედმა მიანიჭა.
ამგვარად, ყველა ამერიკელმა, ყველა ახლო თუ შორეულ, პატარა თუ დიდ ქალაქში, მთიდან მთამდე, ოკეანიდან ოკეანემდე, ისმინოს ეს სიტყვები:
შენ ამიერიდანარასდროს არ იქნები უყურადღებოდ დატოვებული!
შენი ხმა, შენი ფიქრები, შენი ოცნებები განსაზღვრავენ ჩვენს ამერიკულ ბედისწერას. შენი სიმამაცე, სულგრძელობა და სიყვარული სამუდამოდ გაგვიძღვება ამ გზაზე.
ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ამერიკა გახდეს ისევ ძლიერი!
შვენ ამერიკას გავხდით ისევ მდიდარს!
ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ ამაყს!
ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ უსაფრთხოს!
დიახ, ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ დიადს. დიდი მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა!"
კომენტარები