უსმინე ხმებს საკუთარ თავში — ქართული ჯგუფის შთამბეჭდავი კლიპი სადებიუტო სიმღერაზე
ქართული მუსიკალური სამყარო ნამდვილად არ არის განებივრებული მრავალფეროვანი საავტორო შემოქმედებით, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ შექმნილმა ჯგუფმა The Rylans მოახერხა და პირველივე სიმღერით საინტერესო სათქმელი შესთავაზა მსმენელს.
Voices In Your Head (ხმების შენს თავში) — ასე ჰქვია ახალი ქართული ბენდის სადებიუტო სიმღერას, რომელის მიხედვითაც გადაღებული ვიდეოკლიპი 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მალევე არაერთი მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
სადა სტილითა და უწყვეტი კადრით გადაღებულმა თითქმის ოთხწუთიანმა ვიდეომ თავისი ემოციური შინაარსით წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე. თუ როგორ და რატომ, ამის გასაგებად თავად უნდა ნახოთ ვიდეო და შეაფასოთ:
Voices In Your Head-ს მომღერალი მებო ნუცუბიძე ასრულებს, რომელსაც ქართველი მსმენელი აქამდეც კარგად იცნობდა როგორც დამოუკიდებელი შემსრულებელის, ისე ჯგუფ The BearFox-ის წევრის ამპლუაში. On.ge-სთან საუბარში ის აღწერს იმ გზას, თუ როგორ შეიქმნა ახალი ჯგუფი The Rylans და როგორ აღმოჩნდა თავადაც იქ:
"კარანტინის პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოიტანა, რაღაცები სხვანაირად შევაფასე, გადავაფასე და გავაცნობიერე, რომ ახალი მუსიკალური ეტაპისთვის ვიყავი მზად. გაცნობიერება კიდევ ცვლილებებისა და სიახლეებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. კარანტინის დასრულებიდან ძალიან მალე, ზაფხულში, გავიცანი მუსიკოსები, რომელთაც ჩემსავით სურდათ რაღაც ახლის დაწყება. ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები და აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ გვაერთიანებდა, მათ შორის ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ყველას გვსურდა ჩვენი როლი გვეთამაშა და ჩვენი სათქმელი გვეთქვა ცხოვრებაში. ასე დავიწყეთ ერთად დაკვრა. სულ ხუთნი ვართ: მარიამ კუბანსკი (ბასი, ვოკალი), დემე სპიგელი (გიტარა), ლევან სიდიანი ფილფანი (გიტარა, კლავიშები, ვოკალი), გიგი კობერიძე (დრამი) და მე".
მებომ ისაუბრა იმ მთავარ შთაგონებასა და მიზეზზე, რომელმაც მასა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს უბიძგა, მათი სადებიუტო სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი ისეთი ფორმისა და შინაარსის ყოფილიყო, როგორიც მსმენელს წარუდგინეს:
"ჩემზე ძალიან იმოქმედა ტრანსგენდერი ქალის, მადონას ამბავმა, რომელმაც თავის დაწვა სცადა. უფრო მძიმე იყო ამ ყველაფერზე წაკითხული კომენტარები, ხალხის რეაქცია, ზიზღი. მერე იყო რადიო თავისუფლების ინტერვიუ მადონასთან, რომელიც დათო ქორიძემ გადაიღო. ძალიან დიდი ხანი თავიდან არ ამომდიოდა მადონაზე ფიქრი, ძლიერ ადამიანზე, რომელიც ყველა სირთულის მიუხედავად, აგრძელებს საკუთარ, ყველასგან განსხვავებულ გზაზე სიარულს.
სიმღერის მელოდიამ თავისით წამიყვანა ამ აზრებისკენ და საბოლოოდ ტექსტიც ასეთი გამოვიდა. ყველა ადამიანმა საკუთარი სიმღერა უნდა იმღეროს და სიმღერაც იმდენი არსებობს, რამდენიც ადამიანია. არ არსებობს ორი ერთნაირი გზა".
რამდენადაც შთამბეჭდავია მსგავსი იდეის ხორცშესხმა, იმდენად მას გამბედაობა სჭირდება, რადგან ახალბედა მუსიკალური ჯგუფისთვის რთულია ადგილის დამკვიდრება ასეთი თამამი ნაბიჯის შემდეგ ისეთ გარემოში, სადაც LGBTQ ადამიანების მიმართ მიუღებლობა საკმაოდ მაღალია. თუმცა, როგორც მებო აცხადებს, მათ მსმენელებთან ურთიერთობის დაწყება გულწრფელობით სურდათ და არა — ტყუილით, სწორედ ამიტომაც თავიანთი სათქმელი თამამად გაგვიზიარეს.
"სიმღერა დაიწერა თუ არა, ძალიან მოგვინდა რომ მუსიკალურ მხარეს ვიზუალური მხარეც დამატებოდა, უფრო კარგად რომ გადმოეცა ჩვენი სათქმელი. პირველი ადამიანი, ვისაც დავუკავშირდით, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, დათო ქორიძე იყო. დათო არაჩვეულებრივი ფოტოგრაფია და ყოველთვის მომწონდა მისი ხედვა. პირველივე შეხვედრაზე მივხვდით, რომ ერთად ძალიან კარგ რაღაცას გავაკეთებდით. აღმოჩნდა, რომ დათოსაც, ისევე როგორც ჩვენ, გვქონდა საერთო სათქმელი და პროტესტი. ვიდეოს იდეა მთლიანად დათოს ეკუთვნის. მაყურებლის წინაშე ასე წარდგენა არის ის, რაზეც მხოლოდ ვიოცნებებდით. ჯგუფმა თუ მუსიკოსმა, მსმენელთან ურთიერთობა ლამაზად შეფუთული ტყუილით არ უნდა დაიწყოს. თუ ვინმეს ამ სიმღერისა და ამ ვიდეოს გამო არ მოვეწონებით, ეს კარგიცაა. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ხელოვნურები და ყოველთვის ვიტყვით ჩვენს სათქმელს, დაუფარავად და მოურიდებლად", — ამბობს მებო ნუცუბიძე.
შეგვიძლია, თამამად ვივარაუდოთ, რომ Voices in Your Head ერთადერთი შემთხვევა არ იქნება, რომლითაც ჯგუფი The Rylans სასიამოვნოდ გაგვაოცებს, შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, მათ წარმატება ვუსურვოთ, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
კომენტარები