ასტრონომებმა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებს ახალგაზრდა პლანეტა აქამდეც შეუმჩნევიათ, თუმცა ასეთი ახალგაზრდა, ან ასეთი მარტივი დასაკვირვებელი — იშვიათად. როგორც CBS News იუწყება, ჰავაის უნივერსიტეტის გუნდმა ყველაზე ახალგაზრდა პლანეტა აღმოაჩინა, რაც ოდესმე შეუმჩნევიათ. 2M0437b სულ რამდენიმე მილიონი წლისაა. პლანეტა კუროს ნისლეულში მდებარეობს და იმდენად ახალგაზრდაა, რომ იგი ჯერ კიდევ გამოსცემს ლავას მსგავს სითბოს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მკვლევრებს იშვიათი შანსი მიეცათ, ახალ სამყაროზე უშუალო დაკვირვებები ეწარმოებინათ. მათ სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენება დედამიწის ატმოსფეროს კომპენსირებისთვის მაინც დასჭირდებათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პლანეტის შესასწავლად სხვა ხრიკების მოფიქრება აღარ იქნება საჭირო. 2M0437b დაახლოებით 100-ჯერ უფრო შორსაა თავისი ვარსკვლავისგან, ვიდრე დედამიწა მზისგან, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მასზე დაკვირვებას.
მეცნიერებმა პლანეტა პირველად 2018 წელს Subaru ტელესკოპის გამოყენებით დააფიქსირეს, შემდეგი სამი წელი კი კეკის ობსერვატორიისა და ჰავაის სხვა ტელესკოპებით პლანეტისთვის თვალყურის დევნებაში გაატარეს იმაში დასარწმუნებლად, რომ მას მასპინძელი ვარსკვლავი ჰყავდა.
მომავალმა დაკვირვებებმა შესაძლოა მეტი სინათლე მოჰფინოს ამ პლანეტის ჩამოყალიბებას და ალბათ მის შესახებ მეტი დეტალების მოპოვებას დიდი დრო არ დასჭირდება. გუნდი იმედოვნებს, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მათ ახალგაზრდა პლანეტის ატმოსფეროს შემადგენელი აირების და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მისი ბუნებრივი თანამგზავრების შესწავლაში დაეხმარება.
კომენტარები