პერუში მსხვერპლად შეწირული ლამების მუმიები აღმოაჩინეს
მუმიფიცირებული ლამები და ინკების საზარელი რიტუალები
არქეოლოგებმა პერუში ბუნებრივად მუმიფიცირებული ხუთი ლამა აღმოაჩინეს, რომლებიც ხუთასიოდე წლის წინ, ინკებმა შესწირეს თავიანთ ღმერთებს.
ლამების მუმიებს ისევ აქვთ შემორჩენილი წითელი საღებავები, ბუმბულები და ლამაზი ნაჭრები, რომლებსაც ინკები მათ მოსართავად იყენებდნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვის მიზნით მათ ცოცხლადვე მარხავდნენ.
"ეს საკმაოდ იშვიათი აღმოჩენაა. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც არქეოლოგები სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სნაპიროებზე, ძველი ინკების იმპერიის "ნარჩენებზე" აწარმოებენ გათხრებს და მიუხედავად ამისა, ამდენი ხნის მანძილზე არც ერთ მათგანს მსგავსი არაფერი უპოვია", - უყვება Live Science -ს მთავარი მკვლევარი ლიდიო ვალდესი, დამხმარე ასისტენტ პროფესორი კანადის კალგარის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტიდან.
ვალდესმა და მისმა კოლეგებმა მუმიფიცირებულ ლამებს (Lama glama) ტამბო ვიეჯოსთან, პერუში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე არქეოლოგიურ ძეგლთან მიაკვლიეს, 2018 წელს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ლამების მუმიები ორ სხვადასხვა შენობაში, თიხის ფენილის ქვეშ იყო დამარხული. ეს შენობები ორი დიდი მოედნით იყო გარშემორტყმული. ერთ შენობაში აღმოაჩინეს ოთხი ლამა, აქედან სამი თეთრი და ერთი ყავისფერი. ისინი ერთად იყვნენ დამარხულნი, ერთ შენობაში, ერთი ყავისფერი ლამა კი მეორე შენობაში იპოვეს თიხის ფენილის ქვეშ", - ამბობს ვალდესი.
"ჩვენი ვარაუდით, აქ ადრე ბევრად მეტი მორთული ლამას მუმია უნდა დაგვხვედროდა, თუმცა მძარცველებმა და ცნობისმოყვარე ადამიანებმა წაგვართვეს იმის შესაძლებლობა, რომ თავდაპირველი სურათი მეტი სიზუსტით აღგვედგინა", - ამბობს ვალდესი. "ლამები სახით აღმოსავლეთით იყვნენ დამარხულნი, რაც სავარაუდოდ, ინკების უზენაესი ღმერთის, მზის აღმოსავლეთიდან ამოსვლას უკავშირდება", - აღნიშნავს იგი.
"მსხვერპლშეწირვის რიტუალებით ისინი პატივს მიაგებდნენ საკუთარ ღმერთებს, რომლებსაც ინკები უხვ მოსავალს, კარგი მარცვლეულის მოყვანასა და ომში გამარჯვებებს შესთხოვდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამით ინკების უდიდესი იმპერია ადგილობრივი ხალხების კეთილგანწყობის მოპოვებასაც ცდილობდა, ვინაიდან, რიტუალის შემდეგ ყოველთვის უზარმაზარი ნადიმი იმართებოდა.
ფერადი მორთულობა
ახალგაზრდა ლამები მდიდრულად იყვნენ მორთულნი წითლად, ყვითლად, მწვანედ და იისფრად შეღებილი გრძელი ლენტებით. "აქლემისებრთა მატყლისგან დამზადებული ლენტები მათ ყურებზე ჰქონდათ დამაგრებული. ლამებს ფერადი ყელსაბამებიც ამშვენებდა", - ამბობს ვალდესი.
"ფერადი მორთულობა მიანიშნებს, რომ ამ რიტუალს ინკებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა", - განმარტავს ვალდესი. "ნამდვილად, ისტორიული ჩანაწერები გვამცნობს, რომ ყავისფერ ლამას ისინი შემოქმედ ვირაკოჩას სწირავდნენ, თეთრებს კი ინკების უზენაეს ღმერთს - მზეს", - ამბობს იგი.
აღსანიშნავია, რომ მუმიებზე დაკვირვებისას მკვლევრებმა მათი თავის ნაწილზე საღებავის კვალიც იპოვეს. "სამ თეთრ ლამას შუბლზე წითელი წერტილი ჰქონდა მიხატული, წითელი ხაზები კი თვალებიდან ცხვირამდე მოუყვებოდა", - წერენ მკვლევრები ნაშრომში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი თეთრი ლამა დამარხული იყო ზღვის გოჭთან (Cavia porcellus) ერთად და სამივე თეთრი ლამას სამარხში აღმოაჩინეს 10 სანტიმეტრი სიგრძის ჯოხზე დამაგრებული ტროპიკული ჩიტის ბუმბულები. მუმიების ახლოს არქეოლოგებმა სიმინდის ტაროებით, ლობიოთი და ზღვის გოჭებით სავსე ორმოებსაც მიაგნეს. ამ ორმოებში ასევე დამარხული იყო ფერფლის შეკვრები, რომლებსაც ლაიმი ეწოდება. იგი ასოცირდება კოკას ფოთლების ღეჭვასთან. ეს მცენარე ინკებისთვის საკრალური მნიშვნელობის იყო. (ამჟამად, ნედლი სახით ამ მცენარეს კოკაინის დასამზადებლად იყენებენ).
მოკაზმვის შემდეგ, ლამებს კიდურებს უკეცავდნენ და გრძელი თოკებით კრავდნენ, რომლებიც ასევე აქლემისებრთა მატყლისგან იყო დამზადებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არქეოლოგებმა მუმიების ყელსა და მუცელზე გაკვეთის კვალი ვერ იპოვეს რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ რიტუალის დროს ინკები ლამებს ცოცხლად მარხავდნენ. "თუ ჩვენი დასკვნა მართებულია, მაშინ ეს პრაქტიკა ადამიანის ცოცხლად შეწირვის მსგავსი უნდა იყოს", - წერენ მკვლევრები ნაშრომში.
აქამდე, მეცნიერებმა პერუში სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზე არაერთი მსხერპლად შეწირული ადამიანისა თუ ცხოველის მუმიები აღმოაჩინეს, თუმცა "ახლადაღმოჩენილი ლამების სამარხები ყველაზე კარგადაა შემონახული", - განმრატავს სუზან დეფრანსი, ანთროპოლოგიის პროფესორი ფლორიდას უნივერსიტეტში, რომელსაც ამ კვლევაში არ მიუღია მონაწილეობა. "აქამდე ნაპოვნი მსხვერპლების მუმიები არ არის ისეთი სრული და ლამაზი, როგორც ეს უკანასკნელი. ამ შემთხვევაში, უკვე მკვეთრად ჩანს მუმიის ტყავისა თუ ყველა იმ ნივთის ფერი, რაც მასთან ერთად იქნა ნაპოვნი, ამიტომ ეს ძალიან იშვიათი და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა", - განმარტავს იგი.
მსხვერპლშეწირვა და ნადიმი
იმ ორ შენობასთან ახლოს, სადაც ლამების მუმიები იქნა აღმოჩენილი, მეცნიერებმა მესამე შენობასაც მიაკვლიეს, სადაც მათ მიწაში ჩაშენებული დიდი ზომის ღუმელი დახვდათ. "ღუმელის არსებობა მიგვანიშნებს, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალის კულმინაციას დღესასწაული წარმოადგენდა, სადაც მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ინკები ხალხს საკვებს უზიარებდნენ", - აღნიშნავენ მეცნიერები კვლევაში.
"სავარაუდოდ, ლამების მსხვერპლშეწირვები დიად მიზანს ემსახურებოდა. ამას ინკას იმპერიის მმართველები ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად იყენებდნენ", - ამბობს ვალდესი.
ნახშირბადის მეთოდით დათარიღების ცხრა სხვადასხვა შედეგმა აჩვენა, რომ ეს ცხოველები, დაახლოებით, 1500 წელს შესწირეს ღვთაებებს, ინკას დასახლებების მახლობლად, ტამბო ვიეჯოში. კოლუმბის შემდგომი ერის ესპანური ჩანაწერების თანახმად, შეწირვამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე, ინკების იმპერიამ შეიართა სამხრეთ პერუს სანაპირო. მოგვიანებით კი მათ ტამბო ვიეჯოში ააშენეს ადმინისტრაციული ცენტრი.
"ინკები უბრალოდ არ წასულან ტამბო ვიეჯოში ცხოველთა მსხვერპლშეწირვის რიტუალის მოსაწყობად. სანაცვლოდ, ეს რიტუალი ნაწილი იყო უფრო დიდი დღესასწაულისა, რომელიც საკვებისა და სასმელის გაზიარებას მოიცავდა. დღესასწაულს კი არა ხალხი, არამედ მმართველები აწყობდნენ", - ამბობს ვალდესი. ნადიმები კარგ სტრატეგიას წარმოადგენდა, რაც ინკებს ხელს უწყობდა დაემყარებინათ ხანგრძლივი და მტკიცე პოლიტიკური კავშირები ახლად დაპყრობილ ხალხებთან", - განმარტავს მკვლევარი.
ტამბო ვიეჯოში ლამები მსხვერპლშეწირვის ერთადერთ ობიექტს არ წარმოადგენდნენ. ვალდესმა ადრეული კვლევების დროსაც აღმოაჩინა რამდენიმე ათეული ზღვის გოჭის სამარხი. 2019 წელს, ოსტეოარქეოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ისინი ასევე მორთულნი იყვნენ ფერადი ლენტებით, საყურეებითა და ყელსაბამებით. სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბის შემდგომ პერიოდში მცხოვრებმა ესპანელებმა თავიანთ ჩანაწერებში აღნიშნეს, რომ ინკები რიტუალზე ასობით ზღვის გოჭს წირავდნენ. ვალდესის თქმით, ამ ჩანაწერების მიუხედავად, ლამების მუმიების აღმოჩენა პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს რიტუალები მართლაც ტარდებოდა.
კვლევა გამოქვეყნდა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, ჟურნალ Antiquity-ში.
კომენტარები