დეზინფორმაცია და ინტერპრეტაციები — პროსახელისუფლებო ტროლგვერდები ზუგდიდის თავდასხმას ენმ-ს უკავშირებენ
პროსახელისუფლებო ტროლგვერდები, რომლებიც სხვადასხვა დროს მმრთველი გუნდის ოპონენტებს ესხმოდნენ თავს, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ოპოზიციას უკავშირებენ. ინფორმაციის ინტერპრეტირებულად გავრცელებით, ისინი ბანკზე თავდასხმის ორგანიზებას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენ, როცა ოფიციალურ უწყებებს ჯერ არავის ბრალეულობაზე უსაუბრიათ.
დღეს, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ერთ-ერთი მძევალი ტელეკომპანია მთავარ არხსა და ფორმულას დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა, რის შემდეგაც, რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევალი ენმ-ის მხარდამჭერია. ამ ფაქტის გამო, პროსახელისუფლებო ტროლგვერდებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულია. ისინი ცდილობენ მომხმარებელი დაარწმუნონ, რომ მიმდინარე მოვლენები წინასაარჩევნო დესტაბილიზაციას ემსახურება.
ამ გვერდების რიტორიკა ძირითადად მსგავსია — ვრცელდება ერთი და იმავე შინაარსის, ერთმანეთის მსგავსად დამონტაჟებული პოსტები.
მაგალითად, გამოქვეყნდა დამონტაჟებული ვიდეო, რომლის პირველ ნაწილშიც არის არქივის კადრი, სადაც მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდს საარჩევნოდ სიურპრიზებს ჰპირდება. მეორე ნაწილში კი ჩანს ზუგდიდის თავდასხმის შესახებ სიუჟეტი. ამ ფორმით ტროლგვერდები ცდილობენ, თავდასხმა სააკაშვილის "სიუპრიზად" წარმოაჩინონ. ამ პოსტებს ახლავს წარწერები: "სააკაშვილისთვის სურპრიზი ყოველთვის ქვეყნის დესტაბილიზაციას ნიშნავს", "ყველაფერზე მიდიან".
კონტექსტიდან ამოგლეჯილად და შეცდომაში შემყვანი წარწერებით ისინი სხვადასხვა მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებენ და ამასაც ოპოზიციის წინააღდეგ არგუმენტად იყენებენ.
მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია და ოპოზიცია გაშუქების ფორმის გამო გააკრიტიკეს, ტროლგვერდები უფრო გააქტიურდნენ.
მაგალითად, მოჭრილი აქვთ მთავარი არხის ეთერიდან ვიდეო, სადაც წამყვანს შეეშალა და მძევალი "დაგვიკავშირდას" ნაცვლად თქვა — მძევალს "დავუკავშირდით". ამ ჩანაწერის გამოყენებით ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თავდასხმა "დადგმულია".
ვრცელდება დეზინფორმაციული პოსტებიც — ფოტო, რომელიც მძევალმა ერთ-ერთ მედიას მიაწოდა, დაამუშავეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს, როგორც მძევლის "სთორი".
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული ფეისბუქგვერდები განსაკუთრებით აქტიურდებიან მაშინ, როცა ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა და კოორდინირებულად ავრცელებენ მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მხარდამჭერ მესიჯბოქსს.
გაიგეთ მეტი აღნიშნულ გვერდებზე:
- პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერვერდებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის "გაშავებაც" დაიწყეს
- წულუკიანი-ლომჯარიას დებატების შემდეგ პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდები ომბუდსმენის წინააღმდეგ გააქტიურდნენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი — ქართული პროსახელისუფლებო ტროლგვერდების ახალი სამიზნე
- როგორ "აშავებენ" სამოქალაქო პროტესტს
- ვინ და რატომ წაშალა Facebook-მა და რა საფრთხეს შეიცავდა მათი მოქმედება — ყველაფერი მარტივად
ზუგდიდში თავდამსხმელს 6 საათზე მეტია მძევლები ჰყავს აყვანილი. შსს-ს განცხადებით, ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, 14:21 საათზე მიიღეს.
ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები. შსს-ს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.
თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი პირი დარჩა შენობაში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 15-16 ადამიანი.
გაიგეთ მეტი: მძევლები ზუგდიდში — ინფორმაცია განახლებად რეჟიმში
კომენტარები