პუტინის და კიმ ჩენ ინის Deepfake-ები ამერიკული დემოკრატიის დასასრულზე საუბრობენ — ვიდეო
"დემოკრატიის შეფერხებას ჩვენ გვაბრალებთ, მაგრამ ეს საჭირო არაა", — ამბობს ვლადიმერ პუტინი. "ამას თქვენით აკეთებთ". მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში თითქოს მართლაც რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, სინამდვილეში პუტინს ეს სიტყვები არ უთქვამს. იმიტომ, რომ ეს ვიდეო Deep Fake-ია.
არასამთავრობო ორგანიზაცია პუტინის ამ ვიდეოს იმიტომ ავრცელებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ უბიძგოს. არასამთავრობო ორგანიზაცია RepresentUs-მა პუტინის გარდა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ინი იგივე სენტიმენტებს ავრცელებს.
Pew Research-ის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებში არჩევნებში მონაწილეობისთვის კვალიფიცირებული მოქალაქეების 40%-ს ხმა არ მიუცია.
Deep Fake მანქანური დასწავლით და სპეციალიზირებული ალგორითმებით იქმნება. პროგრამა შეგიძლიათ ათასობით სხვადასხვა ვიდეოთი "გამოკვებოთ", რის შემდეგაც ის მოსაუბრე ინდივიდების ლაპარაკის სპეციფიკას სწავლობს, შემდეგ კი ყალბი ვიდეოს ან აუდიოს გაკეთება შეუძლია.
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Deep Fake ვიდეოში, ობამა დონალდ ტრამპს დოყლაპიას ეძახის. RepresentUS-ის კიმ ჩენ ინის და პუტინის ვიდეოების ბოლოს იწერება, რომ ვიდეოები ყალბია, თუმცა დაკვირვებული თვალისთვის ეს ისედაც შესამჩნევია. მიუხედავად ამისა, DeppFake ტექნოლოგია მუდმივად უმჯობესდება ამიტომ ზოგი ტელევიზია ისეთი DeepFake-ების გაზიარებაზეც უარს ამბობს, რომლის სიყალბის შესახებ მაყურებლებს წინასწარ ან ვიდეოს ბოლოს ეუბნებიან.
Facebook-ზე და YouTube-ზე Deep Fake-ები მუდმივად იტვირთება. ყოველ შემთხვევაში ზემოხსენებული ვიდეოები არ წაშლილა. მიუხედავად ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ Facebook-მა ახალი წესი შემოიღო, რომელიც Deep Fake-ების (ისეთი ვიდეოების, სადაც არაა ნათქვამი რომ ვიდეო ყალბია) სოციალურ ქსელზე განთავსებას კრძალავს. ამას სოციალური ქსელი Ai-ს მეშვეობით აკეთებს, თუმცა ეს ტექნოლოგია არასრულყოფილია.
კომენტარები