NASA მთვარეზე პირველი ქალის გაფრენის გეგმებს გვიზიარებს
NASA-მ უკვე დაიწყო იმისთვის მზადება, რომ მთვარეზე პირველი ქალი ასტრონავტი გაუშვას. მისია არტემისი ორ ადამიანს წაიყვანს კოსმოსში და ეს 1972 წლიდან მოყოლებული პირველი შემთხვევა იქნება, როცა ადამიანები ჩვენს თანამგზავრზე ფეხს დადგამენ.
კოსმოსურმა სააგენტომ არტემისის მისიის განახლებული გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა — ესაა $28 მილიარდის ბიუჯეტის მქონე პროგრამა, რომლის მიზანიცაა, 2024 წელს ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გადასხას და ამ გზით მოამზადოს ნიადაგი ადამიანების მიერ მარსის ათვისების პროგრამისთვის.
"ჩვენ მთვარეზე ვბრუნდებით იმისთვის, რომ მეცნიერული აღმოჩენები გავაკეთოთ, ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ და შთავაგონოთ კოსმოსის შემსწავლელთა ახალი თაობები", — აცხადებს NASA-ს ადმინისტრატორი, ჯიმ ბრაიდენსტაინი.
პროგრამის პირველი მისია, არტემის I, 2021 წელს ასტრონავტების გარეშე განხორციელდება. ეს იქნება სატესტო გაფრენა, რომლის დროსაც გამოიცდება ახალი დამშვები სისტემა, SLS და Orion-ის კოსმოსური ხომალდი. პირველი ეკიპაჟიანი გაფრენა კი არტემის II-ის მისიის ფარგლებში, 2023 წელს შესრულდება.
ამის შემდეგ, უკვე 2024 წელს, არტემის III ასტრონავტებს მთვარემდე წაიყვანს და ისინი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე დადგამენ ფეხს. ეს ადამიანები ხომალდ ორიონით დაახლოებით 386 ათას კილომეტრს დაფარავენ და მხოლოდ ამის მერე გადაჯდებიან ნასას ახალ კომერციულ დამშვებ სისტემაზე.
მას შემდეგ, რაც მთვარეს მიაღწევენ, ასტრონავტები თანამგზავრის ზედაპირიდან ნიმუშებს შეაგროვებენ და სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტს ჩაატარებენ. ამ ყველაფერს ისინი შვიდ დღეს მოახმარენ და ერთი კვირის თავზე ორიონის კოსმოსურ ხომალდზე დაბრუნდებიან.
"არტემისის პროგრამის ფარგლებში, ნასა 2024 წელს პირველი ქალი და მომდევნო კაცი ასტრონავტის მთვარეზე გაშვებას გეგმავს, რათა მიმდინარე ათწლეულის დასასრულისთვის იქ უკვე მდგრადი ბაზა გვქონდეს", — ნათქვამია NASA-ს განცხადებაში, — "სააგენტო მთვარეს იმ მომდევნო გიგანტური ნახტომისთვის გამოიყენებს, რაც ადამიანების მიერ მარსის შესწავლაა.
ბრაიდენსტაინის თქმით, გეგმის თანახმად, 2024 წელი ამის განხორციელების ყველაზე ამბიციური თარიღია. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველი გათვლებით, ამ მიზნის მიღწევას 2028 წელს აპირებდნენ.
იმისთვის, რომ ახალ დედლაინში ჩაეტიონ, სააგენტოში დასაშვები სისტემის შესაქმნელად კონგრესისგან $3.2 მილიარდი სჭირდებათ.
NASA ამჟამად 16 ქალ ასტრონავტს წვრთნის. გასულ წელს CNN-თან საუბრისას ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ სააგენტოს უკვე ჰქონდა შექმნილი იდეა იმაზე, თუ ვინ უნდა გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე ფეხს დადგამდა.
"ეს იქნება გამოცდილი ადამიანი, რომელსაც აქამდეც უფრენია და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც უკვე ნამყოფია", — აღნიშნა მან, — "ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაზე კვალიფიციურ ინდივიდებს ვარჩევთ და საოცრად ნიჭიერი და კვალიფიკაციის უმაღლესი დონის მქონე კანდიდატები გვყავს".
კომენტარები