ენცელადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყინულის კვალს მიაგნეს
სატურნის ყინულოვანი თანამგზავრის, ენცელადის დეტალური ინფრაწითელი ფოტოების შესწავლის შემდეგ, მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახალი ყინული იპოვეს.
ყინული ენცელადის შიგნით წარმოიქმნა და შემდეგ ზედაპირს ზემოდან გადაეკრა, ეს კი მასზე სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად კარგი სიახლეა. ენცელადი მზის სისტემაში ერთ-ერთი ისეთი სამყაროა, სადაც სიცოცხლის არსებობა თეორიულად შესაძლებელია.
მონაცემთა ბაზა, რომელიც ყველაზე დეტალურ ინფრაწითელ გამოსახულებებს შეიცავს, Cassini-ის მონაცემების მიხედვით შეიქმნა. 2005 წელს მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ მისი ზედაპირის შიგნით, შესაძლოა, ოკეანე ყოფილიყო.
"ინფრაწითელი ფოტოები გვიჩვენებს, რომ თანამგზავრის სამხრეთ პოლუსი ახალგაზრდაა, რაც სიურპრიზს ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან იქ არსებული ამოფრქვევების შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. ახლა კი, ახალი ინფრაწითელი გამოსახულებების წყალობით გაირკვა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებობს რეგიონი, რომელიც ასევე ახალგაზრდაა და გეოლოგიური დროის ხაზის მიხედვით, აქტიური სულ ახლახან იყო", — განაცხადა ნანტის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გაბრიელ ტობიმ.
2019 წლის ოქტომბერში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ენცელადის ყინულში ორგანული ნაერთების კვალი იპოვა, რომლებიც, როგორც ჩანს, ამინომჟავების საშენ მასალას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის წინამორბედი გახლდათ.
კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები