ქართველი მეცნიერების საზოგადოება STEM საუბრებს აწყობს — ინტერვიუ გუგა გოგიასთან
2-4 ოქტომბერს, სამი დღის განმავლობაში, გაიმართება ვირტუალური სიმპოზიუმი, STEM საუბრები, რომელსაც ქართველი მეცნიერები უხელმძღვანელებენ და დამსწრე ადამიანებს თავიანთ საქმიანობაზე, ისევე როგორც მეცნიერების სხვადასხვა სფეროში (ეპიდემიოლოგია, ფიზიკა თუ კოგნიტური მეცნიერება) მიმდინარე კვლევებზე გაესაუბრებიან.
ეს ონლაინ კონფერენცია განსაკუთრებული რამდენიმე მიზეზის გამოა. პირველ რიგში, მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რადგან მომხსენებლები პოპულარულ ენაზე ისაუბრებენ. ამასთავე, სიმპოზიუმი ინტერაქციულიც იქნება, სადაც დასწრების შემთხვევაში კითხვების დასმა და დისკუსია შეგეძლებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიმპოზიუმი ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების პირველი ღონისძიებაა. ზემოხსენებული ორგანიზაცია სულ რამდენიმე დღის წინ, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა (ძირითადად, სტუდენტებმა) დააარსეს.
ქართველი მეცნიერებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციის მიზნებზე და მომავალზე მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გუგა გოგიას ვესაუბრეთ, რომელიც ამჟამად პოსტდოქტორანტურას ციურიხში გადის.
"ამ დროისთვის ჩვენი ორგანიზაცია ლეგალური რეგისტრაციის პროცესშია", — ამბობს გუგა. ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას და ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში მიმდინარე კვლევების გაცნობას. თუმცა, ორგანიზაცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მას რამდენიმე კონრეტული მიზანი აქვს.
ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მეცნიერული შრომის თავისებურებების გაცნობა
ხშირად, როცა ქართველი მოსწავლეები სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში მეცნიერებაზე აბარებენ, მათ მცირე წარმოდგენა აქვთ, თუ რა ტიპის მიდგომას საჭიროებს გარკვეული მიმართულებით მუშაობა — იქნება ეს ფიზიკა, ბიოლოგია თუ სხვა დისციპლინა. სკოლაში მეცნიერებების შესახებ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა გვექმნება. სინამდვილეში კი, ისინი, ვინც აკადემიურ საქმიანობაში არიან ჩართულნი, ხშირად ძალიან კონკრეტული განხრით, ძალიან სპეციფიურ კვლევებზე მუშაობენ. ამასთან, აკადემიური შრომა, უბრალოდ დავალებების დაწერისგან განსხვავებით, ბევრად ჩახლართული და შრომატევადი რამაა. ამიტომ გუგა, და სხვა ქართველი მეცნიერები ეცდებიან, რომ ქართველ სტუდენტებს წარმოდგენა შეუქმნან, როგორ გამოიყურება ეს საქმიანობა.
გუგა ამბობს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი სპეციალური მენტორშიპ პროგრამის შექმნაა, სადაც ქართველი მეცნიერები, რომლებიც საერთაშორსიო კვლევებში არიან ჩართულები, ახალგაზრდა სტუდენტებს ან სკოლის მოსწავლეებს ერთი-ერთზე დაელაპარაკებიან და მათ ცნობისმოყვარეობას შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებენ.
მაგალითად, თუ ბიოლოგიის მეორე კურსის სტუდენტს მოლეკულური ბიოლოგიის განხრით მოუნდება მუშაობა ან სწავლის გაგრძელება, მას მოლეკულური ბიოლოგი დაუკავშირდება და თავის საქმიანობის, ისევე როგორც საზღვარგარეთ სწავლის სპეციფიკაზე მოუყვება.
ქართველ მკვლევართა შორის კავშირების გაბმა
ორგანიზაციის კიდევ ერთი მიზანი აქტიურად მოღვაწე ქართველ მეცნიერთა შორის დიალოგის დაწყება და გაღრმავებაა:
"გვინდა, რომ ქართველი მეცნიერები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ ან სწავლის გაგრძელებას აპირებენ, რაღაცნაირად ერთმანეთთან დავაკავშიროთ", — ამბობს გუგა. მსგავსი კავშირებიდან ხშირად აკადემიური თანამშრომლობაც იბადება, რომელიც შეიძლება ინტერდისციპლინარულიც იყოს.
ამასთანავე, საზღვარგარეთ სწავლას გარკვეული პრერეკვიზიტები აქვს, რომელთა დაკმაყოფილებაც, ერთი შეხედვით, შეიძლება დამაბნეველი ჩანდეს. საუბარია, მაგალითად, სამოტივაციო ესეს დაწერაზე ან აპლიკაციასთან ასოცირებულ, ასე ვთქვათ "ბიუროკრატიულ თავსატეხებზე".
ისინი, ვინც ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან და აკადემიურ საქმიანობას იქ ეწევიან, თავის დროზე შეხვდნენ ამ სირთულეებს. ამიტომ, ცნობისმოყვარე სტუდენტებთან ამ გამოცდილების გაზიარება, შესაძლოა, ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს.
რატომ უნდა დავესწროთ სიმპოზიუმს, STEM საუბრები
სამომავლო გეგმებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ორგანიზაციის ამჟამინდელ მიზნებს მივუბრუნდეთ.
გუგას თქმით, სიმპოზიუმზე სხვადასხვა დარგის მეცნიერები მოკლედ და გასაგებ ენაზე ისაუბრებენ, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხებენ. მისივე თქმით, სიმპოზიუმზე მომხსენებლების მრავალფეროვნებაა.
მაგალითად, ერთ-ერთი მომხსენებელი ქართველი გეოგრაფი, ლევან ტიელიძეა, რომელიც დოქტორანტურას ახლა ახალ ზელანდიაში გადის. მეცნიერებაზე საუბრისას გეოგრაფია, შეიძლება, არც კი გაგახსენდეთ. ეს იმის ბრალია, რომ გეოგრაფობაზე, როგორც აკადემიურ საქმიანობაზე, სკოლაში ბევრ ჩვენგანს მაინცდამაინც კარგი წარმოდგენა არ შეგვქმნია. არადა, გეოგრაფია მხოლოდ უმაღლესი მთების და უდიდესი მდინარეების სახლების დაზეპირება არაა.
ტიელიძე გლაციოლოგიის განხრით მუშაობს, მისი ერთ-ერთი ინტერესი მყინვარების დნობის დინამიკაა, რაც ბევრგან გლობალური დათბობის გამო დაჩქარებულად მიმდინარეობს. მყინვარების ლღობა კი, თავის მხრივ, სერიოზულ ეკოლოგიურ ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებს. დღეს საქართველოში ისეთი ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც იცის, როგორ აისახება კლიმატის ცვლილება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მყინვარების გადნობაზე და როგორ აისახება ეს უკანასკნელი ჩვენს კეთილდღეობაზე.
თავად გუგა გოგია მოხსენებას თემაზე, "არასტაბილურ სტრუქტურები" გააკეთებს. ეს საკითხიც, თავისი მნიშვნელობით, დარგის სპეციალისტების ინტერსებს ცდება. ამ განხრით მიმდინარე კვლევებს ინტერდისციპლინური მნიშვნელობა აქვთ.
არასტაბილურ სისტემებამდე, კომპლექსური ფიზიკური სისტემების ორგანიზაციაზე მიხეილ ციციშვილი ისაუბრებს — როგორც ხედავთ, ბევრი საკითხი, რომელსაც ქართველი მეცნიერები სიმპოზიუმზე განიხილავენ, ერთმანეთთან არის დაკავშირებული. "მიზანი სწორედ ესაა", — ამბობს გუგა, — "ერთგვარი შესავლის გაკეთება მეცნიერების სხვადასხვა დარგში და მათ შორის კავშირების გავლება".
თითოეული მომხსენებელი 10 წუთს ისაუბრებს, შემდგომ კი 10 წუთი კითხვებს უპასუხებს.
გუგა ამბობს, რომ სიმპოზიუმისადმი მოულოდნელად ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი. რაც ქართველი მეცნიერების თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი ამბავია.
"ბევრს [მეცნიერს] ჩვენი ორგანიზაციის მიმართ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა", — იხსენებს გუგა, — "ზოგ ქართველ მეცნიერს ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ 'აი, მე ვერიდები ქართველებთან ურთიერთობას'. თითქოს, საზღვარგარეთ მყოფი ზოგი ქართველი მეცნიერი თანამოქალაქეებთან სამეცნიერო ურთიერთობის არიდებას ცდილობს".
გუგა ამბობს, რომ ამას თავისი პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბევრი საზღვარგარეთ საქართველოსგან "თავის დაღწევის" მიზნით წავიდა და უკან მოხედვა აღარ უნდა. თუმცა, გუგას თქმით, მაინც ბევრი ქართველი მეცნიერია, რომელიც ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აპირებს და ორგანიზაციის მისიასაც დადებითად უყურებს.
მომავალი მასტერკლასები
ამჟამად ორგანიზაციის მუშაობას და სამომავლო გეგმებს, პანდემია ნაწილობრივ ზღუდავს. "მომავალში ერთდღიანი მასტერკლასების ჩატარებაც გვინდა, მაგალითად კოდის დაწერაზე ან დატა ანალიზზე", — ამბობს გუგა.
მისივე თქმით, პროგრამირების ან კოდირების მასტერკლასებზე ხშირად მხოლოდ კოდირების ზოგად მნიშვნელობას ან გამოყენებას ასწავლიან. გუგა ფიქრობს, რომ მასტერკლასებისას უფრო დეტალურ, ნაკლებად ცნობილ მხარეებზე კონცენტრირებაც სასარგებლოა, "მაგალითად, შეიძლება ჩატარდეს მასტერკლასი სატელიტური სურათების ანალიზზე ან ისეთ რაღაცებზე, რასთანაც შეხება მეცნიერებს აკადემიურ სივრცეში უწევთ".
გუგას თქმით, ორგანიზაცია ზოგადი ხასიათის ვიდეოების გაკეთებასაც გეგმავს, რომლებიც YouTube-ზე აიტვირთება და რომლის ხილვაც ყველას შეეძლება.
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა ის ძალიან მოტივირებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. გუგა ამბობს, რომ დაინტერესებულ ადამიანებთან კომუნიკაცია ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების პირველ ვირტუალურ სიმპოზიუმზე მეტის გაგება თუ გსურთ, იხილეთ ღონისძიების გვერდი. სიმპოზიუმზე რეგისტრაცია კი აქ შეგიძლიათ.
კომენტარები