რატომ დაჰქონდათ კოსმონავტებს იარაღი კოსმოსში
აშშ-ის სამხედრო კოსმოსური ძალებისთვის, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, კოსმოსის სტრატეგიული კონტროლი ყველაზე მეტად პრიორიტეტულია. მართალია, დღემდე ატმოსფეროს მიღმა ერთი სამხედრო კონფლიქტიც კი არ დაფიქსირებულა, მაგრამ პოტენციურ საფრთხეებზე ფიქრი თანამედროვე მოვლენა ნამდვილად არაა.
რადგანაც კოსმოსური იარაღების შესახებ რაიმე საყოველთაო შეთანხმება არ არსებობს, პოტენციური მილიტარიზაციის საფრთხის გამო რამდენიმე სახელმწიფომ 2000-იანების დასაწყისში კოსმოსში იარაღების აკრძალვა მოითხოვა. ჩინეთმა და რუსეთმა კი შესაბამისი დოკუმენტიც შექმნეს. ამასთან, 1967 წელს გაეროს ღია კოსმოსის ხელშეკრულების თანახმად, ბირთვული იარაღების დედამიწის ორბიტაზე გატანა იკრძალება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებს კოსმოსში იარაღი მაინც მიჰქონდათ.
NASA-ს ასტრონავტები 1970-იანი წლებიდან მოყოლებული საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პატარა შვეიცარიულ დანებს ატარებდნენ. კოსმონავტები კი ცეცხლასროლი იარაღებითაც კი იყვნენ აღჭურვილები: წლების განმავლობაში ისინი ნამდვილ იარაღს სასწრაფო დახმარების ყუთში, საჭმელთან და წყლის ბოთლებთან ერთად ინახავდნენ.
თანაც, ეს უბრალო იარაღი კი არა, TP-82 იყო — საბჭოთა სანადირო დამბაჩა-მაჩეტე, რომელიც სპეციალურად Soyuz-ის მისიის ფარგლებში შეიქმნა. ამ იარაღს ერთის ნაცვლად სამი ლულა ჰქონდა: ერთი ვაზნებისთვის, მეორე საფანტისთვის და მესამე მანათობელი ვაზნებისთვის. მას ასევე მოჰყვებოდა დასაკეცი კონდახი, რომლის გახსნის მერეც იარაღი ნიჩბის ან მაჩეტეს ფუნქციებს ითავსებდა.
ფრენის დროს იარაღი მეტალის ყუთში ინახებოდა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ყუთი გაუხსნელი რჩებოდა. 1982-დან 2006 წლამდე ყველა რუსული კოსმოსური მისიის დროს კოსმონავტებს TP-82 თან დაჰქონდათ. იგი კოსმოსურ სადგურზე, Soyuz-ის სასწრაფო დახმარების ყუთშიც კი იყო მოთავსებული. ამავე პერიოდში, NASA-ს ასტრონავტები ამ იარაღის გამოყენებას შავი ზღვის საწრთვნელ ბაზაზე სწავლობდნენ.
2000-იანი წლების შუა პერიოდში კომოსმურ მისიებში დამბაჩა-მაჩეტე უფრო კომპაქტური Makarov-ით ჩანაცვლდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს კოსმონავტებმა იარაღის თან წაღებაზე უარი თქვეს. მართალია, ის სასწრაფო დახმარების ყუთის შემადგენლობაში ოფიციალურად ისევ შედის, მაგრამ ყოველ გაფრენამდე კოსმონავტები შეხვედრას აწყობენ და მის დატოვებას აძლევენ ხმას.
მაინც, როგორ და რატომ შეწყვიტეს რუსებმა კოსმოსში იარაღის წაღება?
ყველაფერი Soyuz-ის სასწრაფო დახმარების ჩანთით დაიწყო. ჩანთა მხოლოდ იარაღის შესანახად არ გამოიყენებოდა — იგი თბილი ტანსაცმლით, ბაგირით და კიდევ იმ აღჭურვილობით იყო სავსე, რომელიც იმ შემთხვევაში გამოდგებოდა, თუკი კაფსულა დასაჯდომ ადგილს ასცდებოდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კოსმონავტს საკუთარი თავის დაცვა დასჭირდებოდა.
დღეს იმის შანსი, რომ მსგავსი რამ თანამედეროვე კოსმოსურ მოგზაურებს დაემართოთ, ძალიან მცირეა. მაგრამ თავის დროზე მსგავსი თავდაცვის ქონის იდეას საფუძველი ალექსეი ლეონოვის ინციდენტმა დაუდო. ლეონოვი ერთ-ერთი პირველი კოსმონავტი და პირველი ადამიანი იყო, ვინც ღია კოსმოსში გავიდა. მან ორი დღე და ერთი ღამე ურალის მთებში, დათვებით დასახლებულ ტერიტორიაზე გაატარა, რადგანაც მისმა ხომალდმა დედამიწაზე დაბრუნებისას კომპიუტერული გაუმართაობის გამო კურსს გადაუხვია და 965 კილომეტრის დაშორებით დაეშვა.
რა მოხდება, თუკი ტყვიას კოსმოსში გავისვრით?
ბრაუნის უნივერსიტეტის ასტრონომის, პიტერ შულცის მიხედვით, იარაღის სროლისას პირველი, რაც კოსმოსში იცვლება, სასხლეტზე თითის გამოკვრისას წარმოქმნილი კვამლის ნაკვალევის ფორმაა. ლულადან წამოსული კვამლი მზარდი სფეროს ფორმის იქნება.
თუკი ტყვიას ღია კოსმოსში გავისვრით, იგი მოგზაურობას სამუდამოდ გააგრძელებს, რადგან სამყაროს გაფართოების სიჩქარე ტყვიის მოძრაობის სიჩქარეზე მეტია. თეორიეულად არსებობს იმის შანსიც, რომ საკუთარი თავი დაჭრათ.
კომენტარები