კვლევამ სმარტფონისგან გამოყოფილ სინათლესა და სპერმის ხარისხის გაუარესებას შორის კორელაცია გამოკვეთა
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობების — განსაკუთრებით კი სმარტფონების — გამოყენების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავდროულად კი კაცებში უნაყოფობის მაჩვენებელიც იმატებს.
ახალი კვლევის მიზანი იმის გაგება იყო, არსებობდა თუ არა კავშირი ამ მოწყობილობებისგან გამოყოფილ სინათლესა და სპერმის ხარისხის გაუარესებას შორის. მკვლევრებმა მათ მიერ დასმულ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღეს.
კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ საღამოობით ან დაძინებამდე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება სპერმის ხარიხსის კლებასთანაა დაკავშირებული. როგორც აღმოჩნდა, კაცებში, რომლებიც ღამე სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს მოიხმარენ, სპერმატოზოიდების რაოდენობა და მოძრაობის უნარი, რომელიც მას კვერცხუჯრედამდე გასავლელი გზის "გადაცურვაში" ეხმარება, შემცირებული იყო; ხოლო ისეთი უმოძრაო სპერმატოზოიდების რიცხვი, რომლებსაც გადაადგილება არ შეეძლოთ — მაღალი.
"ძილის წინ სმარტფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება სპერმატოზოიდების ხარისხის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც ამ ორ მოვლენას შორის კორელაცია დააფიქსირა", — განაცხადა კვლევის ავტორმა ამიტ გრინმა.
მკვლევრებმა სპერმის ნიმუშები 116 კაცისგან აიღეს, რომელთა ასაკი 21-59 წლებს შორის მერყეობდა. მონაწილეებმა კითხვარი შეავსეს, სადაც ისინი საკუთარ ძილის რეჟიმსა და ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირეს აღწერდნენ. კვლევის დასკვნები სწორედ ამ მოხსენებებს ეფუძნება, რის გამოც ამ ეტაპზე ორ მოცემულობას შორის მკაცრ კორელაციაზე გადაჭრით საუბარი ნაადრევია. ასევე დასადგენია ის მექანიზმიც, რომელიც ამ კავშირის ახსნას შეძლებს.
კვლევამ ასევე კავშირი დიდხანს ძილსა და სპერმატოზოიდების რაოდენობას შორისაც გამოავლინა.
კვლევა Oxford academic-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები