ასტრონომები ურანსა და ნეპტუნზე "უცხოპლანეტურ" წყალს აკვირდებიან
მკვლევრებმა ურანისა და ნეპტუნის ყინულოვან ინტერიერში არსებული წყლის უცნაური, უცხოპლანეტური ფორმის შესწავლა გადაწყვიტეს.
ახალ კვლევაში ასტრონომებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს და მისი ყინულის გიგანტებზე მორგება გადაწყვიტეს. ამის მეშვეობით მათ ამ ორი პლანეტის შიგნით არსებული უჩვეულო წყლის თერმული და ელექტრო გამტარობა შეისწავლეს. ამ ფიზიკური პროცესების ატომურ მასშტაბებზე სიმულირებით მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ყინულოვანი სხეულების შინაგანი სტრუქტურის და მაგნიტური ველების, მათი ჩამოყალიბებისა და ასაკის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ.
ურანისა და ნეპტუნის ამ მოდელით შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თავდაპირველად პლანეტები წყლის ზოგიერთი ფორმისგან შედგებოდნენ და ახლა ურანს, შესაძლოა, გაყინული ბირთვიც კი ჰქონდეს.
"ჟანგბადი და წყალბადი, ჰელიუმთან ერთად, სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტებია. მარტივია დავასკვნათ, რომ წყალი ძალიან ბევრი ციური სხეულისთვის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია", — განაცხადეს მკვლევრებმა.
გუნდმა წყლის ისეთი სამი განსხვავებული თერმოდინამიკური ფაზა შეისწავლა, რომელიც შესაძლოა, რომ ამ პლანეტებზე არსებობდეს: ყინულოვანი, თხევადი და სუპერიონური (წყლის ეს ფორმა მხოლოდ ძალიან მაღალი ტემპერატურისა და წნევის შემთხვევაში არსებობს). მათი თქმით, ამ პლანეტებზე წყალი დედამიწაზე არსებულისგან ძალიან განსხვავდება.
"როდესაც საქმე მსგავს ეგზოტიკურ ფიზიკურ პირობებთან გვაქვს, ისეთი ყინულის წარმოდგენა, როგორსაც შეჩვეულები ვართ, არაა მართებული", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აღვნიშნეთ, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ურანს გაყინული ბირთვი აქვს. ეს ნამდვილად ახსნიდა იმას, თუ რატომ არ არის პლანეტა მანათობელი. გაყინული ბირთვი ნიშნავს, რომ პლანეტის ზედაპირისკენ სითბოს ძალიან მცირე ნაწილი მიემართება.
მათ ასევე დაადგინეს, რომ ურანსა და ნეპტუნზე არსებული სუპერიონური წყალი უფრო მეტად ელექტროგამტარია, ვიდრე დედამიწაზე. ამიტომ, ისინი ფიქრობენ, რომ გიგანტური პლანეტების სქელი ფენების დიდი ნაწილი სწორედ მას უკავია.
"თერმული და ელექტრული გამტარობა პლანეტის ისტორიაზე მიგვითითებს — როდის და როგორ ჩამოყალიბდა იგი და როგორ გაგრილდა. მათი შესაბამისი მეთოდებით შესწავლა კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კვლევაც სწორედ მსგავსი ეფექტიანი მეთოდის გამოყენებით წარიმართა", — აცხადებენ მკვლევრები.
კვლევა 17 ივლისს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები