ზვიგენები, შესაძლოა, სხვა ზვიგენებთან მეგობრობდნენ
ახალი კვლევის მიხედვით, ზვიგენები, შესაძლოა, დიდ სოციალურ ჯგუფებს ქმნიდნენ, რომლებიც შემდეგ პატარა ჯგუფებად იყოფიან, რათა საკვები მოიპოვონ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ზოგი მათგანი კი ერთმანეთთან ისეთ მჭიდრო კავშირებს შეიძლება ამყარებდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ნარჩუნდება.
მსგავსი ურთიერთობების შესწავლა მკვლევრებს დაეხმარება, ცხოველების სამყაროში არსებული სოციალური ურთიერთობები უკეთ გაიაზრონ.
რუხი რიფის ზვიგენები საცხოვრებელ სივრცეებს ქმნიან. შესაძლოა, რომ საკვების მოსაპოვებლად ისინი ამ ტერიტორიიდან ძალიან შორსაც კი წავიდნენ, მაგრამ ისინი სახლში აუცილებლად ბრუნდებიან.
სახლის ქონა სხვა ცხოველებისთვის აშკარა სარგებლის მომტანია: მათ იქ შეუძლიათ დაისვენონ, საკუთარ შვილებს მოუარონ და სოციალური ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. რუხი რიფის ზვიგენები კი ასე სულაც არ იქცევიან: ისინი ერთ ადგილას არ ჩერდებიან, თავშესაფრებს არ იყენებენ და არ ზრუნავენ თავიანთ პატარებზე. სწორედ ამიტომ მიიჩნეოდა, რომ ისინი არც სოციალურ ურთიერთობებს აყალიბებდნენ.
ამ ფაქტის გამო მეცნიერები ვერ იგებდნენ, თუ რაში სჭირდებოდათ ზვიგენებს სახლში დაბრუნება. ამიტომ მათ ამ ქცევაზე დაკვირვება და მისი შესწავლა გადაწყვიტეს. მკვლევრებმა 41 რუხი რიფის ზვიგენი შეისწავლეს და მათ გადაადგილებას 2011-2014 წლებში აკვირდებოდნენ.
შემდეგ მათ მონაცემების გაანალიზება დაიწყეს. მეცნიერებმა სხვადასხვა მონაცემი შეკრიბეს: მაგალითად, განსაზღვრეს, რამდენ დროს ატარებდნენ ისინი სახლში, რომელ ზვიგენებთან ერთად გადიოდნენ ტერიტორიიდან და რა მარშრუტით მოძრაობდნენ. ალგორითმის მეშვეობით მკვლევრებმა 5 ჯგუფი გამოყვეს. ისინი ასევე თითოეული ჯგუფის ზომასაც და ამ ჯგუფების გადაკვეთის ტერიტორიებსაც აკვირდებოდნენ.
დაკვირვებების მიხედვით, ზვიგენების ჯგუფები შემდეგნაირად იქცეოდნენ: ისინი საკვების მოპოვებაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ — პატარა ჯგუფებად იყოფოდნენ და ღამე სანადიროდ მიდიოდნენ, შემდეგ კი, დღისით, დასასვენებლად ბრუნდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ზვიგენების ზოგიერთ წყვილს მთლიანი 4-წლიანი დაკვირვების განმავლობაში ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მართალია, დაკვირვება დასრულდა, მაგრამ მეცნიერებს სჯერათ, რომ მსგავსი ურთიერთობი უფრო დიდხანსაც გრძელდება.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ ზვიგენები რომლებიც სხვა ზვიგენებთან არ ურთიერთობენ, საკვების მოპოვებაში ნაკლებად წარმატებულები არიან. შესაბამისად, როდესაც ისინი ინფორმაციას აზიარებენ, საკვების პოვნის უფრო მეტი შანსი აქვთ. თუმცა არსებობს ლიმიტიც — როდესაც ჯგუფი ძალიან იზრდება და საკვების მოპოვებისთვის უფრო დიდი კონკურენციაა, ეს ფაქტორი ინფორმაციის გაზიარების უპირატესობებს გადაწონის.
სოციალური ურთიერთობების ფორმები სხვა ცხოველებში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, თუმცა მკვლევრების მიგნებების მიხედვით, შესაძლოა, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას დამატებითი, ფარული მიზეზებიც ჰქონდეს.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები