მარსის არხები, შესაძლოა, მდინარეთა ნაკვალევი სულაც არ იყოს
არსებობს ეჭვი, რომ ოდესღაც მარსზე წყალი და, შესაბამისად, სიცოცხლე არსებობდა. თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, წითელი პლანეტის ღრმულები არა წყლით, არამედ ყინულებით იყო ამოვსებული.
ახლახან მარსზე ახალი როვერი გაეშვა, რომელმაც პლანეტაზე უძველესი სიცოცხლის ნიშნები უნდა იპოვოს. მაგრამ აღნიშნულ კვლევას თუ დავუჯერებთ, პოპულარული თეორია, რომლის მიხედვითაც, პლანეტას ოდესღაც თბილი კლიმატი და თხევადი წყალი ჰქონდა, შესაძლოა, მცდარი იყოს.
ამერიკელმა და კანადელმა მკვლევრებმა მარსის 10 ათასი არხი გააანალიზეს და დედამიწაზე არსებულ იმ არხებს შეადარეს, რომლებიც მყინვარების ქვეშ არის ამოკვეთილი.
"ბოლო 40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მარსზე არხები აღმოაჩინეს, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ოდესღაც მარსზე მდინარეები მოედინებოდა", — აღნიშნა კვლევის ავტორმა ანა გრაუმ.
მკვლევრებმა მარსის არხებსა და დევონის კუნძულის მყინვარების ქვეშ არსებულ არხებს შორის მსგავსება იპოვეს. ამ მიგნებაზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მარსის არხები დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ ყინულების ქვეშ გამდნარი წყლის მეშვეობით წარმოიქმნა.
"მიგნებები გვთავაზობს, რომ მარსზე არსებული არხების მხოლოდ მცირე რაოდენობა წააგავს ზედაპირული წყლის მიერ შექმნილ ეროზიებს, ეს კი მარსის შესახებ დღეისთვის გავრცელებულ მოსაზრებას მკვეთრად უპირისპირდება", — განაცხადა თანაავტორმა მარკ ჯელინეკმა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მარსის ისტორიის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში არსებული კლიმატის გაანალიზება მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ, ვარგოდა თუ არა ოდესმე ის საცხოვრებლად. გუნდი ასევე ამბობს, რომ გამყინავი ტემპერატურა, შესაძლოა, უძველესი სიცოცხლისთვის უკეთესიც კი ყოფილიყო.
"ყინულის ფენები მის ქვეშ არსებულ წყალს უფრო მეტად დაიცავდა მზის გამოსხივებისგან მაგნიტური ველის არაარსებობის პირობებში. მართალია, მარსს ეს ველი ერთ დროს ჰქონდა, მაგრამ ის მილიარდობით წლის წინ გაქრა", — ნათქვამია კვლევაში.
როგორც აღვნიშნეთ, კვლევა მარსზე როვერ Perseverance-ის გაშვებას მოჰყვა, რომელიც უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების მოძებნას შეეცდება. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, როვერი მარსზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვება და ნიმუშებს შეაგროვებს.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები