აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ TikTok შტატებში 15 სექტემბერს აიკრძალება, თუ ჩინური კომპანია ByteDance მას არ გაყიდის და ამერიკის ფინანსთა სამინისტროს "ბევრი ფულით" არ მოამარაგებს. შეგახსენებთ, 1 აგვისტოს მან განაცხადა, რომ აპლიკაციის აკრძალვის განკარგულებას იმავე დღეს მოაწერდა ხელს. ამას მოჰყვა ცნობები იმის შესახებ, რომ Microsoft-მა კომპანიის შესყიდვის სურვილი გამოთქვა და ByteDance-თან მოსალაპარაკებლად აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტისგან (CFIUS) 45-დღიანი ვადა მიიღო.

3 აგვისტოს პრესასთან საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ სურს, მაიკროსოფტმა — "დიდმა", "სანდო" და "ძალიან ამერიკულმა" კომპანიამ, ტიკტოკი შეიძინოს. მისი თქმით, მაიკროსოფტმა ByteDance-ისგან მთლიანი კომპანია უნდა შეისყიდოს და არა — მისი ოპერაციები აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რადგან "30 პროცენტის ყიდვა სირთულეებთანაა დაკავშირებული".

პრეზიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის გარიგების შედეგად ქვეყნის ხაზინას თანხის "ძალიან მნიშვნელოვანი წილი" უნდა გადაეგზავნოს. მას არ განუმარტავს, რას ნიშნავს ეს განცხადება, სანაცვლოდ კი ამერიკის მთავრობის კომპანიებთან ურთიერთობა მიწის მფლობელისა და მოიჯარის ურთიერთობას შეადარა. "ამ ეტაპაზე მათ [კომპანიებს] არანაირი უფლებები არ აქვთ, სანამ ჩვენ არ მივცემთ ამ უფლებებს. ასე რომ, თუ ჩვენ მათ უფლებებს მივცემთ, მაშინ ის ჩვენს ქვეყანაში უნდა შემოვიდეს. ეს რაღაცით მიწის მფლობელისა და მოიჯარის ურთიერთობას ჰგავს. საიჯარო ხელშეკრულების გარეშე დამქირავებელს არაფერი გააჩნია", — განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ტიკტოკი "15 სექტემბერს აიკრძალება, თუ მაიკროსოფტი ან ვინმე სხვა მის შეძენასა და ისეთი შესაფერისი გარიგების დადებას ვერ შეძლებს, რომლის შედეგადაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, ასე ვთქვათ, ბევრ ფულს მიიღებს". მაიკროსოფტის მიერ ტიკტოკის შეძენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშიც ასევე საუბარია "შეერთებული შტატებისთვის — მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსთვის — სათანადო ეკონომიკური სარგებლის" მიცემაზე.

ტრამპის ადმინისტრაცია ტიკტოკის აკრძალვაზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საუბრობს და მიზეზებად ეროვნულ უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას და ჩინეთის იმის გამო დასჯის სურვილსაც ასახელებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის აფეთქებას სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.

თუ ByteDance ტიკტოკს არ გაყიდის, აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტს უფლება აქვს, სანქციები დაუწესოს მას, თუმცა ტრამპის მიერ "აკრძალვაზე" აპელირება გაცილებით კომპლექსური ნაბიჯების გადადგმას მოიაზრებს: დღემდე არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ აშშ-ის მთავრობას ამერიკელებისთვის ისეთ აპლიკაციაზე წვდომა აეკრძალა, რომელსაც აკრძალვის მიზეზთან პირდაპირ დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევისთვის ბრალი არ აქვს წაყენებული.