როგორ გადაიქცევა შიში შფოთვად
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა, რომელსაც პროფესორი ელეინ ბერერი ხელმძღვანელობდა, პირველად შიშიდან შფოთვამდე არსებული გზის ნერვული კორელაციების იდენტიფიცირება შეძლო.
"აქამდე ფსიქიატრებმა არ იცოდნენ, თუ რა ხდება ადამიანის ტვინში შემაშინებელი გამოცდილების მიღების შემდეგ. ასევე უცნობი იყო, თუ რატომ ვერ ახერხებს ზოგი მარტივად გამოჯანმრთელებას და ხანდახან სიცოცხლის ბოლომდეც კი შფოთვით იტანჯება", — განაცხადა ბერერმა.
შიშს ხშირად ადამიანები PTSD-მდე მიჰყავს. კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, თუ როგორ რეაგირებს ტვინი შიშზე და რატომ იწვევს ის ადამიანებში შფოთვას.
ამისთვის გუნდმა მღრღნელებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. მკვლევრებმა თაგვები სპეციალური სუნით შეაშინეს, რომელიც მათთვის მტაცებლებთან ასოცირდება. გუნდმა ეს ხრიკი გამოიყენა, რათა ტვინის რეაქციას დაკვირვებოდა და აღმოეჩინა, თუ როგორ გარდაიქმნება იგი შფოთვად.
მეცნიერებმა მღრღნელების ტვინის აქტივობასა და ქცევას შორის კავშირი არასაშიში და საშიში სუნის შეგრძნებამდე, შეგრძნებისას და შეგრძნების მერე მათ ქცევაზე დაკვირვებითა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგთა ანალიზით დაადგინეს.
გუნდმა შფოთვის მიმართ მგრძნობელობის გამოწვევა სეროტონინის გადამტანის (SERT) მანიპულირებით შეძლეს, რომელიც ისეთი ფსიქოაქტიური მედიკამენტების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს, როგორიც კოკაინი და ანტიდეპრესანტებია. SERT-ის გენის წაშლა შფოთვის მიმართ მოწყვლადობას იწვევს და შესაბამისად, ამ პროცესის შესწავლისთვის უნიკალურ მოდელს წარმოადგენს.
შემდეგ მკვლევრებმა ნორმალური და SERT გენის არმქონე მღრღნელების ქცევა და ტვინის აქტივობა შეადარეს, რათა შფოთვის ნერვული კორელაციების იდენტიფიცირება მოეხდინათ და აღმოჩნდა, რომ ეს რეგიონები SERT გენის არმქონე მშფოთვარე თაგვებში აქტიური იყო.
იმისთვის, რომ აქტიური ნეირონები აღენიშნათ, გუნდმა მანგანუმი გამოიყენა, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსულ ფოტოებში აქტიურ ნეიორნებს ანათებდა. ამის წყალობით მკვლევრებმა საშიშ სუნამდე, უშალოდ ყნოსვის მომენტში და მას შემდეგ ტვინის აქტივობის რუკები შექმნეს.
მათ მთელი ტვინის გარშემო ნერვული აქტივობის სხვაობა 45 ქვერეგიონში შენიშნეს. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ საშიში სუნის გამო გააქტიურდა, ზოგიერთი კი მოგვიანებით. ამასთან, ამ რეგიონის ზოგი ფუნქცია, მათ შორის ნუშისებრი სხეულისა და ჰიპოთალამუსის, ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არაა.
შფოთვის დროს რეგიონებს შორის კოორდინირება შეცვლილი იყო, რაც, შესაძლოა, შფოთვის ხელწერას წარმოადგენდეს.
"ჩვენ ახლა ვიცით, რომ შფოთვის დროს ტვინის აქტივობა იგივე არაა, რაც ძლიერი შიშის დროს წარმოქმნილი აქტივობა. შფოთვის დროს ნერვული აქტივობა ბევრ რეგიონში გაზრდილია, ამ რეგიონებს შორის ნორმალური კოორდინირება კი დარღვეული", — აცხადებს ბერერი.
კომენტარები