NASA-ს მარსის როვერი წითელ პლანეტაზე ახალ, საზაფხულო ექსკურსიას იწყებს
NASA-ს როვერი Curiosoty მარსის შარპის მთაზე ახალ თავგადასავალს იწყებს. მოგზაურობა, რომელსაც კოსმოსურმა სააგენტომ როვერის საზაფხულო ექსკურსია უწოდა, ოფიციალურად დადასტურდა და მის ფარგლებში Curiosity მარსის უნაყოფო მიწაზე კიდევ ერთნახევარ კილომეტრს გაივლის, რათა ახალ მისიას შეუდგეს.
როვერი უჩვეულო, დაახლოებით 5 კილომეტრის სიმაღლის მთას 2014 წლიდან იკვლევდა, რათა უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნები ეპოვა. მთა 154 ათასი კილომეტრის სიგანის გეილის კრატერში მდებარეობს. მიიჩნევა, რომ ეს უკანასკნელი უძველესი დამშრალი ტბაა.
შარპის მთას ოფიციალურად Aeolis Mons ჰქვია და იგი ნალექების მრავალი ფენისგანაა შექმნილი. მან, შესაძლოა, წითელი პლანეტის ჩამოყალიბებასა და ისტორიაზე მნიშნელოვანი ცნობები მოგვაწოდოს.
Curiosity-ის ახალი მისია სულფატებს უკავშირდება — მისი ახალი საკვლევი სივრცე სწორედ სულფატებითაა მდიდარი. მაგრამ დანიშნულების ადგილას მოსახვედრად მან ქვშიანი გზა უნდა გაიაროს, რათა გაჭედვის რისკი თავიდან აიცილოს.
"როვერს აბსოლუტურად დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, თუმცა მას მარტივი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს, რათა გზაზე არსებულ დიდ ქვებსა და სარისკო რეგიონებს თავი აარიდოს. როდესაც მას სრული ინფორმაცია არ გააჩნია და არ იცის, რა გააკეთოს, იგი უბრალოდ ჩერდება", — განაცხადა NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის, JPL-ის როვერის მთავარმა მძღოლმა, მეთ გილდნერმა.
რამდენიმე კვირაში კი, თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, NASA მარსზე ახალ როვერს, Perseverance-ს გაუშვებს, რომელიც ასევე უძველესი მიკრობული სიცოცხლის ძებნას შეუდგება.
კომენტარები