10 ქართული წიგნი, რომლის მოსმენაც საკუთარ ტელეფონში შეგიძლიათ
წარმოიდგინეთ სიტუაცია: გაჩერებაზე დგახართ, ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს ელოდებით და სკამზე ხედავთ ლამაზად შეფუთულ საჩუქარს. ფორმაზე და წონაზე ეტყობა, რომ შიგნით წიგნი უნდა იდოს, მაგრამ რომელი - არ იცით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს შემთხვევა ყოველთვე მეორდება, ყოველთვე - სხვადასხვა წიგნით. მსგავსმა სიურპრიზმა შეიძლება მთელი დღე შეცვალოს.
თუ მოვლენების ასეთმა განვითარებამ მოგხიბლათ, გვინდა გითხრათ, რომ საჩუქარი უკვე გელოდებათ თბილისის მასშტაბით 70 გაჩერებაზე. მის მისაღებად "შეფუთვის გახსნაა" საჭირო. უფრო კონკრეტულად კი, გაჩერების ბანერზე დაბეჭდილ QR კოდს სურათი უნდა გადაუღოთ და აპლიკაცია Saba Reader-ის მეშვეობით ელექტრონული წიგნის უფასოდ ჩამოტვირთვას შეძლებთ. ნოემბრის წიგნი გალაკტიონ ტაბიძის რჩეული პოეზია გახდა პოეტის დაბადების დღესთან დაკავშირებით. დეკემბერში კი ამავე QR კოდზე სხვა სასაჩუქრე წიგნი განთავსდება.
თბილისის გაჩერებებზე წიგნის QR კოდის განთავსება ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ინიციატივაა. წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ, უნიკალური ქართული ხმოვანი წიგნებით ისიამოვნონ. აქ თავს მოიყრის როგორც ქართული, ისე უცხოური/ნათარგმნი, პროფესიონალურად ჩაწერილი ლიტერატურა.
ხმოვანი წიგნები
საქართველოსთვის ხმოვანი წიგნები ჯერაც სიახლეა, თუმცა პირველად ლიტერატურა ამ ფორმით 1932 წელს გამოჩნდა აშშ-ში. შეერთებული შტატების უსინათლოთა ასოციაციამ $10 000 დოლარი მიიღო სახელმწიფოსგან პროექტისთვის, რომელიც ნაბეჭდი წიგნის ჩანაცვლებას ითვალისწინებდა უსინათლო ადამიანებისთვის. ასე შეიქმნა ცნობილი მსახიობების მიერ ჩაწერილი "მოლაპარაკე წიგნები", მაგრამ მკითხველთა საზოგადოებას ხმოვანი წიგნები იმ დროისთვის არ ადარდებდა არაპრაქტიკულობის გამო (ვინილზე წიგნის მოსმენას საჭიროების გარეშე არავინ დაიწყებდა, როცა არსებობდა ნაბეჭდი ალტერნატივა). ითვლებოდა, რომ ეს პროდუქტი მხოლოდ მხედველობასმოკლებული პირებისთვის იყო განკუთვნილი. 1980-იან წლებში ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფი გავრცელების პარალელურად წიგნის მაღაზიები ამ ფორმატით აქტიურად დაინტერესდნენ.
აუდიოლიტერატურის მოყვარულები ამბობენ, რომ არსებობს სიტუაციები, როცა ხმოვანი წიგნი შეუცვლელია. მთავარი უპირატესობებია: მულტიტასკინგი - ხელები თავისუფალია, შეგიძლიათ ივარჯიშოთ ან სახლი დაალაგოთ წიგნის მოსმენის პარალელურად; შესწავლა - ნაწარმოების მოსმენით უცხო ენას არამხოლოდ სიტყვების ცოდნის, არამედ წარმოთქმის დონეზეც დაეუფლებით და გართობა - ხმოვანი წიგნები ოჯახური გართობის ერთ-ერთი ფორმაა, მანქანით ხანგრძლივი მგზავრობის პარალელურად.
თუ თქვენც გიყვართ, როცა წიგნს გიკითხავენ, მაშინ გთავაზობთ საბას ელექტრონულ კატალოგში განთავსებულ 10 საუკეთესო ხმოვან წიგნს:
1. სამი მეგობარი — ერიხ მარია რემარკი
ეს არის გულისშემძვრელი ისტორია თაობაზე, რომელიც ომმა ნაადრევად დააბერა. სკოლის მეგობრები, რობერტი, გოტფრიდი და ოტო ავტოსახელოსნოში ერთად მუშაობენ და მიუხედავად ომში გადატანილი ტრავმებისა, იმედს არ კარგავენ.
თქვენ არაერთხელ გახდებით მათი ტკივილისა და სიხარულის მოზიარე. თუკი შეიძლება სიყვარული და მეგობრობა ისწავლებოდეს, ეს წიგნი სახელმძღვანელოდ გამოდგებოდა.
2. წრე — რატი ამაღლობელი
რატი ამაღლობელი ქართველ თანამედროვე პოეტთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, ვის ლექსებსაც მარტივად გამოარჩევთ რიტმულობითა და მოულოდნელი რითმებით. კრებულში შესულია რატი ამაღლობლის მიერ 2003-2005 წლებში დაწერილი ლექსები.
3. Maid in Tiflis — აკა მორჩილაძე
აკა მორჩილაძის "Maid in Tiflis" თბილისური თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. წიგნში ერთმანეთს ლოგიკურად ებმის სხვადასხვა დროის სასიყვარულო ამბები, თუმცა ყურადღების ცენტრში მაინც ორი თბილისელი ბიჭის მეგობრობის ისტორიაა. ქართველი მკითხველის საყვარელი მწერალი ამჯერადაც ახერხებს ძალიან საინტერესო ლიტeრატურული სამყაროს ნაწილად გვაგრძნობინოს თავი.
4. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა — გაბრიელ გარსია მარკესი
სიკვდილი შეიძლება სულაც არ იყოს მოულოდნელი. ვერავინ შეუშალა ხელი მკვლელობას, რომელიც წინასწარ გამოცხადებული იყო. სწორედ ამ თემაზეა ჟურნალისტიკისა და დეტექტივის დიდებული ნაზავი, რომელიც ერთი წამითაც არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას.
5. ბოლო ზარი — ლაშა ბუღაძე
წიგნი თბილისელი უფროსკლასელების ცხოვრებაზეა და რამდენადაც სასაცილოა, იმდენადვე მტკივნეულია. ცოცხალი პერსონაჟებისა და საოცრად რეალისტური გარემოს დამსახურებით, კითხვის დროს მოგეჩვენებათ, რომ ეს ამბავი აქვე, თქვენ გვერდით მოხდა.
6. სამოსელი პირველი — გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "სამოსელი პირველი" თავგადასავლების ძიების დაუოკებელ სურვილზეა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და საკუთარი თავის საპოვნელად მიემგზავრება. გზად ის სწავლობს, რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე და ბოროტება. მკითხველიც მასთან ერთად იზრდება და იცვლება. სწორედ ამიტომ უწოდებენ "სამოსელ პირველს" ცხოვრების წიგნს.
7. ხმაური და მძვინვარება — უილიამ ფოლკნერი
ხმაური და მძვინვარება ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, უილიამ ფოლკნერის რიგით მეოთხე რომანია. მოვლენები ერთი ოჯახის, კომპსონების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ფინანსური კრიზისის ფონზე ნელ-ნელა კარგავენ ერთმანეთს და რეპუტაციის შესანარჩუნებლად იბრძვიან. მოდერნისტული თხრობის სტილის ე.წ. ცნობიერების ნაკადის და ფოლკნერის დაუჯერებელი ოსტატობის გამო, წიგნი დღემდე რჩება ამერიკული ლიტერატურის გამორჩეულ ნიმუშად.
8. კრებული — ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. რჩეულ ლექსებს ამ ხმოვან წიგნში თავად ავტორი კითხულობს
9. საბავშვო მოთხრობები — რევაზ ინანიშვილი
ვის შეუძლია თუნდაც ჩვეულებრივი, მარტივი ამბავი ისე მოგვითხროს, რომ მკითხველის გულისგულში ჩააღწიოს? გააღვიძოს ქართული ენის სრულიად წარმოუდგენელი შესაძლებლობები და დაგაჯეროთ, რომ ადამიანად ყოფნა თავისთავად დიდი ბედნიერებაა - რევაზ ინანიშვილის შესანიშნავი ქართული პროზა კიდევ ერთხელ გაგრძნობინებთ თავს პატარა ბავშვად.
10. კონკიას ღამე — კოტე ჯანდიერი
კოტე ჯანდიერი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, ბევრს რომ ფიქრობენ, სანამ რამეს დაწერენ და კიდევ უფრო მეტს - ვიდრე გამოსცემენ. "კონკიას ღამე" მწერლის საუკეთესო მოთხრობებს აერთიანებს. კრებული ძალზე მრავალფეროვანია, ჟანრულადაც და ფორმის თვალსაზრისითაც. ერთ-ერთი მოთხრობა, "გლობალიზაცია" კი პოპულარულობის გამო მრავალი წლის განმავლობაში გადადიოდა ხელიდან ხელში, სანამ ამ წიგნში დაიდებდა ბინას.
საბას მთელი კატალოგი ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ. თუ უკვე არ ხართ ხმოვანი ლიტერატურის მოყვარული, ვინ იცის, შეიძლება სწორედ დღეიდან დაიწყოს თქვენი და ხმოვანი წიგნების მეგობრობის ისტორია.
კომენტარები