ProductHunt: AI, რომელიც ფოტოსთვის შესაფერის ციტატას შეგირჩევთ — Perfect Quote
სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებლებს ხშირად უწევთ საკუთარი ორიგინალური სურათისთვის გარკვეული ციტატის ან გამონათქვამის შერჩევა, სურათის რედაქტირება და ამგვარად მისთვის საბოლოო სახის მიცემა. პროცესი საკმაოდ დამღლელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის კეთება ხშირად გიწევთ.
ზუსტად ამისთვის შეიქმნა აპლიკაცია Perfect Quote, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის გამოყენებით, სურათისთვის შესაფერისი ციტატის პოვნაშიც გეხმარებათ და მისთვის სასურველი ვიზუალური გაფორმების შერჩევის საშუალებასაც გაძლევთ.
აპლიკაცია სურათებზე ობიექტების ამოცნობისთვის გუგლის MLKit-ს იყენებს და ამის შემდეგ არჩევს შესაფერის ციტატას. მომხმარებელს საშუალება აქვს, სურათი და შერჩეული ციტატა სასურველი შრიფტით, ფერებითა და სხვადასხვა ვიზუალური ეფექტით გააფორმოს.
აპლიკაცია გამოსაყენებლად ძალიან მარტივი და გასაგებია. Perfect Quote-ის უფასო ვერსია დღეში ერთი მსგავსი პოსტერის შექმნის საშუალებას გაძლევთ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ჯერჯერობით ექსპერიმენტალურია და ყოველი განახლებისას უმჯობესდება.
მომავალში აპლიკაციის დეველოპერი, სტივ სოლი მასში სხვადასხვა ენის მხარდაჭერის, ახალი ვიზუალური ეფექტების, შრიფტებისა და ფერთა პალიტრის დამატებას გეგმავს. ამასთან ერთად, აპლიკაციაში მალე ციტატების შერჩევის სიზუსტის გაუმჯობესებასაც უნდა ველოდოთ.
Perfect Quote ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS ოპერაციულ სისტემებზე.
კომენტარები