ფეისბუქმა ტრამპის პოსტები ორგანიზებული სიძულვილის ამკრძალავი წესის დარღვევისთვის წაშალა
ფეისბუქმა ხუთშაბათს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სარეკლამო პოსტები სიძულვილის წახალისების მიზეზით წაშალა. აღნიშნულ პოსტებში გამოყენებული იყო სიმბოლიკა, რომელსაც ნაცისტური გერმანიის რეჟიმის შიგნით საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი პოლიტიკური პატიმრები ატარებდნენ. წაშლილ პოსტებში ტრამპი ამომრჩევლებს ანტიფას მოძრაობის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
"ჩვენ აღნიშნული პოსტები და რეკლამები ორგანიზებული სიძულვილის ამკრძალავი წესის დარღვევის გამო წავშალეთ. ჩვენი პოლიტიკა უპირისპირდება იმ სიმბოლიკის გამოყენებას, რომელიც სიძულვილის მქადაგებელი აკრძალული ჯგუფის მიერ პოლიტიკური პატიმრების იდენტიფიცირებისთვის იყო განკუთვნილი — თუ ის იმ კონტექსტით არაა გამოყენებული, როცა თავად ეს სიმბოლოა განხილვის თუ კრიტიკის ობიექტი", — განაცხადა ფეისბუქის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა CNN-თან საუბარში.
ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების შესახებ არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით, შეურაცხმყოფელი სიმბოლოს გამოყენების შემთხვევა პირველად ტრამპის ოფიციალურ გვერდზე ოთხშაბათს დაფიქსირდა, მოგვიანებით კი ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გვერდზეც გამოჩნდა. სოციალური ქსელის მონაცემებით, მხოლოდ ტრამპის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფასიანი რეკლამა ფეისბუქის მომხმარებელთა ფიდზე თითქმის მილიონჯერ გამოჩნდა.
ტრამპის შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ტიმ მურტოს განცხადებით, წითელი სამკუთხედის სიმბოლოს აქტიურად იყენებდა ანტიფას მოძრაობა.
"უცნაურია, რომ ფეისბუქს ჯერ კიდევ აქვს ამოტრიალებული წითელი სამკუთხედი ემოჯის მხარდაჭერა, როცა ამავე სიმბოლოს გამო სოციალური ქსელი ჩვენს რეკლამას შლის", — აცხადებს მურტო.
კომენტარები