Solar Orbiter-მა მზის უახლოესი ფოტოები გადაიღო, რომლებსაც მალე ვიხილავთ
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი, Solar Orbiter მზეს პირველად მიუახლოვდა — ის ვარსკვლავის ზედაპირთან 77 მილიონი კილომეტრის დაშორებით მიფრინდა, რაც დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის დაახლოებით ნახევარია.
სწორედ ამ დროს Solar Orbiter-მა მზის უახლოესი ფოტოს გადაღება მოახერხა, რომელიც ESA-ს განცხადების მიხედვით, ივლისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
"ამაზე ახლო მანძილიდან მზისთვის ფოტო არასდროს გადაგვიღია", — განაცხადა ESA-ს Solar Orbiter-ის პროექტის მკვლევარმა, დანიელ მულერმა, — "პირველად ისტორიაში, ჩვენ შეგვეძლება ყველა ჩვენი ტელესკოპის ფოტო ერთად ავიღოთ და ახალ გამოსახულებებთან შედარების გზით ვნახოთ, თუ რა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ მათ მზის სხვადასხვა ნაწილზე — მის ზედაპირზე, გარე ატმოსფეროზე, მის გვირგვინზე და მის გარშემო არსებულ ჰელიოსფეროზე".
Solar Orbiter 2020 წლის თებერვალში გაეშვა და იგი ჯამში ათი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი: ექვსი ტელსკოპით და ოთხი ხელსაწყოთი, რომელიც ხომალდის გარშემო მდებარე ობიექტების შესასწავლადაა შექმნილი.
მკვლევართა მიხედვით, ამ მონაცემების წყალობით, შესაძლოა, მზიური ქარის შესახებ უფრო მეტი რამ გახდეს ცნობილი.
"ჩვენ ახალ და ამაღელვებელ შედეგებს ველოდებით", — განაცხადა ESA-ს Solar Orbiter-ის პროექტის მეცნიერმა, იენის ზუგანელისმა.
მოგვიანებით Solar Orbiter მზესთან უფრო ახლოს, ზედაპირიდან 42 მილიონი კილომეტრის დაშორებით მივა — იმაზე ახლოს, ვიდრე მერკური მდებარეობს.
თუმცა რეკორდი კვლავ NASA-ს Parker Solar Probe-ს ეკუთვნის. იგი 2018 წლის ნოემბერში ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს, ვარსკვლავის ზედაპირიდან 24 მილიონი კილომეტრის მანძილზე მივიდა.
Solar Orbiter-ის მიერ გადაღებულ ფოტოს დედამიწამდე სამოგზაუროდ ერთი კვირა დასჭირდება. შემდეგ მისი დამუშავება მოხდება, საბოლოოდ კი ივლისის შუა პერიოდში გამოქვეყნდება.
კომენტარები