New Horizons ისე შორს გაფრინდა, რომ ვარსკვლავებს განსხვავებულ პოზიციებში ხედავს
NASA-ს ხომალდი New Horizons ჩვენი პლანეტიდან უკვე ისე შორს იმყოფება, რომ კოსმოსის მისეული ხედი დედამიწიდან დანახულისგან შესამჩნევად განსხვავებულია.
New Horizons-მა 2015 წელს პლუტონს ჩაუფრინა და გასულ წელს უფრო შორეულ ობიექტამდე, აროკოთამდეც კი მიაღწია. ახლახან მან ახლომდებარე ვარსკვლავების, პროქსიმა კენტავრისა და Wolf 359-ის ფოტოები შემოგვთავაზა. გამოსახულებაზე ამ ორი ვარსკვლავის მდებარეობა დედამიწიდან დანახულ განლაგებაზე საკმაოდ განსხვავებულია.
"სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ხომალდი 'უცხოპლანეტურ ცას' უყურებს — იმისგან ბევრად განსხვავებულს, ვიდრე ჩვენ აქ, დედამიწაზე ვხედავთ. ეს კი გვაძლევს საშუალებას, ისეთი რამ მოვიმოქმედოთ, რაც არასდროს შეუსრულებიათ — დავინახოთ უახლოესი ვარსკვლავები განსხვავებულ პოზიციებში", — განაცხადა მკვლევარმა, ალან შტერნმა.
New Horizons-მა გამოსახულება 22 და 23 აპრილს გადაიღო, როდესაც იგი დედამიწიდან 6,9 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული. რა თქმა უნდა, პროქსიმა კენტავრი და Wolf 359 ჩვენი პლანეტიდან უფრო შორს მდებარეობენ. პროქსიმა მზის უახლოესი მეზობელია, იგი დედამიწისგან 4,2 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, ხოლო Wold 359 7,9 სინათლის წელიწადით.
მკვლევართა გუნდმა ხომალდის ფოტოები დედამიწაზე არსებული ტელესკოპების გადაღებულ ფოტოებს შეადარა და აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავების მდებარეობა განსხვავებულია. ხოლო თუ ფოტოებს შევაერთებთ, პარალექსის ეფექტს ვიხილავთ — ესაა ფენომენი, როცა ობიექტის ადგილმდებარეობა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა პოზიციიდან ან რა ტიპის ლინზიდან შევხედავთ მას.
მკვლევართა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ტოდ ლორენმა პარალექსის დემონსტრირებისთვის ორმაგი გამოსახულება შექმნა, რომელიც სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული ვარსკვლავების 3D ფოტოებს გვთავაზობს. პარალექსის დემონსტრირებას სამეცნიერო მიზნები არ ჰქონია, მისი მთავარი დანიშნულება ამ მოვლენის გასაჯაროება იყო.
სავარაუდოდ, სამომავლოდ New Horizons-ისგან გამოგზავნილი მონაცემების წყალობით უფრო მეტი მსგავსი დემონსტრაცია გახდება შესაძლებელი. ხომალდი ამჟამად კარგ მდგომარეობაშია და უფრო შორეულ ობიექტებთან მისასვლელად საკმარისი საწვავი აქვს.
კომენტარები