მარსს ოდესღაც სატურნის მსგავსი რგოლები ჰქონდა
მეცნიერები მანამცდეც ეჭვობდნენ, რომ მარსს პატარა "კოსმოსური ქვების" სარტყელი ჰქონდა. თუმცა, ახლა მეცნიერებს ამის დამატებითი მტკიცებულება აქვთ.
დეიმოსი მარსის ყველაზე პატარა მთვარეა. საინტერესო ისაა, რომ დეიმოსის ორბიტა პლანეტის ეკვატორთან მიმართებაში ოდნავ გადახრილია, რაც შესაძლოა მარსის ძველი სატურნისმაგვარი სარტყელით აიხსნება.
ეგრედწოდებული პლანეტარული რგოლები არც ისე იშვიათია, მზის სისტემაში ის სატურნის გარდა სხვა პლანეტებს, ურანს, ნეპტუნს და იუპიტერსაც აქვს. აღსანიშნავია, რომ მეტეორიტების სარტყელი მზის სისტემის ჯუჯა პლანეტას, ჰაუმეასაც აქვს.
2017 წელს მკვლევრებმა მარსის ყველაზე დიდი მთვარის, ფობოსის სიმულაციები ჩაატარეს, რის საფუძველზეც ივარაუდეს, რომ მარსს ოდესღაც ასტეროიდი დაეჯახა, შედეგად კი პლანეტიდან ნაგლეჯები ამოიტყორცნა, რომლებიც რაღაც დროის მანძილზე პლანეტარულ რგოლს წარმოქმნიდნენ.
მსგავსი კვლევა ახლახან დეიმოსის ორბიტაზეც ჩატარდა, მეცნიერების გაკეთებული მიგნებები კი წინა მოდელებთან სრულ თანხვედრაშია.
"ის ფაქტი, რომ დეიიმოსის ორბიტა მარსის ეკვატორს აცდენილია, ბევრისთვის უმნიშვნელო იყო და ამის ახსნას არავინ ცდილობდა", — ამბობს SETI ინსტიტუტის მკვლევარი მატიჯა ჩუკი. "თუმცა, როცა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედეთ, დეიმოსის ორბიტალურმა გადახრამ დიდი საიდუმლო გამოაშკარავა".
დეიმოსის ორბიტა მარსის ეკვატორისგან მხოლოდ 1,8 გრადუსითაა გადახრილი. ამ მცირე უცნაურობის გარდა, თანამგზავრი სავსებით ჩვეულებრივია.
მარსის მეორე თანამგზავრი ფობოსი ცოტა უფრო უცნაურია. ის მარსთან ბევრად ახლოსაა და პლანეტას ყოველწლიურად დამატებით 1,8 სანტიმეტრით უახლოვდება.
2017 წლის კვევაში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მარსის და ასტეროიდის შეტაკების შედეგად წარმოქმნილმა ნარჩენებმა ფობოსის მსგავსი პატარა თანამგზავრი შექმნეს, რამაც დეიმოსის ორბიტაზე გავლენა იქონია.
მეცნიერების თქმით, 100 მილიონ წელში ფობოსი მარსს იმდენად დაუახლოვდება, რომ მიზიდულობის გამო, ის ნარჩენებად დაიშლება. ნარჩენების ნაწილი მარსზე დაეცემა, თუმცა რაღაც ნაწილი სავარაუდოდ ორბიტაზე დარჩება და შესაძლოა ახალი თანამგზავრი წარმოიქმნას.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის მარსთან შეტაკება დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ მოხდა, როცა პლანეტა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო. ფობოსი კი სავარაუდოდ დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ შეიქმნა.
იაპონური კოსმოსური სააგენტო 2024 წლისთვის, მარსზე კოსმოსური ზონდის გაგზავნას აპირებს, რომელიც თანამგზავრის ზედაპირიდან ინფორმაციას შეაგროვებს და დედამიწაზე დააბრუნებს. თუ შეგროვებული მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ ფობოსი მხოლოდ რამდენიმე ასეული წლისაა, მაშინ მეცნიერების ვარაუდი გამართლდება.
კომენტარები