სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არამხოლოდ კორონავირუსის პანდემიას, ინფოდემიასაც ებრძვიან. როგორ მოქმედებს კორონავირუსი მეზობელი ქვეყნების მედიაზე, რა საერთო მითები ვრცელდება და არსებობს თუ არა მთავრობებისგან ზეწოლის რისკი — ამ თემაზე ისაუბრეს სპიკერებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

"გვჯერა, რომ ადამიანების ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე არაა დამოკიდებული. ასევე ზუსტ ინფორმაციაზე — რას წარმოადგენს კორონავირუსი, რა რეკომენდაციები გვაქვს. ეს დაგვეხმარება ვირუსისგან თავდაცვაში", — თქვა მოდერატორმა გიგი გიგიტაშვილმა საუბრის დაწყებისას.

დისკუსიაში COVID-19-ის თანმდევი დეზინფორმაცია კავკასიაში მონაწილეობდნენ:

  • ეთო ბუზიაშვილი და გივი გიგიტაშვილი — ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები;
  • კარინა გაზარიანი — სომხეთის მედიის ინიციატივის ცენტრის წარმომადგენელი;
  • ლეილა მუსტაფაევა — ფაქტ-ჩექინგ პლატფორმის მთავარი რედაქტორი აზერბაიჯანიდან;
  • ბათუ ქუთელია — საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველო

საქართველოს კონტექსტში გემახსოვრებათ დეზინფორმაციის გავრცელების ის ნაწილი, რომელიც ფეისბუქმა აპრილში გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, სოციალური მედიის გიგანტმა საქართველოში 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია DFRLab-ის ვრცელი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე წაშლილი ასობით გვერდი, ჯგუფი თუ ანგარიში ქართული ოცნებასთან აფილირებულ გამოცემა ესპერსონასთან იყო კავშირში.

ყალბი გვერდების მთავარ სამიზნეს ოპოზიციის ლიდერები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტები წარმოადგენდნენ.

კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, საყურადღებოა ის ნაწილი, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნდობით ჯანდაცვის სფეროს სულ რამდენიმე წარმომადგენელი სარგებლობს. მათ შორისაა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი — რომლის ყოველდღიურ ბრიფინგებსაც, საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, მოქალაქეები ელოდნენ. რა გასაკვირია, რომ დიდი ინტერესი იარსებებდა იმ მოსაზრებების მიმართ, რომელსაც მისი სახელით შექმნილი ყალბი პროფილი გაავრცელებდა.

ფოტო: Facebook

"კრემლისა და კრემლის მხარდამჭერი მედიების მიერ გავრცელებული ნარატივი პოპულარული იყო საქართველოშიც. მაგალითად, მითები და მეცნიერულად დაუდასტურებელი ცნობები, რომ კორონავირუსი ადამიანის მიერ, ხელოვნურად შექმნილი დაავადებაა, რომლის უკანაც ამერიკა დგას. ეს გვახსენებს ანალოგიურ მითს წარსულიდან, რომ შიდსი ამერიკელებმა შექმნეს და მას იარაღად იყენებენ", — ამბობს ეთო ბუზიაშვილი, საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრისას.

მკვლევარი ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმასაც. იმის მიუხედავად, რომ ეპიდსიტუაცია რუსეთში უკონტროლოა და ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, კრემლი პროპაგანდისტულ იერიშებს აგრძელებს და საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებას მოითხოვს. ოფიციალურმა რუსეთმა მაისის ბოლოს თავიანთი ექსპერტების დაშვებას მოითხოვა და კვირის განმავლობაში ეს მოთხოვნა რამდენჯერმე გააჟღერა.

საპასუხოდ, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ გაიხსენა შემთხვევა, როცა რუსმა ექსპერტებმა საერთაშორისო მისიის ფარგლებში ლუგარში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს. ექსკლუზიურად რუსი ექსპერტების დაშვებას ეწინააღდეგება როგორც იმნაძე, ისე ამირან გამყრელიძეც და კრემლს მოუწოდებს, "ველიკა ძერჟავულ" ჩვევებს შეეშვას.

რუსულმა მედიებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ნარატივი აიტაცეს რუსმა პოლიტიკოსებმა.

ეთო ბუზიაშვილი

ლუგარის ლაბორატორია

ლუგარის ლაბორატორია

ფოტო: Al Mayadeen TV

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია 2011 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით გაიხსნა. ის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა საქართველოში, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის — რეგიონში.

თუმცა, ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული თავდასხმის მსხვერპლი. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ლაბორატორიის არსებობას აქტიურად ებრძვის და ამტკიცებს, რომ იქ აშშ-ის დაკვეთით ბიოლოგიური იარაღი იქმნება.

მკვლევარი დასძენს, რომ კრემლის მხრიდან ზეწოლა და პროპაგანდა განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როდესაც საქართველო ნებისმიერი მიმართულებით წარმატებას აღწევს, ან ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დგამს ნაბიჯებს.

ერთ-ერთი პოპულარული მითი საქართველოში, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს, ბილ გეიტსსა და ჯორჯ სოროსს უკავშირდება. ამ მითის მიხედვით, ცნობილმა ფილანტროპებმა საქართველოს მოსახლეობა მიზანში ამოიღეს. მითის გამავრცელებლები ირწმუნებიან, რომ მათ ვაქცინაციით ქართველების "დაჩიპვა" და გაკონტროლება სურთ.


ფოტო: Pixabay

აუცილებლად გექნებათ მოსმენილი კონსპირაციული თეორია იმის შესახებაც, რომ კორონავირუსის გავრცელებას 5G ტექნოლოგია იწვევს. მეცნიერულად ეს დაშვება საფუძველშივე მცდარი, აზრს მოკლებული და უსაზღვროდ აბსურდულია.

პირველ რიგში იმიტომ, რომ 5G ქსელის რადიოტალღების ელექტრომაგნიტური გამოსხივება ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი არაა და საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილ ნორმაზე ბევრად დაბალია.

გარდა ამისა, კორონავირუსი ვრცელდება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც 5G საერთოდ არაა. მაგალითად ირანსა და შვედეთში. 5G ქსელებს მხოლოდ 34 ქვეყანა იყენებს, COVID-19-ის შემთხვევები კი 213 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ეთო ბუზიაშვილმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც ინგლისში, ბელგიასა და ნიდერლანდებში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ სერიოზული ზიანი გამოიწვია — როცა პროპაგანდის გამავრცელებლებმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც დეზინფორმაცია დაიჯერეს, 5G-ის გამავრცელებელი ანძები გადაწვეს.

საქართველო, შესაძლოა, შემდეგი მაგალითი იყოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც ყალბი ამბავი სახიფათო მოქმედებების წინაპირობად იქცა.

ეთო ბუზიაშვილი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, თავის მხრივ, ინტერნეტის გავრცელებას ემსახურებოდა და მისი საშუალებით ადამიანები ინფორმაციას იღებდნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა ყალბ ამბავს პანდემიაზე საშიში ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

იმის მიუხედავად, რომ ფეისბუქი ცდილობს ებრძოლოს 5G-სთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, ყალბი ამბები საქართველოში მაინც "წარმატებით" ვრცელდება. უსწრაფესად იზრდება იმ ქართული ფეისბუქ ჯგუფის წევრების რაოდენობა, რომელიც ამ მითის გავრცელებაზეა ორიენტირებული.

"ჯგუფის ადმინისტრატორები წევრებს აუდიტორიის გაზრდისკენ და 5G-ის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდებენ, ამის პარალელურად კი სხვა ქვეყნების მაგალითებს უზიარებენ, თუ როგორ გადაწვეს მოქალაქეებმა ანძები. ეს ის შემთხვევაა, როცა დეზინფორმაცია მატერიალური ზიანის წინაპირობა შეიძლება გახდეს. საქართველო შესაძლოა შემდეგი მაგალითი იყოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც ყალბი ამბავი სახიფათო მოქმედებაში გადაიზარდა".

სომხეთი

მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლა უცხო არაა სომხეთისთვის, განსაკუთრებით პანდემიის დროს. მედიის ინიციატივის ცენტრის წარმომადგენელი კარინა გაზარიანი ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში სომხეთის მთავრობამ ჟურნალისტებს ნებისმიერი ამბის გაშუქება აუკრძალა, რომლის მთავარი წყაროც სომხეთის მთავრობა არ იყო. კრიტიკის შემდეგ, სახელმწიფომ შეზღუდვა მოხსნა. როგორც გაზარიანი ამბობს, სომეხ ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მიეცათ საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების უფლება, აკრძალვები კი სრულად აპრილის შუა რიცხვებისთვის მოიხსნა.

მედიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სომხეთში გავრცელებული იყო ზუსტად იგივე სახის მითები, როგორიც საქართველოში — კონკრეტულად კი 3G ტექნოლოგიაზე, ბილ გეიტსისა და ჯორჯ სოროსის "საშიშ მიზნებზე" და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არაა:

"სომხეთში ყალბ ცნობებსა და პროპაგანდას მედიცინის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი ავრცელებს — მათ ნაწილს საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს. ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის წინააღდეგ არიან მოტივირებული. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ მითებს შორისაა ვაქცინაციის საფრთხეც კი. ერთ-ერთ ასეთ ექიმს სულ ცოტა ხნის წინ უჩივლა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ".

თუ რუსული მედია საქართველოს წინააღმდეგ ლუგარის ლაბორატორიას იყენებს, სომხეთის შემთხვევაში მთავარი სამიზნე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრია.

კარინა გაზარიანი

ერთ-ერთი გავრცელებული მითი სომხეთში ტესტირების საფრთხეს უკავშირდება. მისი მიხედვით, ადამიანები კორონავირუსით ტესტირების შედეგად ინფიცირდებიან. მოქალაქეებს ასევე სჯერათ, რომ ნათესავების გარდაცვალებისას მორგში ფულს შესთავაზებენ, თუ დათანხმდებიან, რომ სიკვდილის მიზეზად COVID-19 მიუთითონ.

მედიის ინიციატივის ცენტრის წარმომადგენელი მედიის ნაწილის მხრიდან ხელისუფლების მიმართ საინფორმაციო ომზე საუბრობს, რომელსაც 2018 წლის რევოლუციასა და მთავრობის ცვლილებას უკავშირებს.

თუმცა, იმ ყველაზე საშიში ნარატივის უკან, რომელიც სომხეთში კრიზისულ სიტუაციაში ვრცელდება, რუსეთი დგას. კარინა გაზარიანი ამბობს, რომ თუ რუსული მედია საქართველოს წინააღმდეგ ლუგარის ლაბორატორიას იყენებს, სომხეთის შემთხვევაში მთავარი სამიზნე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრია.

"რამდენიმე რუსულ საიტზე დაიწერა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ეპიცენტრი სინამდვილეში სომხეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრია, სადაც ადამიანებზე ექსპერიმენტებსაც ატარებენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე სომხურმა გამოცემამ გაავრცელა და თარგმნა. პროპაგანდულ ამბებს მცირე ზომის აქციაც კი მოჰყვა ადგილობრივი ხელისუფლების შენობის წინ, სადაც დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის გამო არ დაძაბულიყო. ჩვენ ცუდად ვუმკლავდებით როგორც კორონავირუსის პანდემიას, ისე ინფოპანდემიას".

კარინა გაზარიანი წუხს, რომ ანტივაქსერების მოსაზრებები ხშირად ინგლისურენოვანი საიტებიდანაც ვრცელდება და ითარგმნება სომხურ მედიაში. თუმცა ის დასძენს, რომ ხშირად, წამყვანი მედიების მხრიდან სახიფათო, გადაუმოწმებელი და უპასუხისმგებლო ინფორმაციის გავრცელება მფლობელთა ინტერესებს უკავშირდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურია.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში პანდემიამ მედიაზე გავლენის მოსახდენად ხელისუფლებას ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა. 17 მარტს, იმ დღეს როდესაც საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თითქმის 3-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მედიას კორონავირუსის ფარგლებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უკრძალავდა. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დროს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას საფრთხე ახლავს, მისი გადამოწმება და ყალბ ამბებთან ბრძოლა მედიის მოვალეობაა. მის საქმიანობაში ჩარევა და კონტროლის მცდელობა ეუთომ მალევე გააკრიტიკა.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ბაქოში მდებარე დამოუკიდებელი ფაქტ-ჩექინგ პლატფორმის მთავარი რედაქტორი ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მედიის დასარეგულირებლად მიღებული კანონი ხელისუფლებამ ოპონენტების და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენა.

მისი სიტყვებით, აზერბაიჯანში დააკავეს ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვინც ფეისბუქზე ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვის დამალვაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ რეალური შემთხვევების რაოდენობა მეტი იყო, ვიდრე ოფიციალური მონაცემები.

მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ერთ-ერთი დიდი პრობლემა ინფორმაციის დახურულობაა, რადგან მედიისთვის გამჭვირვალე არაა რას აკეთებს მთავრობა და როგორ ებრძვის პანდემიას:

"მთავრობის პრესკონფერენციებზე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს დასწრების უფლებას არ აძლევენ. მაგალითად, მეიდან TV-ის ჟურნალისტს ერთ-ერთი კრიტიკული შინაარსის კითხვის შემდეგ ბრიფინგებზე აღარ უშვებენ".

პანდემია, როგორც კონტროლის მექანიზმი

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას თქმით, საიდუმლო არაა, რომ რუსეთი მსოფლიო კრიზისს თავის სასარგებლოდ იყენებს. გამონაკლისი არც COVID-19-ის პანდემიაა:

"ავტორიტარული ლიდერებს უყვართ პანდემიები ხელსაყრელი სიტუაციის გამო. ის მათ ძალაუფლების გაფართოებასა და ბინძური საქმეების კეთებაში ეხმარება. მაგალითად, თავისუფლების შეზღუდვაში".

ქუთელია, რომელიც ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩია, დასძენს, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობის გახლეჩვა და მოქალაქეებში ქვეყნების ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაღვივებაა:

"ამ ზეწოლას საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან, თითქმის 30 წელია უძლებს. სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა რუსეთის ძირითადი იდეაა და ამის გაკეთებას ის საქართველოს გარდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ცდილობს. როცა საზოგადოების ნდობა მცირდება, კრემლი მმართველებს უფრო მარტივად იმორჩილებს".

დამოუკიდებელი მედიის როლი

მნიშვნელოვანია ბალანსის არსებობა მედიაში, თუმცა ბალანსი არ ნიშნავს ყველაფრის გაშუქებას — მათ შორის დეზინფორმაციისა და ტყუილის, როგორც მხარის. ქართული გამოცემები ზოგჯერ რუსეთის მოქმედებებზე წერენ, მაგრამ ფაქტებით არ ასაბუთებენ. თუ ერთი წყარო გეუბნება რომ გარეთ წვიმს, ხოლო მეორე პირიქით — არ წვიმს, ჟურნალისტმა ორივე მოსაზრება კი არ უნდა გააშუქოს, გარეთ უნდა გაიხედოს და შეამოწმოს, რომელია სიმართლე. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან მუშაობა და იმის სწავლება, თუ როგორ უნდა გააშუქონ ფაქტები.

ეთო ბუზიაშვილი

ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ამ კრიზისის დროს ხარისხიანი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი სიტყვებით, დაზუსტებული და სწორი ინფორმაციის ფართო აუდიტორიებამდე მიტანა მხოლოდ ინტერნეტით არ უნდა ხდებოდეს და ამ პროცესში კლასიკური მედიაც უნდა იყოს ჩართული, რადგან კრემლი დეზინფორმაციისთვის ისეთ არხებსაც იყენებს, რომლებზეც წვდომა საზოგადოების იმ ნაწილს აქვს, რომელიც ნაკლებად იყენებს სოციალურ მედიას.

ქუთელია ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისგან სავარაუდო პროპაგანდის საფრთხეებზე და ამ სახიფათო პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებზეც საუბრობს:

"სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სახელისუფლებო პროპაგანდა უფრო დიდ აუდიტორიას წვდება, ვიდრე დამოუკიდებელი ჟურნალისტის ნამუშევარი, ეს კი კრიზისის დროს მარტივად შესამჩნევი პრობლემაა, განსაკუთრებით თუ მთელ ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული".

დამოუკიდებელი ჟურნალისტების მნიშვნელობას იზიარებს ეთო ბუზიაშვილიც და DFRLab-ის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ჩვენი მიზანი დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, გამომჟღავნება და ახსნაა. ახსნაში ჩვენ დიდ შრომას ვდებთ, რადგან თუ პრობლემას და კონკრეტული მითის საფრთხეს საზოგადოებას არ ავუხსნით, მან შეიძლება დამოუკიდებლად ვერ გააანალიზოს, რატომაა ყალბი ამბავი საშიში დემოკრატიისთვის".

დისკუსიის დასასრულს, ლეილა მუსტაფაევამ დასძინა, რომ აზერბაიჯანის პრობლემა დამოუკიდებელი მედიის თითქმის არარსებობაა, რადგან ქვეყანაში ძალიან ცოტა თავისუფალი ჟურნალისტი დარჩა:

"აზერბაიჯანში ჟურნალისტების უმრავლესობა პროსახელისუფლებო, ან ხელისუფლების მართულ მედიაში მუშაობს. ჩვენნაირ ქვეყანაში ჟურნალისტების მთავარი მოწოდება პროფესიონალიზმის ნაცვლად მთავრობის პროპაგანდისტულ იარაღად ქცევაა".

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.