ბარათების ევოლუცია — ანუ როგორ იქცა სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად
არსებობის მანძილზე ფულმა, როგორც რესურსების გაცვლა-გამოცვლის საშუალებამ მრავალი ცვლილება განიცადა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საგადასახადო ბარათებმა სრულიად შეცვალა გზა, რომლითაც ჩვენ პროდუქტებსა და სერვისებს ვყიდულობთ. დღეს მომხმარებლების დიდი ნაწილი გადახდების ნახევარზე მეტს სწორედ ამ მეთოდით ახორციელებს.
ათწლეულების განმავლობაში განვითარების დიდი გზა გაიარეს ბარათებმაც და დღეს უკვე მისი ციფრული ფორმით სარგებლობაც შეგვიძლია. სანამ საბანკო ბარათების ევოლუციაზე მოგიყვებოდეთ, გეტყვით, რომ ახლახან საქართველოს ბანკმა ინოვაციური პროდუქტი — ციფრული ბარათი წარადგინა. ციფრული ბარათები თავისი სიმარტივის გამო მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია.
ციფრულ ბარათს ფიზიკური ბარათის იდენტური შესაძლებლობები აქვს, უბრალოდ ის არა საფულეში, არამედ თქვენს მობილურში ცხოვრობს.
თუ თქვენ აიფონის მომხმარებელი ხართ, ციფრულ ბარათს Apple Wallet-ში დაამატებთ, ანდროიდის შემთხვევაში კი TSKAPP აპლიკაციაში. მისი საშუალებით ბანკომატიდან თანხის გამოტანასაც შეძლებთ, ტრანსპორტით მგზავრობასაც, მაღაზიებში გადახასაც და, რაც მთავარია, ბარათს ონლაინ შოპინგისთვისაც თავისუფლად გამოიყენებთ. თანაც, ის მულტისავალუტოა.
ციფრულ ბარათს პირდაპირ მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან შეუკვეთავთ, ამ დროს სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ VISA ან MasterCard და ისიც, რა ტიპის ბარათი გსურთ — Classic, Gold თუ სხვა.
რა თქმა უნდა, ფილიალში მისვლა საჭირო არ არის, ბარათის გამოყენებას აღებისთანავე, წამებში შეძლებ.
გადახდებისთვის ბარათის გამოყენების კონცეფცია პირველად 1887 წელს სამეცნიერო ფანტასტიკაში, ედუარდ ბელამის უტოპიურ ნოველაში გაჩნდა, რომელსაც მზერა უკან ეწოდება. ნაწარმოები 1800-იანებში შეიქმნა და ის აღწერს მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები კაცის თავგადასავალს, რომელიც თავს ოცდამეერთე საუკუნეში ამოყოფს და აღმოაჩენს, რომ სამყარო სავაჭრო ცენტრებითა და საკრედითო ბარათებითაა სავსე, ეს ყველაფერი წიგნის დაწერის დროს, რა თქმა უნდა, არ არსებობდა.
განვლილი გზა
ყველაფერი 1950 წელს დაიწყო, როდესაც რალფ შნეიდერმა და ფრენკ მაკნამარმა Diners Club-ის ბარათი შექმნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მუყაოსგან იყო დამზადებული. მისი გამოყენება გართობისა და მოგზაურობის მიზნით შეიძლებოდა. ათი წლის შემდეგ Diners Club-ს უკვე 10 000-ზე მეტი წევრი ჰყავდა — ყველა მათგანი მაღალი რანგის ბიზნესმენი. ბარათის სტატუსის აღმნიშვნელი სიმბოლო იყო და მისი წყალობით, ბიზნესმენებს დიდი რაოდენობით ქეშის ტარება აღარ უწევდათ, ამ დროისთვის მისი გამოყენება 28 რესტორანში და ორ სასტუმროში შეიძლებოდა.
პირველად, ამ კომპანიამ შეძლო დარწმუნებინა მაღაზიები და სხვადასხვა სახის ბიზნესი, რომ ბარათები გაყიდვებს წაახალისებდა.
1958 წელს American Express-ის პირველი პლასტიკური ბარათი შეიქმნა. მას მალევე მოჰყვა პირველი თანამედროვე საკრედიტო ბარათიც, რომელიც Bank of America-მ დაამზადა, ის მოგვიანებით Visa-დ გადაიქცა. ამ უკანასკნელს მალევე გამოუჩნდა კონკურენტიც, რომელსაც დღეს MasterCard-ის სახელით ვიცნობთ.
პირველი ბარათი მაგნიტური ზოლით
1970-იანების დასაწყისში ბაზარზე მაგნიტური ზოლის მქონე ბარათები გამოჩნდა, ამ ეპოქაში მაგნიტური მახსოვრობა ინფორმაციის შენახვის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი იყო, თუმცა ინჟინრები პლასტიკურ ბარათზე მონაცემების ამ ფორმით დატანას დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
კომპანია IBM-ის ინჟინერი ფორესტ პერი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა სათანადო შედეგს ვერ აღწევდა, რადგან წებო, რომლითაც ისინი მაგნიტური ზოლის ბარათზე მიმაგრებას ცდილობდნენ, მონაცემებს ხშირად გამოუსადეგარს ხდიდა. ერთ დღეს, ფორესტ პერი ლაბორატორიიდან სახლში დაბრუნდა, ერთ ხელში პლასტიკური ბარათით, მეორეში კი მაგნიტური ლენტით. სახლში დაბრუნებული შეესწრო, როგორ აუთოებდა მისი ცოლი ტანსაცმელს. ფორესტმა მას წარუმატებელი ცდების შესახებ მოუყვა, მის ცოლს კი გაუჩნდა იდეა, რომ მაგნიტური ლენტი ბარათზე უთოთი მიემაგრებინა. იდეამ გაამართლა.
დროთა განმავლობაში ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად ვითარდებოდა ბარათების ინდუსტრიაც, 1990-იანებში "ჭკვიანი" სადებეტო და საკრედიტო ბარათები გაჩნდა, 2000 წლიდან კი ის ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგა. ჭკვიანი ბარათებში ელექტრონული ჩიპია ჩამონტაჟებული, რომელსაც მონაცემების დამუშავება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და დამახსოვრება შეუძლია.
აღნიშნული ბარათები უფრო უსაფრთხო და მეტად დაცულია. მათი თითქმის ყოველი გამოყენებისას პინ კოდის შეყვანაა საჭირო. გვიანი 2000 წლებიდან ნელ-ნელა ფართოდ დაინერგა უკონტაქტო გადახდაც. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი ამჟამინდელი პანდემიისას გამოდგა, როდესაც კონტაქტების შემცირება უდიდესი მნიშვნელობისაა.
მომავალი ციფრულია
ფაქტია, რომ ქაღალდის ფულის პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს და მას ციფრული ალტერნატივები ანაცვლებს. ამის კარგი მაგალითია ევროპა, უფრო კონკრეტულად კი შვედეთი, სადაც ქვეყნის მშპ-ში ქაღალდის ფული 1 პროცენტზე ნაკლებითაა წარმოდგენილი. ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, შვედეთში, გამოკითხულთა 40%-ზე მეტი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ ქაღალდის ფული არ გამოუყენებიათ. ყოველი 5 გადახდიდან 4 კი ელექტრონულად ხორციელდება.
ფაქტია, რომ ტექნოლოგიების განვითარება ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივების საშუალებას გვაძლევს. ახლა უკვე აღარაა საჭირო, რომ ბარათებით დატვირთული საფულე მუდამ თან ვატაროთ. ახლა ამისთვის ერთი მოწყობილობა გვაქვს — ეს ჩვენი მობილურია.
კომენტარები