რა დაინახეთ? — არა, უცხოპლანეტელები არაფერ შუაშია
ახლახან სოციალურ ქსელში მრავალმა ადამიანმა დაწერა, რომ ცაზე მოძრავი მანათობელი წერტილების მწკრივი დაინახეს. ამის შესახებ ინბოქსში შეტყობინებაც კი მივიღეთ.
ის, რაც თქვენ დაინახეთ, Starlink-ის თანამგზავრებია. იმასაც გეტყვით, რომ მომავალში ასეთ სცენას, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ხშირად შევესწრებით.
Starlink კომპანია SpaceX-ის თანამგზავრების კონსტელაციაა, რომელთა მიზანიც დედამიწის ნებისმიერ წერტილში სწრაფი ინტერნეტის უზრუნველყოფაა. 26 აპრილისთვის ამჟამად ორბიტაზე 417 ასეთი თანამგზავრია. პირველ ეტაპზე საბოლოო მიზანი ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის განთავსებაა. მოგვიანებით კი ეს რიცხვი შეიძლება 42 000-მდეც კი გაიზარდოს.
SpaceX-ს თითო გაშვებაზე ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაჰყავს.
კომპანიის გეგმებით, 2020 წლის ბოლოს თანამგზავრები აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილისა და კანადის ინტერნეტით უზრუნველყოფას შეძლებენ.
SpaceX ასევე გეგმავს, რომ თანამგზავრები ყოველ 2 კვირაში გაუშვას. ბოლო გაშვება 22 აპრილს განხორციელდა, შემდეგი კი მაისის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
Starlink ხშირად ასტრონომების კრიტიკის სამიზნე ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ თანამგზავრებმა, შესაძლოა, კოსმოსის დაკვირვებას ხელი შეუშალოს.
SpaceX და ილონ მასკი კი აცხადებს, რომ თანამგზავრებს სამეცნიერო საქმიანობაზე მინიმალური გავლენა ექნებათ. თუმცა მრავალი პროფესიონალი ასტრონომი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
მასკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ისინი თანამგზავრებს სპეციალური, ნაკლებად ამრეკლავი ზედაპირით დაფარავენ, რათა შესაძლო უარყოფითი გავლენა შეამცირონ. თუმცა მკვლევარების თქმით, განსხვავებული ზედაპირი მათ სიკაშკაშეს სათანადოდ ვერ ამცირებს.
საქართველოდან Starlink თანამგზავრები ხვალ, 27 აპრილს, 21 საათსა და 7 წუთზეც გამოჩნდება.
კომენტარები