WHO: ალკოჰოლი კორონავირუსის შედეგებს აუარესებს, რეკომენდებულია შეზღუდვები
"ალკოჰოლი სხეულის იმუნიტეტს აქვეითებს და ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება", წერია WHO-ს ევროპული ოფისის საიტზე. განცხადების გამოქვეყნება ალკოჰოლის გლობალური მოხმარების ზრდით იყო განპირობებული.
ალკოჰოლის გავლენა იმუნურ სისტემაზე, ინდივიდებს COVD-19-ს მიმართ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამასთანავე, დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმლებიც მოხმარება ძალადობის რისკებს შესამჩნევად ზრდის იქ, სადაც თვითიზოლაციის ზომებს იღებენ.
WHO-მ ამასთანავე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც აქარწყლებს მითს, თითქოს ძლიერი ალკოჰოლი კორონავირუსს "კლავს".
აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის მოხმარება, პანდემიის გარეშეც წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს კლავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები მარტში, წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა. Rabobank-ის მონაცემების მიხედვით, გაყიდვების გარდა ალკოჰოლის მოხმარებაც გაიზარდა.
გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მსოფლიოში "ოჯახში ძალადობის შემაშფოთებელი მატებაა". გამოსვლაში ანტონიო გუტერესი ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებული კარანტინის და იზოლაციის ზომებია.
წინა თვეს, WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებერეისუსმა იზოლაციაში მყოფთათვის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რჩევები გამოაქვეყნა.
"კრიზისის დროს შიში, გაუგებრობა და სტრესი ნორმალურია. თქვენთვის სანდო ადამიანთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ", — ამბობს გჰებერეისუსი. "ახალი ამბების ყურება თუ თქვენში შფოთვას იწვევს, ეცადეთ ეს შეამციროთ. ინფორმაცია სანდო წყაროებიდან დღეში ერთხელ ან ორჯერ შეამოწმეთ".
ადამიანები ძალიან სოციალური არსებები არიან და იზოლაცია ჩვენს ფსიქიკურ, ისევე როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ფსიქოლოგების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სტრესულ გარემოში სოციალური კონტაქტები შევინარჩუნოთ.
კომენტარები