კვლევა: რემდესივირი კორონავირუსის მთავარ ფერმენტს ბლოკავს და ვირუსის გამრავლებას აფერხებს
Journal of Biological Chemistry-ში დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რემდესივირი კორონავირუსის რეპლიკაციის (გამრავლების) პროცესის შეჩერებას ეფექტიანად ახერხებს.
ახალი სტატია თან ერთვის წინა კვლევას, რომელიც იმავე პრეპარატის გამოყენებით თებერვალში ჩატარდა და რომელმაც აჩვენა, რომ რემდესივირი ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) მიმართაც ეფექტიანია, რომელსაც ასევე კორონავირუსების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი იწვევს.
"ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი და გვჯეროდა, რომ SARS-CoV-2-ის შემთხვევაშიც პრეპარატი იმავე შედეგს აჩვენებდა", — აცხადებს ალბერტას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეკანი მათეას გოეთე.
"რადგან ჩვენ MERS-ის მსგავსი შედეგები მივიღეთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რემდესივირის ძლიერ ინჰიბიტორულ თვისებებს კორონავირუსული პოლიმერაზის მიმართ."
გოეთეს ახალ ნაშრომში ვრცლად არის აღწერილი 2014 წელს ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატის, რემდესივირის მოქმედება. იგი პოლიმერაზას ვირუსის ძრავს ადარებს, რომელიც ვირუსის გენომის სინთეზს ახორციელებს.
"თუ თქვენ პირდაპირ პოლიმერაზას შეუტევთ, ვირუსი ვეღარ გავრცელდება. ზუსტად ამიტომ ეს ცილა შეგვიძლია მკურნალობისთვის ლოგიკურ სამიზნედ მივიჩნიოთ" — ამბობს გოეთე.
როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რემდესივირი ვირუსს მის სამშენებლო ბლოკებთან მიმსგავსების გზით "ატყუებს".
"აღნიშნული კორონავირუსის პოლიმერაზა საკმაოდ არათანმიმდევრულია, რაც მისი მოტყუების შესაძლებლობას გვაძლევს. ზუსტად ამიტომ, ორგანიზმში ინჰიბიტორის მრავალჯერადი შეყვანით ვირუსი რეპლიკაციის შესაძლებლობას კარგავს", — განმარტავს გოეთე.
მისი თქმით, მტკიცებულებები, რომლებმიც სხვადასხვა კვლევი შედეგად დაგროვდა შესაძლებლობას იძლევა, რომ რემდესივირს SASR-CoV-2-ის წინააღმდეგ ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატის კლასიფიცირება მივცეთ. აღნიშნული ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა ახალი კლასის აინტივირუსული პრეპარატების აღნიშვნისთვის, რომლებიც C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) პროგრესირებას აფერხებს.
თუმცა გოეთე აქვე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შედეგები კლინიკურ ცდების ჩატარების საფუძველს ამართლებს, ის გვაფრთხილებს, რომ ლაბორატორიაში მიღებული შედეგების საფუძველზე პრეპარატის ადამიანზე მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია.
"მეტი მოთმინება გვმართებს. ჩვენ სხვადასხვა კლინიკური ცდების შედეგებს უნდა დაველოდოთ", — აცხადებს გოეთე.
ამ დრომდე გოეთეს ლაბორატორია იმუნოდეფიციტის (აივ) და HCV ვირუსების მკურნალობაზე მუშაობდა, თუმცა ამჟამად ის მაღალი ეპიდემიოლოიური პოტენციალის მქონე ვირუსებზე გადაერთო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2015 წელს იმ ძირითადი პათოგენების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც დიდი ეპიდაფეთქების გამოწვევა შეეძლოთ.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ მომზადებულები ვიყავით, რადგან ჩემი ლაბორატორია ვირუსების პოლიმერაზების კვლევაზეა კონცენტრირებული", — ამბობს გოეთე.
მეცნიერი პოზიტიურად არის განწყობილი, მისი თქმით, დღეს მსოფლიოში უპრეცედენტო რაოდენობის კვლევები ტარდება, ამას ემატება მკვლევრებს შორის არსებული თანამშრომლობის მაღალი დონე, რამაც საბოლოოდ COVID-19-ის ეფექტიან სამკურნალო საშუალებასთან უნდა მიგვიყვანოს.
WHO-ს მონაცემებით, რემდესივირი კვლევებში ერთ-ერთი წარმატებული კანდიდატია, რომელიც უკვე აქტიურად გამოიყენება ათობით ქვეყანაში, მათ შორის კანადაშიც. გოეთეს თქმით, უკვე აპრილში ან მაისში ჩვენ კლინიკური ცდების შედეგებიც გვექნება.
გოეთე ასევე იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდაფეთქების დროს შექმნილი პრეპარატები, რომლებიც პოტენციურად COVID-19-თან ბრძოლაშიც ეფექტიანი იქნებოდა, კარგად გამოკვლეული და შესწავლილი არ არის, რადგან ეს მაშინ ძალიან დიდ ხარჯებთან იყო ასოცირებული.
"ამჯერად საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ათობით მილიარდი აშშ დოლარი დიდი თანხაა, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულ დანაკარგებთან შედარებით ეს არაფერია"
კომენტარები