შეთქმულების თეორიები და მითები მნიშვნელოვან და მასშტაბურ მოვლენებს მუდმივად თან სდევს, რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც კორონავირუსი წარმოადგენს. ვირუსის პარალელურად მთელ მსოფლიოში უამრავი დეზინფორმაცია და ჭორი ვრცელდება, რომელიც ვირუსის წარმომავლობას, მკურნალობის გზებსა და მის გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გავრცელებიდან დიდი დრო არ გასულა, მის გარშემო უამრავი აბსურდული და რაციონალურ აზრს მოკლებული თეორია უკვე არსებობს. მაგალითად, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსი სიმფსონების 1993 წელს გამოსული მეოთხე სეზონის 21-ე ეპიზოდშია ნაწინასწარმეტყველები, რეალურად კი სერიაში "ოსაკას გრიპი" ვრცელდება, რომელიც იაპონიიდან გამოგზავნილ შეფუთვასთანაა კავშირში. მსგავსი თეორიები საკმაოდ ბევრია, ამ სტატიაში კი მათგან რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შევკრიბეთ.

ანტივაქსერები

ფოტო: Sarah Rogers

მას შემდეგ, რაც გეიტსებმა COVID-19-ის პოტენციური ვაქცინების კვლევები დააფინსეს, ანტივაქსერებმა მასზე ჭორების გავრცელება დაიწყეს.

გეიტსისა და კორონავირუსის კავშირზე თავდაპირველად YouTube-ზე 17 მარტს გამოქვეყნებული ვიდეოში საუბრობენ. ვიდეოს ავტორის მიხედვით, ბილ გეიტსის რეალურ მიზანს ვაქცინის მეშვეობით ადამიანების სხეულში მიკროჩიპების მოთავსება წარმოადგენს, რათა მათი კონტროლი შეძლონ. იმავე დღეს კი კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ისევ ბილ გეიტს განიხილავდნენ, ოღონდ ამჯერად გეიტსის მიზანს დედამიწაზე მოსახლეობის შემცირება და დარჩენილი ადამიანების კონტროლი წარმოადგენდა. თეორიები სხვადასხვა Facebook ჯგუფში გავრცელდა და ანტივაქსერების ყურადღებაც მალევე მიიპყრო.

კიდევ ერთი აბსურდული თეორიის მიხედვით კი ანტივაქსერებს სჯერათ, რომ ვირუსი ხელოვნურადაა გავრცელებული და რეალურ მიზანს მათთვის ვაქცინაზე უარის თქმის არჩევანის წართმევა წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ვაქცინის შესახებ გავრცელებული მსგავსი ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სხვადასხვა კვლევით მრავალგზის დადასტურებული ფაქტია, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის იგი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. რაც შეეხება ბილ გეიტსა და მასთან დაკავშირებულ თეორიებს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებთ.

5G

ფოტო: Russell Boyce

კიდევ ერთი აბსურდული თეორია, რომელიც კორონავირუსის გარშემო შეიქმნა 5G ქსელს უკავშირდება — ადამიანებს სჯერათ, რომ 5G ქსელი ვირუსის გამომწვევი მიზეზია. შეთქმულების თეორიები 5G-ს შესახებ აქამდეც მრავლად არსებობდა, თუმცა მისი უშუალოდ კორონავირუსის გამომწვევ მიზეზად აღქმა, შესაძლოა, ბელგიელ ექიმს დავუკავშიროთ, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 5G ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ინტერვიუს შემდეგ კი თეორია YouTube-სა და Facebook-ზე მალევე გავრცელდა (სადაც ხალხი 5G-ს უკვე აქტიურად განიხილავდა) რამაც გარკვეული შედეგები მალევე გამოიწვია, მაგალითად, 5G ქსელის შესახებ გავრცელებული თეორიის მიმდევრებმა დიდ ბრიტანეთში სატელეფონო ანძების განადგურება დაიწყეს, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ხასიათი მალევე მიიღო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდევრებმა შემთხვევით არა 5G-ის, არამედ 3G-სა და 4G-ის ანძები დააზიანეს.

5G-ის შესახებ შეთქმულების თეორიის გავრცელებას შოუბიზნესის სხვადასხვა წამომადგენელმაც შეუწყო ხელი. მსახიობმა ვუდი ჰარელსომა თეორიასთან დაკავშირებული სტატია საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა, ასევე მომღერალმა M.I.A-მ ტვიტერზე განაცხადა, რომ 5G უშუალოდ კორონავირუსს კი არ იწვევს, არამედ რადიოტალღების გამოსხივება ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს, რაც, შესაბამისად, ვირუსთან ბრძოლას ართულებს.

ტვიტერზე ასევე ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გამოხმაურებას, რომელთა მიხედვით 5G ქსელის ანძების განთავსებისა და კორონავირუსის გავრცელების ქრონოლოგია იდენტურია და ვირუსით ინფიცირებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობაც სწორედ იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც აღნიშნული ანძებია განთავსებული. თუმცა, მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება — ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი ისეთ ქვეყნებშიცაა, სადაც 5G ქსელის ანძები საერთოდ არ გვხვდება.

რა თქმა უნდა, 5G ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მას კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ვირუსის წარმომავლობა

ფოტო: Getty Images

საზოგადოებაში ასევე დიდი ყურადღება გამოიწვია ვირუსის წარმომავლობის საკითხმა. ამ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტში უამრავ თეორიას შეხვდებით, ზოგიერთი მათგანის თანახმად კი, ვირუსი ბრიტანელების შექმნილიც კი არის. COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ვირუსი ლაბორატორიაში გამიზნულად შეიქმნა და შემდეგ შემთხვევით გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყანაში SARS-CoV-2-ის გენომის ანალიზისას დაასკვნეს, რომ ვირუსი ველურ ბუნებაშია წარმოქმნილი. ასევე, მკვლევრები იმაზეც თანხმდებიან, რომ კორონავირუსის გავრცელება ღამურებს უკავშირდება, ადამიანებამდე კი მან შუამავალი ცხოველის საშუალებით მიაღწია (მეცნიერების აზრით, ეს ცხოველი, შესაძლოა, პანგოლინი იყოს).

მკურნალობის გზები

ფოტო: Shutterstock

თეორიები კორონავირუსის მკურნალობის გზებთან დაკავშირებითაც გავრცელდა. სოციალურ ქსელებში ადამიანები უამრავ მითს ავრცელებენ, რომელთა მიხედვით COVID-19-ის მკურნალობა ისეთი გზებით შეიძლება, როგორიც ალკოჰოლის ან კოკაინის მიღებაა.

კოკაინის შესახებ მითებმა გავრცელება Twitter-სა და Facebook-ზე დაიწყო, სადაც სხვადასხვა სტატიაში ამტკიცებდნენ, რომ კოკაინის კორონავირუსის მკურნალობის დროს გამოყენება ეფექტიანია. ადამიანებისთვის ამბავი იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური განცხადების გაკეთებაც კი მოუწია, სადაც იგი ხსნის, რომ კოკაინი COVID-19-ის სამკურნალოდ არ გამოიყენება — იგი შეჩვევას იწვევს და, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოწვიოს.

ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს თეორიები ალკოჰოლზე. ინტერნეტში გავრცელებული არაოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის მიღება კორონავირუსით ინფიცირების რისკს ამცირებს, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. ალკოჰოლთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების ფონზე კი ათ მარტს ირანში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 44 ადამიანი იპოვეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: