ყველა გლობალურ მოვლენას უცნაური შეთქმულების თეორია მუდამ თან ახლავს ხოლმე. გამონაკლისი არც კორონავირუსის პანდემიაა. ახალი კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებაზე არაერთი შეთქმულების თეორია გავრცელდა. საინტერესო ისაა, რომ ხშირად ამ "თეორიებს" პოლიტიკოსები ავრცელებენ.

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა ვირუსის წარმომავლობა უხანის მაღალი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიას დაუკავშირა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის სპიკერმა კი მიანიშნა, რომ COVID-19 ამერიკულმა ლაბორატორიამ გაავრცელა.

აღსანიშნავი აქ ისაა, რომ COVID-19-ის ლაბორატორიული წარმომავლობის საბუთი არავის წარმოუდგენია. მეტიც, სამეცნიერო კვლევები ძალიან ნათლად მიანიშნებენ, რომ ვირუსი ადამიანებში ცხოველიდან გავრცელდა.

26 თებერვალს New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევრები შემდეგს წერენ:

"რა თქმა უნდა, SARS-CoV-2 სინჯარიდან არ გაპარულა. [კორონავირუსის] რნმ-ის თანმიმდევრობა, ძალიან ჰგავს იმ ვირუსების დნმ-ის მასალას, რომლებიც ღამურებში ცირკულირებენ. ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია მიგვანიშნებს, რომ ვირუსის პირველი წყარო, სავარაუდოდ, ღამურაა".

შესაძლოა, რომ კორონავირუსს შუამავალი გადამტანიც ჰყოლოდა.

მაგალითად, 2002-2003 წლის SARS ვირუსის ეპიდემიის დროს გაირკვა, რომ დაავადება ღამურიდან ადამიანებზე ვივერადან (კატის მსგავსი ცხოველი) გავრცელდა. გასაკვირი არ იქნება თუ COVID-19-ის შემთხვევაშიც იგივე სცენარი განვითარდა.

გარდა იმისა, რომ ვირუსის გენეტიკური მასალის ანალიზი მის ცხოველურ წარმომავლობაზე მიანიშნებს. კორონავირუსის აღნაგობაც ისეთია, რომ მისი ლაბორატორიში სინთეზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა COVID-19-ის კედლის ცილების აღნაგობის გენეტიკური სეკვენირება გააკეთეს. ვირუსიდან გამოშვერილ ცილებს კვერთხის ფორმა აქვთ. ეს წაწვეტებული ცილები ვირუსს უჯრედზე მიმაგრებაში ეხმარება.

COVID-19-ის ცილოვანი "წვეტების" ილუსტრაცია

COVID-19-ის ცილოვანი "წვეტების" ილუსტრაცია

ფოტო: Getty Images

ეს ცილები ადამიანის უჯრედის რეცეპტორებთან მაღალი აფინურობით გამოირჩევა. მსგავსი მექანიზმის ლაბორატორიული სინთეზის ტექნოლოგია კი ამ ეტაპზე კაცობრიობას არ აქვს. ვირუსის სტრუქტურაზე კარგად დაკვირვება დამატებით ამტკიცებს, რომ COVID-19 ადამიანებს არ შეუქმნიათ.

ამ საკითხს სხვა კუთხითაც შეგვიძლია მივუდგეთ. ვინმეს ისეთი ვირუსის შექმნა რომ ნდომებოდა, რომელიც ბიოლოგიურ იარაღად იქნებოდა გამოყენებული, ის პათოგენს ძალიან განსხვავებულ სტრუქტურას მისცემდა.

სინთეზირებული ახალი ვირუსის აღნაგობა სავარაუდოდ უკვე ადამიანებში გავრცელებული არსებული ვირუსის ყალიბზე შექიმნებოდა, ანუ ის მორფოლოგიურად ძალიან ნაცნობი იქნებოდა. COVID-19 კი ასეთი თეორიული ვირუსისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებისთვისაა "მორგებული", ყველაზე მეტად ღამურის ვირუსს ჰგავს.

ისიც არაა გამორიცხული, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანებში რაღაც დროის მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მუტაცია განიცადა და დამანგრეველი ეფექტი სწორედ ამას შემდეგ იქონია.

COVID-19 ბიოლოგიური იარაღი კიდევ ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ იქნება: ბიოლოგიური იარაღის კვალობაზე, ის ძალიან არაეფექტურია.

წარმოიდგინეთ, რომ ჩინეთში სუპერ-საიდუმლო ლაბორატორიის "ბოროტი" მეცნიერი ხართ. თქვენ გიბრძანეს, რომ ისეთი ვირუსი შეიმუშაოთ, რომელიც კაცობრიობას გაწყვეტს ან ამერიკას დაასუსტებს.

საპასუხოდ კი თქვენ ქმნით ვირუსს, რომელიც ლეტალურად შემთხვევების 1-3 პროცენტში მთავრდება და ძირითადად მოხუცებულ ადამიანებს კლავს. თან რატომღაც ვირუსის გავრცელებას ჩინეთში იწყებთ, რითიც ანადგურებთ ქვეყნის ეკონომიკას. ამ ყველაფერთან ერთად, თქვენი შექმნილი ვირუსი ადამიანებისთვის სპეციფიკური არც არის.

ვფიქრობ, თქვენი ხელმძღვანელი ძალიან უკმაყოფილო იქნებოდა და სამსახურიდან მომენტალურად გაგათავისუფლებდათ.

მეცნიერებისთვის და მათთვის, ვინც ვირუსოლოგიაზე მცირე წარმოდგენა მაინც აქვს, ძალიან აშკარაა, რამდენად უსაფუძვლოა ზემოხსენებული შეთქმულების თეორია. სამწუხაროდ სამეცნიერო მიგნებები პოლიტიკოსებს უაზრო განცხადებების გაკეთებისგან არ შეაჩერებს.

იმედია, საზოგადოება არ აყვება შეთქმულების თეორიებს და ყველა ერთად გავაგრძელებთ პანდემიის გაუარესების შეზღუდვის მცდელობებს.