ნიუ-იორკში კორონავირუსის სისხლის პლაზმით მკურნალობას შეეცდებიან
ნიუ-იორკის სისხლის დონაციის ცენტრი (NYBC) აშშ-ში პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც COVID-19-ის მკურნალობისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის შეგროვება დაიწყო.
გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის ინფიცირებულებისთვის გადასხმა მკურნალობის ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს, მისი გამოყენება ისეთი ინფექციების წინააღმდეგაც სცადეს, როგორიც H1N1, SARS და MERS-ია. თუმცა მკურნალობა ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა — ზოგიერთი პაციენტი იკურნებოდა, ზოგი ვერა, განსხვავებული შედეგების მიზეზი კი უცნობია. რაც შეეხება მიმდინარე COVID-19-ის პანდემიას, ვაქცინის შექმნამდე პლაზმაზე დაფუძნებული მკურნალობის გზა, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს.
მკურნალობის მეთოდი საკმაოდ მარტივია და იგი პასიური იმუნიტეტის კონცეფციას ეფუძნება. ადამიანებმა კორონავირუსისგან განკურნება იმიტომ შეძლეს, რომ მათმა იმუნურმა სისტემამ SARS-CoV-2-ის (ვირუსი, რომელიც ავადმყოფობას იწვევს) მიმართ ძლიერი იმუნური პასუხის შემუშავება შეძლო — ანტისხეულები კი ამ საპასუხო რეაქციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
აღნიშნული ანტისხეულები როგორც ზოგად, ისე სპეციალიზირებულ უკრედებსაც შეიცავს, რომლებიც SARS-CoV-2-ის წინააღმდეგაა ეფექტური. თეორიულად, ამ ანტისხეულების გამოჯანმრთელებული ადამიანისგან ახლადინფიცირებულისთვის გადასხმა, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს.
რადგან თერაპია ექსპერიმენტალურია, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 24 მარტს ექიმებს პლაზმის გამოყენების უფლება მხოლოდ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს მისცა.
ექიმ ბრუს საჩეის თქმით, NYBC იმ პაციენტების სისხლის შეგროვებისთვის, რომლებმაც შემოწმებისას აქტიურ ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენეს, მზადაა. ასევე, ცენტრი სხვა საავადმყოფოებთან და სისხლის ცენტრებთან თანამშრომლობის დაწყებას ისეთი სისტემის შესაქმნელად გეგმავს, სადაც პლაზმის შენახვა და გაზიარება იქნება შესაძლებელი.
ამჟამად თითოეული პაციენტი პლაზმის ერთ ერთეულს მიიღებს, რაც დაახლოებით 200-250 კუბური სანტიმეტრია. გამომდინარე იქიდან, რომ ანტისხეულების რაოდენობა დონორებში ყოველთვის თანაბარი არ არის, მკვლევრები უფრო მეტად კონცენტრირებული და მდგრადი დოზის შემუშავებას გეგმავენ.
კომპანია ანტისხეულების მოპოვების სხვა გზებზეც მუშაობს, განსაკუთრებულ ინტერესს კი ცხენები წარმოადგენენ. ცხენებში გამომუშავებული ანტისხეულები სხვა დაავადების, ბოტულიზმის სამკურნალოდ აქამდეც გამოუყენებიათ. თანაც ცხენების ზომიდან გამომდინარე, მათი პლაზმით უფრო მეტი პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი.
რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს პლაზმის ერთეულს, ექიმებს მისი ეფექტურობის შესწავლის მეტი შანსი ექნებათ და შეძლებენ განსაზღვრონ, დაეხმარება თუ არა იგი მაღალი რისკის მქონე ხალხს, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს ინფექციისგან დაცვაში.
კომენტარები