ნაბახუსევი მხატვრულ ლიტერატურაში — შექსპირიდან ბრიჯიტ ჯონსამდე
"როგორი დიდებული თემაა! და, ამასთან, უცნაურად უგულებელყოფილიც", — ასე დაიწყო ინგლისელმა მწერალმა, კინგსლი ემისმა 1971 წელს თავისი ცნობილი ესე ნაბახუსევზე. ეს ფრაზა კარგად აჩვენებს, რამდენად განსხვავდება იმ დროსგან ჩვენი დღევანდელობა, როდესაც მედია სავსეა ინფორმაციით ნაბახუსევიდან გამოსვლის გზებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ.
ყველა ერას მისგან განკურნების რჩეული საშუალება ჰქონდა: რომაელი ფილოსოფოსი, პლინიუს უფროსი მხარს უჭერდა ბუს უმ კვერცხებს ღვინოში; შექსპირი ახსენებს "მცირეოდენ ლუდს", რაც მეცხრამეტე საუკუნემდე დარჩა ამ მდგომარეობიდან გამოსვლის პოპულარულ საშუალებად; მეოცე საუკუნის დასაწყისი კი ოქროს ხანა იყო ნაბახუსევისთვის განკუთვნილი ისეთი კოქტეილებისთვის, როგორებიცაა სისხლიანი მერი და პრერიული ხამანწკა — თუმცა, ასევე, ალკა-სელცერისთვისაც. თავად ემისი რეკომენდაციას უწევს "პოლონურ ბიზონს" — არაყს შერეულს ცხელ ბოვრილში.
მეცნიერებიც კი ჩაერიენ ამ ამბავში და ახლა ნაბახუსევის კვლევა მედიცინისა და ფსიქოლოგიის ქვეკატეგორიაა. კვლევებმა შეისწავლა ნაბახუსევის სიმძიმესა და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას შორის კავშირი, ნაბახუსევიდან გამოსვლის გზების ეფექტიანობა და ფარმაცევტული მკურნალობის ეთიკური მხარეები და შედეგები.
ცუდი ამბავი ისაა, რომ თუ თქვენ ამ დილით თავს შეუძლოთ გრძნობთ, ყველა სანდო კვლევის მიხედვით, ერთადერთი, რაც გარანტირებულად შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს, დროის გასვლაა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ემისს არასდროს უფიქრია, რომ ნაბახუსევიდან გამოსვლის საშუალებები და სმის ისეთი ფიზიოლოგიური შედეგები იყო უგულებელყოფილი, როგორიც თავის ტკივილი, გულის რევა და დეჰიდრაციაა. იმას, რასაც სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, მან ნაბახუსევის "მეტაფიზიკური ზესტრუქტურა" უწოდა. ამ ტერმინში ერთიანდება ის მთლიანი ემოციური ბაგაჟი, რომელიც დალევას ხშირად მოსდევს; ესაა დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი, საკუთრი თავის სიბრალული და შედარებით ბუნდოვანი განცდა — ნაბახუსევითი შფოთი.
მეცნიერებას შეუძლია გვითხრას, რა ემართება ჩვენს სხეულს ბევრი სმის შემდეგ: გაუწყლოება და შევიწროებული სისხლძარღვები იწვევს თავის ტკივილს და აცეტალდეჰიდის წარმოქმნას. მაგრამ როდესაც ნაბახუსევის დროს თავს ცუდად ვგრძნობთ, ჩვენ მხოლოდ ფიზიკური სიმპტომები არ გვაწუხებს.
ემოციები კი, ფიზოლოგიური ეფექტებისგან განსხვავებით, მეცნიერულ კვლევას ნაკლებად ემორჩილება. სანაცვლოდ, გრძნობებში გასარკვევად ლიტერატურა და სახვითი ხელოვნება უფრო გვადგება. მხატვრული ლიტერატურა არა მხოლოდ გრძნობებს ასახავს, არამედ — ინდივიდუალურ და კულტურულ ფასეულობებსაც. დასავლურ კულტურაში ნაბახუსევის ლიტერატურის გასაოცრად მდიდარი ტრადიცია არსებობს. ამ თემით ერთმანეთისგან ისე განსხვავებული მწერლები ინტერესდებიან, როგორებიც არიან შექსპირი და ჯეინ ოსტინი, რობერტ ბარნსი და ჯორჯ ელიოტი, ჯინ რიზი და ჰელენ ფილდინგი. მათი ტექსტები ცდილობენ ახსნან, რატომ გვაგრძნობინებს ხოლმე ნაბახუსევი სინდისის ქენჯნას და გვიჩენს სურვილს, ჩვენს ცხოვრებაში რაღაც შევცვალოთ.
ნაბახუსევის ლიტერატურა
მარია რიდელისადმი 1791 წელს მიწერილ წერილში მტანჯველი ნაბახუსევის მქონე ბერნსი ბოდიშს იხდის, რომ წინა ღამით არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარების სურვილით შეაწუხა თავისი ცოლის და. "ჯოჯოხეთის სიღრმეებიდან გწერთ, დაწყევლილთათვის განკუთვნილი წამებებით გარშემორტყმული", — ამ სიტყვებით იწყებს ის წერილს და შემდეგ მოსთქვამს თავის "მტკივან თავზე, რომელიც დაეკლილ ბალიშზე" უსვენია და იმ "ჯოჯოხეთურ მწამებელზე, რომელსაც მოგონება ჰქვია".
ეს მომნანიებლის აღსარებაა და თეოლოგიური ტერმინების სიმრავლე გვახსენებს, რომ ბერნსი მკაცრად კონსერვატორულ, პრესვიტერიანულ შოტლანდიაში ცხოვრობდა. თავბრუსხვევა და გაუწყლოება მხოლოდ საზღაურია მისი არაკეთილგონივრული ქცევის, მისი წერილი კი არის მობოდიშება ცოდვებისთვის. სირცხვილს დიდი კულტურული ძალა აქვს და თუ მისგან განკურნების წამალი არსებობს, მას პატიებაში უნდა ვეძიოთ.
ნაბახუსევი ხშირად იმგვარ პიროვნულ და სოციალურ ფასეულობებს ააშკარავებს, რომლებიც თავს ცუდად გვაგრძობინებს. სხვა სიტყვებით, ნაბახუსევი არის როგორც ფიზიკური, ასევე კულტურული შემაკავებელი. დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი არ არის მხოლოდ ნერვული რეფლექსები, არამედ ისინი ღირებულებების ზესტრუქტურის ნაწილებიცაა, — ემისმა თავისი სიტყვები ბრძნულად შეარჩია, — რომელთა გარეშეც ამ გრძნობების გაგება შეუძლებელი იქნებოდა.
კაცები და ქალები
მეცნიერული კვლევების მიხედვით, ნაბახუსევის სიმძიმე სხვადასხვანაირია კაცებსა და ქალებში, რაც მეტაბოლიზმსა და სხეულის მასას შორის განსხავებებით იხსნება. მაგრამ ამ საკითხში სოციოკულტურული მხარის გაუთვალისწინებლობა გაუმართლებელი იქნებოდა. მაგალითად, ერთმანეთს შევადაროთ ალკოჰოლზე დამოკიდებული ჟურნალისტის, პიტერ ფელოუს ნაბახუსევი ტომ ვულფის 1987 წლის რომანიდან, ამაოების კოცონი, ჰელენ ფილდინგის ცნობილი გმირის, ბრიჯიტ ჯონსის პოსტალკოჰოლურ განცდებს.
ნაბახუსევზე ფელოუ ცდილობს, ცოდვები თავდაუზოგავი ვარჯიშით ჩამოირეცხოს: "მეტჯერ აღარასოდეს. ის ყოველდღიურ ვარჯიშს ამ საღამოსვე დაიწყებს. ან ხვალ, უეჭველი". ვოლფი აშკარას ხდის, რომ ნაბახუსევით აღძრული შფოთვა ჰაერიდან არ მოდის; ის მომდინარეობს ფალოუს რმწენისგან, რომ მის სოციალური სტატუსს მოეცხო ჩირქი: "და ეს არ იქნებოდა იმ რაღაც პათეტიკური ამერიკული ძუნძულის მსგავსი ვარჯიში; არამედ — რაღაც სუფთა, მკაფიო, მკვეთრი, მკაცრი... ინგლისური". სხეული კულტურული მნიშვნელობების მატარებელია.
აი, ჯონსი კი ნაბახუსევის დროს დაბალი თვითშეფასების პირისპირ დგას. მისი წუხილი ზედაპირულად კი გვახსენებს ფელოუსას, მაგრამ მისი ნეგატიური თვითაღქმა ააშკარავებს საზოგადოების მიერ ქალებზე განხორციელებულ ზეწოლას, რომლის მიხედვითაც, მათ მართებთ, გათხოვდნენ და შვილები გააჩინონ. იგი შეპყრობილია წონის მომატებით, საკუთარი გარეგნობით: "რატომ ვარ ასეთი არამიმზიდველი? რატომ?" — ფიქრობს ის. ჯონსი ნერვიულობს იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პარტნიორის პოვნას და თავზარდაცემული ახსენდება თავისი სხეულის ბიოლოგიურ საათზე ისრების განლაგება.
ოჯახური ფასეულობები
ნაბახუსევის გავლენა ოჯახურ ცხოვრებაზე ხშირადაა მეცნიერული კვლევების საგანი. მხატვრული ლიტერატურა კი ამ მხრივაც კულტურულ ცვლადებზე მიგვითითებს.
ქალი, რომელიც ქმარს გამუდმებული სმის გამო მოსვენებას არ აძლევს, მეთექვსმეტე საუკუნიდან დღემდე სატირული ლიტერატურის კლიშედ რჩება. ჯონ ტეილორი ამ ტიპს კომიკურად განასახიერებს თავის 1639 წლის სკიმინგტონის ლექციაში: "რაო, ამ დილით ხმის ამოღებას არ აპირებ?! ენა გადაყლაპე. სირცხვილით უნდა იწვოდე, ღირსების ნატამალი მაინც რომ გქონდეს შერჩენილი, დღენიადაგ მთვრალი, გატრეტილი რომ ხარ".
მაგრამ ვიქტორიანული ხანის ჯანეტ დემფსტერი, ელიოტის 1857 წლის ნაწარმოებიდან, ჯანეტის მონანიება, სულ სხვა ოჯახურ დინამიკაზე გვიყვება. რადგან მას არ შეუძლია, მოძალადე, თუმცა კი საზოგადოებაში დაფასებულ ქმარს წინ აღუდგეს, ის თავის სატანჯველს სასმელში ახრჩობს. მაშინ, როცა ქმრის, რობერტის სმისადმი სიყვარული ლეგენდარულია, ჯანეტის ნაბახუსევი ნიშნავს, რომ ის უგულებელყოფს სახლის საქმეებს და კარგავს "კარგ რეპუტაციას". ქალის მიერ განცდილი სირცხვილი აჩვენებს, რომ მის მიმართ ქმრისგან განსხვავებული სტანდარტებია წაყენებული; ესაა ნორმები, რომელიც მსმელი ქალების სტიგმატაციას ახდენს (თუმცა ჯანეტი მონანიებას ახერხებს, რობერტი კი ალკოჰოლური ფსიქოზის შედეგად კვდება).
კულტურული წინააღმდეგობა
საკუთარ თავზე ზრუნვის ნაკლებობის, დროის დაკარგვისა და სირცხვილის გამო განცდილი მორალური თვითგანსჯის უგულებელყოფა შესაძლებელია. ამის მიუხედავად, ლიტერატურული სამყაროს ყველაზე მეამბოხე მსმელებიც კი ნაბახუსევის დროს სინანულს გრძნობენ. მარტინ ემისის ჯონ სელფი, 1984 წლის რომანიდან, ფული; ალან სილიტოუს არტურ სიტონი 1958 წელს გამოცემული ნაწარმოებიდან, შაბათი ღამე და კვირა დილა; და ელისონ ლუის კენედის ჰანა ლაკრაფტი 2004 წლის სამოთხედან სიმთვრალის დროს უგუნური და თავხედური საქციელით არიან ცნობილნი.
აი, მათი ნაბახუსევი კი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულისშემძვრელი ფერებითაა დახატული. ლაკრაფტი ცნობიერების დროებითი დაკარგვებითა და შემთხვევითი სექსუალური კავშირებით ფრიად ამაყობს, მაგრამ მაინც აღიარებს: "შინაგანად, ძირითადად, სინანულისგან შევდგები". სელფისთვის ნაბახუსევი განსაკუთრებულად ტოქსიკური მასკულინობის ერთობ საჭირო მომთოკველი საშუალებაა. სიტონის ცხოვრებისეული კრედოა "არ გაუყადრო ნაბიჭვრებს თავი", მაგრამ ალკოჰოლით გაჟღენთილ ღამეებს კვირა დილის ნაბახუსევი მოსდევს ხოლმე და ის, საბოლოოდ, ქორწინებისა და სტაბილური სამუშაოს მოთხოვნებს ემორჩილება.
მხატვრული ლიტერატურა აჩვენებს, რომ ნაბახუსევი იშვიათადაა მხოლოდ ფიზიკური სიმპტომების ერთობლიობა. მისი აღმწერი ნაწარამოებები ერთობ ბევრს გვეუბნებიან ალკოჰოლისადმი ჩვენი დამოკიდებულებების შესახებ: როგორ იქმნებიან ეს შეფასებები და რას გულისხმობენ.
ვერ შეგპირდებით, რომ წინა ღამით სმის მერე გაღვიძებისას წიგნის ხელში აღება თავს უკეთ გაგრძნობინებთ. მაგრამ იქ წაკითხული შეიძლება დაგეხმაროთ, ცოტა მეტი გაიგოთ იმაზე, თუ რატომ გვაგრძნობინებს დალევა თავს ცუდად.
კომენტარები