Xperia 1 Mark II — ახალი ფლაგმანი Snapdragon 865-ითა და ZEISS-ის ლინზებით
ვინაიდან MWC 2020 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაიდო, Sony-მ თავისი ახალი ფლაგმანი — Sony Xperia 1 II ონლაინ ღონისძიებაზე წარადგინა.
ფლაგმანი აჭურვილი იქნება უახლესი Snapdragon 865 პროცესორით, კამერის განახლებული მოდულითა და 5G ქსელის მხარდაჭერით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს Sub 6 5G იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი 5G-ს სრულ პოტენციალს ვერ გამოიყენებს. პარალელურად სონიმ ასევე დაადასტურა, რომ ისინი მუშაობენ Xperia Pro-ზეც, რომელსაც სპეციალურად ვიდეოგრაფებისათვის პროფესიონალური ხელსაწყოები ექნება.
ეკრანი
სონიმ ტრადიციას არ უღალატა და ახალ ფლაგმანში 4K გარჩევადობის მქონე 6,5-ინჩიანი HDR OLED ეკრანი შემოგვთავაზა, რომლის თანაფარდობაც 21:9-ზეა. სონიმ სწრაფი განახლების მქონე ეკრანზე უარი თქვა და ამის მაგივრად Motion Blur Reduction შემოგვთავაზა.
თუკი კომპანიას დავუჯერებთ, სმარტფონის ეკრანი ვიზუალურად ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც სხვა 90Hz-იანი პანელები.
კამერა
განსხვავებით გასული წლის Xperia 1-სგან, Xperia 1 II-ის ოთხმაგი კამერის მოდული მარცხნივ იქნება განლაგებული. გარჩევადობა ისევ უცვლელი დარჩა — 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 12-მეგაპქსიელიანი ფართოკუთხოვანი და ასევე 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ გაზრდილია სენსორის ზომა, შეიცვალა ლინზებიც და ისინი ZEISS-ის ბრენდით ჩანაცვლდა, რაც სასიამოვნო სიახლეა.
მეოთხე კამერა უბრალოდ სიღრმის საზომია პორტრეტის რეჟიმისათვის და სულ რაღაც 0,3-მეგაპიქსელიანია. რაც შეეხება წინა კამერას, აქ ისევ 8-მეგაპიქსელიან სენსორს ვხვდებით, რომელიც სმარტფონის წინა მხარეს, პატარა ჩარჩოზეა მოთავსებული.
პირველი კამერა (ზემოდან ქვემოთ) ფართოკუთხოვანია, 16 მმ ფოკუსური მანძილით, f/2.2-თა და 1/2,6 ზომის სენსორით, ამასთან ერთად, მას Dual-PD ავტოფოკუსიც ექნება.
მეორე კამერა, რომელიც შუაშია მოთავსებული, ტელეფოტოა 70mm-იანი ფოკუსური მანძილით, f/2.4 ოპტიკური სტაბილიზაციის მქონე ლინზითა და 1/3,4 ზომის სენსორით, რომელიც ასევე აღჭურვილია პიქსელ დიოდური ავტოფოკუსით.
მთავარი კამერა სულ ბოლოა, მესამე — გიგანტური ზომის 1/1,7 Exmor სენსორი, ორმაგი პიქსელ დიოდური ავტოფოკუსითა და ოპტიკური სტაბილიზაციით. ლინზა საკმაოდ ნათელია, მისი დიაფრაგმა f/1.7-ს შეადგენს, რაც ღამით გადაღებაში ნამდვილად დაგვეხმარება.
სონის განცხადებით, ესაა პირველი სმარტფონი, რომელსაც წამში 20 კადრის სიჩქარით გადაღება ისე შეუძლია, რომ ობიექტი ფოკუსის არეალიდან არ გავიდეს. ამის მისაღწევად ისინი EYE AF-ს მეთოდს იყენებენ (თვალებზე ორიენტირებული ავტოფოკუსი) რომლითაც თავს წინა წლის Xperia 1-იც იწონებდა, თუმცა ამჯერად ავტოფოკუსი ცხოველებზეც მუშაობს, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შინაური ცხოველები მოძრაობაში ისე გადავიღოთ, რომ გამოსახულება არ გაფუჭდეს და ცხოველიც მუდამ ფოკუსში დარჩეს.
იაპონური გიგანტის განცხადებით, ახალი კამერები ZEISS-ის მიერ სპეციალურად სონის სმარტფონებისთვისაა კალიბრირებული და ისინი ZEISS T* არეკვლის საწინააღმდეგო საფარველითაა დამუშავებული. ეს ტექნოლოგია აქამდე მხოლოდ პროფესიონალური ლინზებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს იმას, რომ სმარტფონის დინამიკური დიაპაზონი გაიზრდება და კონტრაჟურის შემთხვევაში უკეთეს შედეგს მივიღებთ.
სისტემური ნაწილი და ზოგადი მონაცემები
Sony Xperia 1 II ანდროიდ 10-ზე მუშაობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროცესორად უახლესი Snapdragon 865-ა წარმოდგენილი, 5G Sub 6GHz ქსელის მხარდაჭერით. სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის 8GB ოპერატიული მეხსიერებადა 256GB UFS შიდა მეხსიერება.
ისევე როგორც სონის სხვა ფლაგმანები, Xperia 1 II-ც წყალგაუმტარია და ზურგს IP65/68 სერთიფიკატი უმაგრებს. სმარტფონის ელემენტი 4 000-მილიამპერიანია, რომელსაც სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს, თუმცა კომპანიას არ უთქვამს რამდენად სწარაფად დაიტენება ის.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სონიმ 3,5-მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი დააბრუნა. რაც შეეხება ანაბეჭდის სენსორს, ის ისევ სმარტფონის მარჯვენა მხარესაა მოთავსებული.
Sony Xperia 1 II-ის გაყიდვები ევროპაში აპრილიდან დაიწყება და ის ორ ფერში, იასამნისფერსა და შავში იქნება ხელმისაწვდომი. სმარტფონების მიწოდება გვიან შემოდგომას დაიწყება, ხოლო რაც შეეხება ფასს, ის ჯერ კიდევ უცნობია.
კომენტარები