როგორც ცდილობენ ადამიანები, სუნები გაქრობისგან იხსნან
ყოველდღიურობის სურნელებანი — ლუდხანების სუნით დაწყებული, ძველი წიგნების არომატით დამთავრებული — კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებია; და ბევრი მათგანი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
ტყავისყდიანი წიგნის თაროდან ჩამოღებისას მისი გაყვითლებული ფურცლებიდან გადაშლისთანავე იფრქვევა მტვერი და სანამ თქვენ წიგნის კითხვას შეუდგებით, ნესტოები უკვე აღიქვამენ მათ უნიკალურ სურნელებას.
ეს ნაცნობი სურნელი მხოლოდ ბიბლიოთეკებისა თუ წიგნის მაღაზიათა ხშირი სტუმრებისთვის არაა ყოფითი სიამოვნების წყარო. ისინი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებას წარამოადგენენ და გაქრობა ემუქრებათ. ყოველი იმ ძველი წიგნისგან, რომელიც დაიშალა, გადააგდეს თუ ტემპერატურის მაკონტროლებელი დამცავი კარის მიღმა ჩაკეტეს, ამგვარი არომატების შეგრძნება შეუძლებელი ხდება. ეს პრობლემა მხოლოდ წიგნებზე არ ვრცელდება. სურნელებანი, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ფონად სდევს, იქნება ეს პარფიუმერიის მაღაზიათა თუ პაბთა არომატები, გამუდმებით იცვლება.
ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის მკვლევრის, სესილია ბემბაიბრისთვის ძველი წიგნების არომატი მნიშვნელოვანია. ის სხვადასხვა ტექნიკას იმუშავებს, რათა აღადგინოს "გადაშენებული" სურნელებანი, ხოლო ამჟამად არსებულნი მომავლისთვის შემოინახოს.
კულტურული მემკვიდრეობის ეს ასპექტი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ბემბაიბრის თქმით, გალერიათა, მუზეუმების თუ სახლმუზეუმების მიერ ორგანიზებული პროექტები მეტწილად ფოკუსირებულია თვალით აღქმად საგნებზე: "მათ მიერ შეთავაზებული გამოცდილებანი, ძირითადად, ვიზუალურად შეიმეცნება. ისეთი გამონაკლისები კი, როგორიცაა შეგრძნებათა სტიმულაცია, რომელიც ნივთის შეხებისა თუ შეყნოსვის გზით წარმოიქმნება, მხოლოდ ბავშვებისთვისაა ხოლმე განკუთვნილი".
მკვლევარი ამ მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავს: "მსურდა, ყურადღების ქვეშ მომექცია საკითხი, რომელიც ძალიან ზედაპირულადაა შესწავლილი; ესაა კაცობრიობის ის მემკვიდრეობა, რომელიც ყნოსვით აღიქმება".
საკითხავია, რა გზით შეიძლება ისეთი არახელშესახები ფენომენის მოხელთება, როგორიცაა ისტორიული არომატი. ერთ-ერთი მეთოდი გულისხმობს პოლიმერული ბოჭკოს გამოყენებას, რომელსაც ჰაერში არსებული არომატწარმომქმნელი ქიმიური ელემენტები მიეკრობა. მოგვიანებით მკვლევარი ლაბორატორიაში მათ ბოჭკოსაგან განაცალკევებს და იდენტიფიცირებას ახდენს. ამ პროცედურის შედეგად მიღებულ ქიმიკატთა სია, ფაქტობრივად, არომატის რეცეპტს შეადგენს.
მეორე მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიის, კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში, გულისხმობს ქიმიური ნაწილაკების პირდაპირ აირული სინჯისგან გამოცალკევებას და იდენტიფიცირებას. მესამე მეთოდის მთავარი იარაღი კი თავად ცხვირია — ამ შემთხვევაში არომატის აღწერა სუნამოების შემქმნელ ექსპერტებს უნდა მივანდოთ.
"ჩვენ არომატს ვახასიათებთ ადამიანური პერსპექტივიდან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არომატთა მომავლისთვის შენახვის მცდელობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო მათი ქიმიური შემადგენლობა, არამედ ჩვენი გამოცდილებაც", — ამბობს ბემბაიბრი.
მკვლევარმა ობის, ძველი ტყავის ხელთათმანებისა და წიგნების სუნთა ექსტრაქტები დაამზადა, მათ შორისაა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში დაცული წიგნებიც. სასურველ არომატებს ის გამოცალკევებული ქიმიური ნაწილაკების მრავალგვარი გადათამაშების შედეგად იღებს.
2003 წელს იუნესკომ მიიღო დადგენილება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დასაცავად, რომელიც ეხებოდა სოციალურ პრაქტიკებს, ზეპირსიტყვიერების ტრადიციას და საშემსრულებლო ხელოვნებას. არომატები ამ სიაში არ შესულა. ამ დროს კი საუკუნეების განმავლობაში მრავალი კულტურის ცალკეულ ტრადიციაში სუნები უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებდნენ. მაგალითისთვის გავიხსენოთ კორდობას შიდა ეზოთა ყოველწლიური ფესტივალი, რომლის დროსაც მაცხოვრებლები ვერანდებზე მცენარეებს ჰფენენ; ან კოლუმბიური წმინდა კვირეულის მსვლელობები, რომლის დროსაც წმინდანთა ხის ქანდაკებები ყვავილებითაა მორთული. 2018 წელს სუნამოთა დამზადების ფრანგულმა ხელოვნებამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. თუმცა თავად არომატებზე კვლავ არაფერი იყო ნათქვამი.
თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ზომები ეროვნული არომატების ღირებულების სათანადოდ დასაფასებლად. 2001 წელს იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტრომ ქვეყნის 100 საუკეთესო სურნელების მქონე ადგილი დაასახელა; სიაში იყო როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული ღირშესანიშნაობები. მოგვიანებით, 2016 წელს, კოჩის უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა სტამბოლში მოაწყო გამოფენა, სურნელებანი და ქალაქი, სადაც "4000-წლოვანი ანატოლიის ცივილიაზაცია არომეტების მეშვეობით იყო წარმოდგენილი".
"მსგავს ფენომენთა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანისას შეიძლება იმ პრაქტიკებს დავეყრდნოთ, რომლებიც ცალკეული ძეგლების იუნსეკოს მფარველობის ქვეშ მოხვედრისას გამოიყენება ხოლმე", — ამბობს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის დამოუკიდებელი სპეციალისტი, ქეითი ლითგოუ.
მაგრამ როგორც ეს ფრანგულ სუნამოთა დამზადების კულტურული მნიშვნელობის აღიარების მაგალითიდან ჩანს, თავად სურნელი დაცვა-შენარჩუნების ობიექტად იშვიათად იქცევა ხოლმე. ზოგჯერ კონსერვაციაზე პასუხისმგებელი პირი მხოლოდ იმ სუნით ინტერესდება, რომელიც რაიმეს დაშლაზე ან ლპობაზე მიანიშნებს.
არომატთა კულტურულ მემკვიდრეობად არმიჩნევის მიუხედავად, ზოგიერთი ენთუზიასტი მკვლევარი ღირებული სურნელების შენარჩუნებაზე მაინც მუშაობს. მკვლევარ ქეით მაკლინის მიზანია, შექმნას არომატთა რუკები, რომლებიც მხოლოდ გეოგრაფულად განაწილებულ არომატებს არ დაიტევს — მათზე ცვლილებებიც აისახება. მაგალითად, ერთმანეთს შედარდება დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში შანხაის ქუჩებისთვის დამახასიათებელი არომატები; ანდაც, შესაძლოა, რუკა მხოლოდ ზაფხულის პარიზისთვის დამახასიათებელ სურნელზე ფოკუსირდეს.
მაკლინი წარსულის სუნებზეც ზრუნავს და არომატებით სახელგანთქმული, ძველი ინდუსტრიული ქალაქის, უიდნესის სურნელებათა რუკასაც ქმნის. მეცხრამეტე და ადრეულ მეოცე საუკუნეებში უიდნესში ქიმიური მრეწველობა, მათ შორის საპნების წარმოების ინდუსტრია ყვაოდა. დღესდღეობით ქარხნები უმოქმედოა და ძველებური სპეციფიკური სურნელებაც გამქრალია. მაკლინს სურს, გამოიკვლიოს და შეისწავლოს როგორც ქალაქის ისტორიული, ასევე თანამედროვე სურნელებაც. იგი ქალაქების ისეთ რუკებს ქმნის, სადაც დატანილია მონაცემები იმაზე, თუ რა სურნელია დამახასიათებელი კონკრეტული ქუჩისთვის. ის ასევე იყენებს "სუნთა ბილიკებს" — გრაფიკულ გამოსახულებებს და სურნელებათა წარმოქმნისა და დაშლის სქემებს, რათა არომატული ლანდშაფტების მრავალფეროვნება და ის გამოკვეთოს, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მათ.
რა ღირებულების ინფორმაცია შეიძლება იყოს ჩაწერილი ქალაქის, ქუჩისა თუ შენობისთვის დამახასიათებელ სურნელში? ურბანული სივრცის სპეციალისტი გოლდსმიტის უნივერსიტეტიდან, ალექს რის-ტეილორი ამბობს, რომ ქალაქის სურნელის შეგრძნებით მის ეკონომიკაზე და კულტურაზე გვექმნება წარმოდგენა.
მაგალითად, ლონდონის ცენტრალური ნაწილის არომატი მოგაგონებთ ცხარე ინდურ კერძს, ინგლისურ პაბსა და ტრანსპორტის გამონაბოლქვს. ქალაქის სურნელება ააშკარავებს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელ მიგრაციას. შედეგად, ლონდონის ჰაერის ჩასუნთქვა მის კოლონიალურ ისტორიასთან გვაკავშირებს.
მაგრამ ამჟამად გავრცელებული არომატები მუდმივად ჩვენ ირგვლივ არ იქნება. სესილია ბემბაიბრისთვის არომატთა ქრობა და ევოლუცია კვლევის გაგრძელების მოტივაციაა. "ქალაქები მუდმივად კარგავენ მათთვის დამახასიათებელ სურნელს. სანაცვლოდ კი სულ უფრო ფეხს იკიდებს ინტერნაციონალური არომატული ლანდშაფტი", — ამბობს ის, — "დღეისათვის ყველა გლობალურ ქალაქში ლამის ერთნაირი სუნია. ეს საყოველთაო სუნები და გემოები ასოცირებულია ტრანსნაციონალურ კლასთან — ხალხთან, რომელიც მუდამ იცვლის საცხოვრებელ ქალაქებს".
ლაბორატორიაში სესილია ბემბაიბრმა ძველი ბიბლიოთეკის სურნელის შესაქმნელად ორი ხერხი გამოიყენა. მათგან ერთი გარემოში არსებული აქროლადი ნაერთების ქიმიურად აღდგენას ეფუძნებოდა, ხოლო მეორე გზა სუნამოთა ექსპერტის, ქეით მაკკარტნის ინტუიციურ ინტერპრეტაციას დაეყრდნო. მკვლევარი გაოცდა, როცა ხალხის უმრავლესობამ კითხვაზე, რომელი სურნელი აგონებდათ ყველაზე მეტად ძველ ბიბლიოთეკას, პასუხად მეორე გზით ნაწარმოებ სურნელზე მიუთითა.
ბოლომდე მაინც პასუხგაუცემელია შეკითხვა, რომელი უფრო ავთენტურ შედეგს იძლევა — ხელოვანის ინტერპრეტაცია თუ ქიმიური იმიტაცია. ბემბაიბრის შედგენილი არომატთა კოლექცია სხვა საკითხსაც წამოსწევს წინ — რომელი არომატები უნდა შევინარჩუნოთ?
ქეითი ლითგოუს აზრით, მსგავსი საკითხის გადასაჭრელად ძეგლების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანისას გამოყენებულ ხერხს — ხალხთან კონსულტაციას უნდა მივმართოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა დავუსვათ კითხვა, თუ რა სახის სურნელი არის მათთვის ღირებული.
სურნელის ღირებულება შეიძლება მისი ტრადიცული, კულტურული, ეკონომიკური, მეცნიერული, ესთეტიკური და კიდევ სხვაგვარი ნიშნით განისაზღვრებოდეს. არომატთა ფასეულობის აწონვაში კი უნდა მონაწილეობდნენ როგორც ექსპერტები, ასევე საზოგადოება.
რის-ტეილორი არომატთა კოლექციის შედგენის პროცესში სოციალურ ფენათა მრავალფეროვნების გათვალისწინების მნიშვნელობაზე საუბრობს. მხოლოდ საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილისთვის დამახასიათებელი არომატების გადარჩენისთვის გარჯა მისთვის მიუღებელია. ის მიიჩნევს, რომ სიგარეტის კვამლის, იატაკზე დაღვრილი ლუდისა და საპირფარეშოდან გამომავალი სადეზინფექციო საშუალების სუნით გაჟღენთილი პაბის სურნელი ქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გამოც მსგავსი სივრცეების ღირებულება პარფიუმერიის და ჩაის სახლების მნიშვნელობას აღემატება.
ისეთ კითხვებზე პასუხები, თუ რა ტიპის სუნები ასახავს ყველაზე ზედმიწევნით კულტურას, საბოლოოდ განსაზღვრავს ბემბაიბრის საოცნებო არქივის სახეს. იქამდე კი ის გეგმავს, განაგრძოს ჯერ კიდევ შემორჩენილი კულტურულად მნიშვნელოვანი არომატების შეგროვება და დაკარგულების აღდგენა.
კომენტარები