ფოტო: ორანგუტანი გველებით სავსე მდინარეში მყოფ კაცს დასახმარებლად ხელს უწვდის
მოყვარული ფოტოგრაფის, ანილ პრაბახარის გადაღებულ ფოტოზე უნიკალური კადრია აღბეჭდილი — ინდონეზიის კუნძულ ბორნეოზე მცხოვრები ორანგუტანი გველებით სავსე წყალში მდგომ ადამიანს დასახმარებლად ხელს უწვდის.
ანილი შემთხვევის ადგილს მეგობრებთან ერთად ბორნეოს ორანგუტანთა გადარჩენის ფონდის (BOS) დაგეგმილ ექსპედიციაზე ყოფნის დროს შეესწრო.
"ზედამხედველი მდინარის გველებისგან გასუფთავებას ცდილობდა, თუმცა მოძრაობა ტალახში საკმაოდ უჭირდა. დავინახე როგორ მიუახლოვდა ორანგუტანი მას და თავისი ხელი შესთავაზა", — თქვა პრაბახარმა.
შხამიანი გველები ბორნეოში ორანგუტანებს საფრთხეს საკმაოდ ხშირად უქმნიან.
თუმცა, ზედამხედველმა ორანგუტანს გვერდი აუარა და წყლიდან დამოუკიდებლად ამოვიდა. როდესაც პრაბახარმა კითხა თუ რატომ მოიქცა ასე, მან უპასუხა, რომ მაიმუნები ველურები არიან და მათი ნდობა სახიფათოა.
ორანგუტანები ძირითადად ბორნეოსა და სუმატრაში გვხვდება. ბორნეოში ორანგუტანების პოპულაცია ბოლო სამი თაობის განმავლობაში 80%-ით შემცირდა.
BOS-ის ცნობებით, ისინი ძალიან ნელა მრავლდებიან. ველურ ბუნებაში მდედრი ორანგუტანი მხოლოდ 6-8 წელიწადში ერთხელ მშობიარობს.
კომენტარები