Xiaomi-ს ჩამოშორებული POCO ბაზარზე 120Hz-იანი ეკრანის მქონე X2-ით ბრუნდება
Xioami-ს შვილობილმა კომპანიამ, POCO-მ დღეს თავის ისტორიაში მეორე სმარტფონი — Poco X2 გამოუშვა. ეს მაღალი წარმადობის მქონე ბიუჯეტური ტელეფონია, რომელმაც ინდოეთისა და სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანი ბაზარი უნდა დაიპყროს.
2018 წელს Xiaomi-მ ახალი ბრენდი, POCO წარადგინა, რომლის მიზანიც ფლაგმანური მონაცემების მქონე ბიუჯეტური სმარტფონის აწყობა იყო, რაც მათ კარგადა გამოუვიდათ.
Pocophone F1 ულამაზესი სმარტფონი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა $300-ზე ნაკლები ღირდა და ფლაგმანური Snapdragon 845 პროცესორით იყო აღჭურვილი. დღეს სხვაგვარი სიტუაციაა, Poco მარკეტზე Xiaomi-სგან დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას და ამგვარ ვითარებაში X2 მათი პირველი სმარტფონია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ Poco X2 თითქმის იდენტურია Xiaomi-ს Redmi K30-სა. თუმცა მას ფლაგმანური მონაცემები არ აქვს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს Poco F1-ის ხაზის ნამდვილი გამგრძელებელი არ არის.
Poco X2 აღჭურვილია Snapdragon 730G პროცესორით, 6,67-ინჩიანი, 20:9 გაფართოების 1080p IPS ეკრანით, რომლის განახლების სიჩქარეც 120Hz-ს შეადგენს. სმარტფონს 4 500 მილიამპერიანი ელემენტი ექნება, რომელსაც 27W-იანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა ექნება, რისი წყალობითაც სმარტფონს ნულიდან 100%-მდე დასატენად 68 წუთი დასჭირდება. თითის ანაბეჭდის სენსორი მარჯვნივ, ჩამრთველ ღილაკშია ინტეგრირებული. ყურსასმენების ჯეკი ადგილზეა.
სმარტფონს SONY-ს 64 მეგაპიქსელიანი, IMX686 სენსორი ექნება, რომელიც 2019 წელს ფართოდგავრცელებული 48-მეგაპიქსელიანი IMX586-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. აქვე შევხვდებით 8-მეგაპიქსელიან ფართოკუთხოვან კამერას, ასევე 2-მეგაპიქსელიან მაკრო მოდულსა და სიღრმის საზომ 2 მეგაპიქსელიან სენსორს. სმარტფონის წინა მხარეს ეკრანში 20-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის საზომია ამოჭრილი.
Pocophone X2-ის საწყისი ფასი $225 დოლარი იქნება.
კომენტარები