დადასტურდა, რომ მსოფლიოში უძველესი, 2,2 მლრდ წლის კრატერი ავსტრალიაშია
დედამიწის ზედაპირზე არაერთი კრატერია, მათგან ზოგი მილიონობით წლის წინ არის დატოვებული. ხანდახან დედამიწაზე ძალიან მცირე ზომის ციური სხეულები ეცემიან, რომელთა კვალი მალევე ქრება, თუმცა გიგანტური მეტეორიტის მიერ დატოვებული კრატერი რთულია შეუმჩნევლი დარჩეს.
ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ კრატერთაგან უძველესი 2,2 მილიარდი წლისაა და ის ავსტრალიაში მდებარეობს.
კრატერის ასაკის დადგენა ხშირად რთულია, რადგან მილიონობით წლის წინ დატოვებული ორმო ხშირად ნაწილობრივ ივსება ან მის ფსკერზე სიცოცხლე იკიდებს ფეხს. ამის შედეგად რთულდება პრეისტორიული ქვების და მიკრო-ნარჩენების მოძიება, რომელთა ასაკის გაგებითაც მეცნიერები კრატერის ასაკს ვარაუდობენ ხოლმე.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი კრატერი სამხრეთ აფრიკაში იყო, თუმცა ამჟამინდელი გამოთვლებით, უძველესი კრატერის ტიტულს იარაბუბას 70 კილომეტრიანი დიამეტრის კრატერი ირგებს. ყველაზე დიდ კრატერად კი სამხრეთ აფრიკის ვერედოფტის კრატერი ითვლება. მისი დიამეტრი 300 კილომეტრია.
როგორც ჩანს, იარაბუბას კრატერი მეტეორიტმა უძველესი გამყინვარების დროს დატოვა. შეჯახებამ კი ატმოსფეროში 200 ტრილიონი ლიტრი წყალი გატყორცნა.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენამ პლანეტის დათბობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კომენტარები