უხმო კინოს პერიოდმა მრავალი შედევრი დაუტოვა კინემატოგრაფიის ისტორიას. ხშირად ის კინოს ევოლუციის პრიმიტიულ ეტაპთან ასოცირდება, მაგრამ, სინამდვილეში, მსგავს ფილმებს თავიანთი გამორჩეული ტექნიკის წყალობით განსაკუთრებული ხიბლი აქვთ. კონკრეტულად იაპონური უხმო კინოსთვის საუკეთესო პერიოდი კი 1916 წლიდან 1935 წლამდე შეგვიძლია დავათარიღოთ.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ იაპონიაში ადამიანების უყურადღებობის, მიწისძვრების და შეერთებული შტატების მწვავე საჰაერო დაბომბვების შედეგად უხმო ფილმების დიდი ნაწილი განადგურდა ან დაიკარგა. ამის მიუხედავად, კინომოყვარულებს მაინც აქვთ შესაძლებლობა, იაპონური კულტურის ამ კონკრეტული მიმართულების ნიმუშებით დატკბენ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რეჟისორებს, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს იაპონური კინემატოგრაფიის და, ზოგადად, უხმო კინოს განვითარებაზე.

1. იასუძირო ოძუ (1903–1963 წლები)

კადრი ფილმიდან, I Was Born, But... 1932 წელი.

ფოტო: Shochiku Company

არა მარტო იაპონურ კინემატოგრაფიაში, არამედ მსოფლიო კინოშიც, იასუძირო ოძუ იმ რეჟისორთაგანია, რომელთაც ხელოვნების ამ დარგის განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. ამის მიუხედავად, დასავლეთში მისი სახელი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა შედარებით ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი. მსგავსად მიძოგუჩისა, რომელზეც დაბლა ვისაუბრებთ, მისი კინო კარიერა უხმო კინოს ეპოქაში უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მოგვიანებით, როცა მან თავისი ძალები ხმოვან კინოში სცადა. სამწუხაროდ, მისი უხმო კინოების უმეტესობა დაკარგულია. შემორჩენილი ფილმებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1932 წლის I Was Born, But… და 1933 წლის Passing Fancy.

2. ტეინოსუკე კინუგასა (1896–1982 წლები)

კადრები ფილმიდან, A Page of Madness, 1926 წელი.

ფოტო: Public Domain

კინუგასა იაპონური უხმო კინოს ერთ-ერთ პიონერად ითვლება. სანამ 1922 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი შედგებოდა, კარიერა მან ქალის როლების შესრულებით დაიწყო. მისი შედევრები უხმო კინოში — 1926 წლის A Page of Madness და 1928 წლის Crossways — იაპონური კინოს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნიმუშებს წარმოადგენს.

კინუგასა შთაგონებული იყო ფრანგული იმპრესიონისტული კინოთი. მისი A Page of Madness ცნობილია როგორც პირველი სრულყოფილი იაპონური ავანგარდის ნიმუში და საერთაშორისო ექსპერიმენტული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. კინუგასას ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო — შეექმნა ფილმი, რომელიც იქნებოდა ევროპული სტილის ექსპერიმენტული კინოს ნიმუში იაპონიაში.

3. კენჯი მიძოგუტი (1898–1956 წლები)

კადრი ფილმიდან, The Water Magician, 1933 წელი.

ფოტო: Digital Meme

მიძოგუტი, რომელიც უხმო კინოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, შეგვიძლია თამამად შევიყვანოთ იმ რეჟისორთა სიაში, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში პოლიტიკურ კრიტიკას არ ერიდებიან. ის თავის ნამუშევრებში ცდილობს, სიღრმეებში სდიოს იაპონიის კულტურულ თუ პოლიტიკურ ისტორიას, რათა წინა პლანზე გადმოიტანოს უსამართლობისა და არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მაგალითები. ამგვარი ხედვის მიზანი კი საზოგადოების გამოღვიძება და ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემაა.

მიძოგუტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უხმო ფილმი, The Water Magician, მოგვითხრობს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიის შესახებ, რომელიც რელიასტურად და მიზანმიმართულად ასახავს მეიძის ეპოქის ქალთა სილამაზესა და ძალას. მიძოგუტის ფილმებში ხშირად ვხვდებით თავგანწირულ, ძლიერ ქალ გმირებს, ისევე, როგორც — სუსტ და სიღრმეს მოკლებულ კაც პერსონაჟებს.

4. მიკიო ნარუსე (1905–1969 წლები)

კადრი ფილმიდან, Apart from You, 1933 წელი.

ფოტო: Shochiku Company

იაპონიაში ნარუსეს ავტორიტეტი ისეთი რეჟისორების თანასწორია, როგორებიც არიან იასუძირო ოძუ, აკირა კუროსავა თუ ტაკეში კიტანო. მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარობა ნაკლებია. ნარუსეს სარეჟისორო კარიერაც უხმო კინოდან დაიწყო. მისი ფილმები კი მინიმალისტური სტილით გამოირჩევიან.

მის სარეჟისორო ნამუშევართაგან ცალკე აღნიშვნას იმსახურებს Apart from You, რომელიც 1933 წელს გამოვიდა. რეჟისორი მშრომელი ქალების თვალით გვანახებს მათ ყოველდღიურობას. ის გვიყვება ასაკოვანი გეიშასა და მისი თინეიჯერი ბიჭის ისტორიას, რომელსაც დედის პროფესია ესირცხვილება და ამ გრძნობას სიბრაზით გამოხატავს.

5. ჰიროში შიმიძუ (1903–1966 წლები)

კადრი ფილმიდან, Japanese Girls at the Harbour, 1933 წელი.

ფოტო: Shochiku Company

შიმიძუს დებიუტი რეჟისორის რანგში 21 წლის ასაკში შედგა. იასუძირო ოძუს მეგობარმა და კოლეგამ, თავისი კარიერის განმავლობაში 160-ზე მეტი ფილმი გადაიღო. კენძი მიძოგუჩიმ ერთხელ მისი მისამართით აღნიშნა, "ისეთი ადამიანები, როგორიც მე და ოძუ ვართ, ფილმებს დიდი შრომის შედეგად ვიღებთ, მაგრამ შიმიძუ უბრალოდ გენიოსია".

Japanese Girls at the Harbor შიმიძუს საუკეთესო უხმო კინოა. ფილმი რომანტიკულ ისტორიას გვიყვება, რეჟისორი კი ოსტატურად ახერხებს სიყვარულის, შურის, ეჭვიანობის გადმოცემასა და თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებისა და ტრადიციული ფასეულობების შერწყმას. აღსანიშნავია, რომ ფილმში ფოკუსი ქალ პერსონაჟებზეა, რადგან რეჟისორი ცდილობს, ამბავი სწორედ მათი პერსპექტივიდან დაგვანახოს.