პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
ფოტო: Shutterstock
დასავლელი ტექნოლოგიური მილიარდერები — დარიო ამოდეი, სემ ალტმანი და ილონ მასკი — ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ტემპის შენელებას ითხოვენ, მაგრამ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელი ამგვარ მოწოდებებს "პანიკის დათესვად" მიიჩნევს.
დასავლეთში ამ საკითხზე აზრი ორად იყოფა: ნაწილი ფიქრობს, რომ AI რეალური საფრთხეა და კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, კაცობრიობის განადგურებაც გამოიწვიოს; მეორე მხარე მიიჩნევს, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელთა მხრიდან მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა, რათა მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღონ და საინვესტიციო ბუშტის გასკდომას გადაურჩნენ.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
როგორც ჩანს, ჩინეთის მთავრობისთვის ეს თემა ნაკლებად აქტუალურია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე, სადაც დასავლელი მილიარდერების ამ ინიციატივაზე დასვეს კითხვა, უწყების სპიკერმა კუო ძიაქუნმა ხაზგასმით აღნიშნა:
"ხელოვნური ინტელექტი არის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგია მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. ყველა მხარემ ერთობლივად უნდა შეუწყოს ხელი AI-ს ღია და ინკლუზიურ განვითარებას სიკეთისთვის და ყველასათვის. პანიკის დათესვა, დაპირისპირება და სასტიკი კონკურენცია მხოლოდ შეაფერხებს გლობალური AI მმართველობისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც არავის ინტერესებში არ შედის".
პეკინის ეს მოკლე და მკაფიო პასუხი, შეიძლება ითქვას, ჩინეთის სტრატეგიულ მიდგომას ასახავს. როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის (Brookings Institute) მკვლევარმა კაილ ჩანმა თებერვალში აღნიშნა, ჩინეთის ხედვა ამერიკულისგან რადიკალურად განსხვავდება.
აშშ-ის პოლიტიკოსები და ინდუსტრიის ლიდერები ხელოვნური ზოგადი ინტელექტისკენ (AGI) მიმავალ გზას რბოლად მიიჩნევენ, რომელში გამარჯვებულიც ყველაფერს მიიღებს, მათი ჩინელი კოლეგები კი არ ჩქარობენ. მათი სტრატეგიის თანახმად, აშშ-მა შეიძლება პირველმა შექმნას ტექნოლოგია, მაგრამ ელექტრომობილებისა თუ სმარტფონების მსგავსად ჩინური ინდუსტრია ამ ტექნოლოგიურ სხვაობას სწრაფად აღმოფხვრის და დაეუფლება.
ამავე პოზიციას იზიარებს ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი იანგ ციანგი. AGI Next Summit-ზე გამოსვლისას მან განაცხადა:
"მოდით, ინტერნეტის ისტორიას გადავხედოთ. ის აშშ-ში დაიწყო, მაგრამ ჩინეთი სწრაფად დაეწია მას და სამომხმარებლო აპლიკაციების მიმართულებით ლიდერი გახდა. WeChat ამის მაგალითია. AI-ს შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა, ეს არის ინსტრუმენტი და ჩინური გონიერება მას მაქსიმალურ ზღვრამდე მიიყვანს".
ფაქტია, ვაშინგტონში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეგულაციებსა და პოტენციურ საფრთხეებზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, პეკინი პროცესების შენელებას არ აპირებს.
კომენტარები