ახლახან ნევადის ველური ბუნების დეპარტამენტმა 21 რქასქელი ცხვარი კალიფორნიისა და ნევადის საზღვართან არსებულ რეგიონში გაუშვა. ცხოველებს ნევადის ამ ნაწილში დაახლოებით 100 წელია აღარ უცხოვრიათ.

რქასქელი ცხვრების რაოდენობა ნევადის შტატში 10 000-ს აღწევდა, თუმცა ახალი დასახლებებისა და მათზე აქტიური ნადირობის შედეგად ცხვრების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა. ამ დროის განმალობაში რქასქელი ცხვრები სხვა ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, საიდანაც დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალ ტერიტორიაზე გადასაყვანად 17 მდედრი და 4 მამრი დაიჭირეს.

ბუნების დამცველმა ლარი ჯონსონმა სახეობის გადასარჩენად გეგმა შეიმუშავა და ის ველური ბუნების დეპარტამენტს შესთავაზა. ერთი წლის შემდეგ კი მისი წყალობით, ცხვრებმა ხელახლა გაიცნეს მიწა, რომლის შესახებ თითქმის საუკუნეა არაფერი იცოდნენ.

3

2018 წელს ველური ბუნების დეპარტამენტმა რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით რქასქელი ცხვარი დაცულ სახეობად გამოცხადდა, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ცხოველებზე ნადირობა აიკრძალა და ცხვრები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდად ცხოვრებას შეძლებენ.

ყველა გაშვებული ზრდასრული მდედრი ორსულადაა, დაახლოებით 12 მათგანი გაზაფხულისთვის იმშობიარებს. ბიოლოგმა მაიკ კოქსმა განაცხადა, რომ ახალი საცხოვრებელი გარემოს გათვალისწინებით, ხუთ წელიწადში ცხვრების რაოდენობა დაახლოებით ასს მიაღწევს.

"ჩვენ დროში დაკარგული სახეობა აღვადგინეთ, ჩვენი მისიაც სწორედ ეს იყო. საოცარია, რომ მსგავსი შესაძლებლობა მოგვეცა", — განაცხადა ბიოლოგმა ემილი ჰაგლერმა.