ავსტრალიაში მოშიმშილე ცხოველებისთვის ციდან სტაფილო და კარტოფილი "გაწვიმდა"
ავსტრალიაში ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ "ოპერაცია კლდის ვალაბი" დაიწყო, რომლის მიზანიც შტატში მცხოვრები ვალაბების გამოკვებაა. ამის შესახებ ახალი სამხრეთ უელსის გარემოსა და ენერგიის მინისტრმა, მატ კინმა ტვიტერზე განაცხადა. ვალაბი კენგურუს ოჯახის საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარია.
ახალი სამხრეთ უელსის ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების ადმინისტრაცია ვერტმფრენებიდან ვალაბებისთვის ბოსტნეულს, ძირითადად სტაფილოსა და ტკბილ კარტოფილს ყრის. ცხოველებისთვის ჯამში უკვე 2 200 კილოგრამი ბოსტნეული გადმოყარეს.
მეტ კინის თქმით, იმ ცხოველებს, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ, ახლა შიმშილობა ემუქრებათ.
"ვალაბებს შეუძლიათ, რომ ხანძარს გადაურჩნენ. მაგრამ შემდეგ, როგორც წესი, საკვების გარეშე რჩებიან, რადგან ხანძარი გარშემო არსებულ მცენარეულობას ანადგურებს", — განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ცნობით, ავსტრალიაში ხანძრებს უკვე 1 მილიარდზე მეტი ცხოველი შეეწირა. ახალი მონაცემები მოიცავს როგორც უშუალოდ ხანძრის დროს, ასევე ირიბად — შიმშილისა და გაუწყლოების შედეგად დაღუპულ ცხოველებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები