რამდენად უნდა ვენდოთ სიცივეში თბილად დარჩენაზე გავრცელებულ რჩევებს
ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენს სხეულებზე ტანსაცმლის ფენათა რაოდენობა და გაზის ყოველთვიური გადასახადი აციების პირდაპირპროპორციულად იმატებს. სწორედ ამ პერიოდში ამინდი ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ განწყობასა და ქცევასაც კი, რადგან ყინვისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით უამრავი ისეთი მოსაზრება არსებობს, რომლებსაც დაუფიქრებლად მივყვებით.
მაგრამ ზოგჯერ სუსხიან ამინდში თბილად დარჩენაზე რჩევები მითებს უფრო ჰგავს, ვიდრე მეცნიერულად დადასტურებულ სიმართლეს; ზოგჯერ კი ერთი შეხედვით კონტრპროდუქტიული რეკომენდაცია ფრიად ეფექტიანია. განვიხილოთ ხუთი ყველაზე გავრცელებული რჩევა.
1. ალკოჰოლი ათბობს
სუსხში, დათოვლილი ქუჩიდან შენობაში შესვლისას რამდენიმე ყლუპ ალკოჰოლურ სასმელს რა სჯობს? გასაკვირი არაა, რომ სათხილამურო კურორტებზე სრიალის შემდეგ ხალხი ბარებში გლინტვეინს ხშირად გეახლებათ.
თუ სიცივეში ალკოჰოლურ სასმელს დავლევთ, მართლაც გვეუფლება ისეთი შეგრძნება, რომ გავთბით. ერთი შეხედვითაც ასე გამოვიყურებით — ალკოჰოლი სისხლს კანის ზედაპირისკენ მიმართავს და ამის შედეგად ვწითლდებით. სახეზე ხელის მიდებისას კი ვგრძნობთ, რომ კანი გახურებულია. პრობლემა ისაა, რომ ამ დროს სისხლი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება თქვენი ორგანიზმის სხვა, მნიშვნელოვან ნაწილებს და სხეულის საერთო ტემპერატურა იკლებს.
კარგი ამბავი ისაა, რომ ასეთ დროს სიცივით გამოწვეულ დისკომფორტს ნაკლებად გრძნობთ და თუ ალკოჰოლის მიღების შემდეგ შენობაში იქნებით, სხეულის საწყისი ტემპერატურის ვარდნას თქვენზე ძლიერი ეფექტი არ ექნება. მაგრამ თუ გარეთ, სიცივეში ხართ, ალკოჰოლის გამათბობელი ეფექტი ხანმოკლე იქნება. თუ თქვენ ბევრს დალევთ და ისევ სიცივეში გახვალთ, საკუთარ თავს რისკის ქვეშ დააყენებთ, რადგან ალკოჰოლს შეუძლია, სიცივეზე თქვენი ბუნებრივი რეაქცია - კანკალი შეამციროს და შეგიზღუდოთ სიცივის აღქმის უნარი.
ამას თან თუ დავუმატებთ საღად აზროვნების უნარის შესუსტებას, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის თან ახლავს თრობას, გასაკვირი აღარაა, რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანიები სახიფათო სიტუაციებში. განსაკუთრებით დაბალტემპერატურიან ადგილებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბარიდან სახლისკენ მიმავალი ადამიანები ყინულიან თხრილებში ვარდებიან. მაგალითად, აშშ-ის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰიპოთერმიით სიკვდილის შემთხვევათა ათ პროცენტში ადამიანები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
დასკვნა: ეს მოსაზრება ნახევრადაა სიმართლე — ალკოჰოლი ახურებს კანს, რაც გათბობის შეგრძნებას აჩენს, მაგრამ ამ დროს სხეულის ტემპერატურა შეიძლება დაეცეს. ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, შესაძლოა, ჰიპოთერმიის მიზეზი გახდეს.
2. რადიატორზე ჯდომით ბუასილი დაგემართება
ეს მითი უკვე დიდი ხანია არსებობს. მეორე მხრივ, იმასაც ამბობენ, რომ ცივ ზედაპირებზე ჯდომა იწვევს ბუასილს. ჰემოროი ანუ ბუასილი არის სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს დაავადება უვითარდება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტს.
დაზიანების კერის გაციება ზოგჯერ სიმპტომებს დროებით ამსუბუქებს, მაგრამ ჰემოროიზე სითბოს დადებითი ან უარყოფითი გრძელვადიანი ზემოქმედების შესახებ დადასტურებული მონაცემები არ არსებობს. ერთი გერმანული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც იღებდნენ აბაზანას (რაც, სავარაუდოდ, ცხელი წყლით იქნებოდა), ჰემოროის გაჩენის რისკის ქვეშ ნაკლებად იყვნენ.
დასკვნა: ის, რომ რადიატორზე ჯდომა იწვევს ბუასილს, სიცრუეა. დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება ბევრი ბოსტნეულისა და თხილეულის ჭამა, წონის კონტროლი და ბევრი წყლის სმაა.
3. გარეთ სველი თმით არ გახვიდე, თორემ გაცივდები
ალბათ უმეტესობა ჩვენგანს სმენია ეს ფრაზა მშობლების ან ბებიებისა და ბაბუებისგან. თავად სიტყვა გაციებაც კი მოიაზრებს იმას, რომ დაბალ ტემპერატურაში ყოფნის შედეგად გახდი ავად. სინამდვილეში, ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, ვირუსითაა გამოწვეული და თუ თქვენ ეს ვირუსი არ შეგხვდებათ, არც გაცივდებით. მაგრამ საინტრესოა, შეიძლება თუ არა, რომ შეციებულ მდგომარეობაში ყოფნამ ვირუსების მიმართ უფრო მოწყვლადი გაგხადოთ?
ისეთი კვლევების ფარგლებში, რომლის დროსაც მოხალისეებს გაციების ვირუსი მას შემდეგ შეახვედრეს, რაც მათი სხეულის ტემპერატურა დაწიეს, ზოგიერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის, ვინც კანკალი დაიწყო, ავად გახდომის უფრო დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ზოგირეთმა ექსპერიმენტმა კი სიცივესა და გაციებას შორის კორელაციის დადგენა ვერ შეძლო.
კარდიფის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერი რონ ეკლსი საკითხს განსხვავებულად მიუდგა. ცდის პირების ერთი ჯგუფის წევრები ოცი წუთის განმავლობაში ცივ წყალში ჩაყოფილი ფეხებით უნდა მსხდარიყვნენ, რის შემდეგაც ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. მეორე, საკონტროლო ჯგუფის წევრები კი წინდებითა და ფეხსაცმელებით ცარიელ ვედროში ფეხებჩაყოფილები ისხნენ ოცი წუთი. ხუთი დღის შემდეგ პირველი ჯგუფიდან ორჯერ მეტმა ადამიანმა განაცხადა, რომ გაცივდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მონაწილეების თვითშეფასებას დაეყრდნო.
მაგრამ კონკრეტულად რა კავშირია გაციებასა და სველ თმას ან ფეხებს შორის? ერთი მოსაზრებით, როდესაც სიცივეს გრძნობ, ცხვირსა და ყელში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსების მოგერიებაზე მომუშავე ლეიკოციტები ცხვირსა და ყელამდე ნაკლები რაოდენობით აღწევს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კი ზამთარში მეტი ადამიანი იმიტომ ცივდება, რომ გაცილებით მეტ დროს ატარებენ ერთად დახურულ სივრცეში, სადაც ვირუსებსა და ბაქტერიებს ავრცელებენ. აშშ-ის ემორის მედიცინის სკოლის წარმომადგენლის, ენის ლოუენსის კვლევამ აჩვენა, რომ გრიპის ვირუსი ერთი ზღვის გოჭიდან მეორეზე ძალიან ადვილად გადადის. მკვლევარმა ისიც დაადგინა, რომ სითბოსა და დაბალი ტენიანობის კომბინაცია, — რაც ზამთარში ცენტრალური გათბობის მქონე სახლებისთვისაა დამახასიათებელი, — ინფექციის გავრცელებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
დასკვნა: ზუსტი კორელაციის დასადგენად მეტი მონაცემია საჭირო. თვითონ ის გარემოება, რომ გარეთ სველი თმით გახვედით, არ გაგაციებთ, მაგრამ ამ დროს ვირუსის შეყრის შემთხვევაში ორგანიზმს, დიდი ალბათობით, უფრო გაუჭირდება მისი დაძლევა.
4. არ ჩართო ვენტილატორი
შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორი მხოლოდ ზაფხულში არის გამოსადეგი. მართლაც, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ზამთარში ოთახში ჰაერის ცირკულაციას? ეს ხომ ორპირის მოწყობის ტოლფასია. სინამდვილეში, ბევრ ჭერის ვენტილატორს გაგრილებისგან საპირისპირო ეფექტის გამომწვევი რეჟიმიც აქვს, რომელიც სწორედ დაბალი ტემპერატურის პერიოდებისთვისაა განკუთვნილი. ცნობილია, რომ თბილი ჰაერი ზემოთ ადის. ასე რომ, თქვენი რადიატორებიდან გამოსული სითბოც ჭერისკენ მიისწრაფის და არა — ოთახის იმ ნაწილისკენ, სადაც თქვენ იმყოფებით. ეს გარემოება განსაკუთრებით პრობლემატური მაღალჭერიან შენობებშია. წარმოიდგინეთ თანამედროვე, გაპრიალებული ოფისი მაღალი კედლებით: თერმული განშრევებისას თბილი ჰაერი ჭერქვეშაა შეგუბებული, ხოლო იქ, სადაც ადამიანები სხედან, ბევრად უფრო ცივა. გაგრილების საპირისპირო ეფექტის გამომწვევი რეჟიმის იდეაც ისაა, რომ დაბალ სიჩქარეზე უკუღმა ტრიალისას ვენტილატორი ჰაერის დესტრატიფიკაციას ახდენს: სასიამოვნო თბილი ჰაერი ჭერიდან ქვემოთ მოუყვება ოთახის კედლებს და რეცირკულარიზაციის შედეგად თქვენც თბებით.
ამ საკითხზე შექმნილი კვლევები, ძირითადად, იმ სამუშაო სივრცეებზე კონცენტრირდება, სადაც უზარმაზარ შენობებში სითბოს შენარჩუნების პრობლემა არსებობს. მაგალითად, გამოითვალეს, რომ ვენტილატორების სწორად გამოყენებისას საწყობებში ჭერის სიმაღლის ყოველ ერთ მეტრზე სამი პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება. ეს კი დაახლოებით ათმეტრიანი ჭერის მქონე შენობის გათბობისას საგულისხმო შეღავათს იძლევა.
ვენტილატორების ინსტრუქციებში გვირჩევენ, რომ ზამთარში ჰაერის გასათბობად მოწყობილობა საათის ისრის მიმართულებით მოძრაობის რეჟიმზე დავაყენოთ. თუმცა ამას ყველა არ ეთანხმება. მაგალითად, არსებობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრის, ჰოლი სამუელსონის მიერ 2015 წელს დაწერილი საინტერესო, მაგრამ გამოუქვეყნებელი ნაშრომი. მეცნიერმა სხვადასხვა სიმაღლის ჭერის მქონე სამ ოთახში ორივე რეჟიმში გამოსცადა ორი განსხვავებული ტიპის ვენტილატორი. საწინააღმდეგო რეჟიმში მუშაობისას ჰაერი იატაკთან ახლოს გათბა, ზაფხულისთვის განკუთვნილ რეჟიმში მუშაობისას კი სითბო ადამიანის წელის დონეზე განაწილდა. ასე რომ, თუ ფეხების გათბობა გირჩევნიათ, თქვენი ვენტილატორი უკუღმა დაატრიალეთ და თუ სხეულის — წაღმა. მკვლევარმა ისიც დაადგინა, რომ უმჯობესია, ვენტილატორი დაბალ კი არა, საშუალო სიჩქარეზე მუშაობდეს. რა თქმა უნდა, თუ ორპირის არ გეშინიათ.
თუ თქვენ ისეთ დიდ საოფისე ოთახში მუშაობთ, რომლის ჭერის ცენტრშიც ვენტილატორია დამონტაჟებული და მისგან სკამები იმდენადაა დაშორებული, რომ ორპირში ჯდომა არავის მოუწევს, ეს კვლევა გირჩევთ, მოწყობილობა საშუალო სიმძლავრეზე და წაღმა რეჟიმში ამუშაოთ. ეს თქვენს გათბობასაც უზრუნველყოფს და კომპანიას ელექტროენერგიასაც დააზოგინებს.
დასკვნა: ეს მოსაზრება მითია — თუ ამაში ხელს ოთახის განლაგება შეუწყობს, დაბალ სიმძლავრეზე ჩართულ ვენტილატორს ოთახში სითბოს თანაბრად გადანაწილება შეუძლია.
5. ყოველთვის დაიხურე ქუდი, რადგან სითბოს უმეტესობას თავიდან ვკარგავთ
რა თქმა უნდა, თბილად ჩაცმა, როდესაც თოვლში გადიხარ, მნიშვნელოვანია. მაგრამ უნდა მივაქციოთ თუ არა განსაკუთრებული ყურადღება თავის არეში თბილად ყოფნას?
ამტან მოხალისეებს ბევრჯერ მიუღიათ მონაწილეობა უსიამოვნო ექსპერიმენტებში ამ კითხვაზე პასუხის პოვნის იმედით. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მკვლევარმა, თეა პრეტორიუსმა, მოხალისეებს დაალევინა წამალი, რომელიც სხეულს კანკალის უნარს უქვეითებს. ამის შემდეგ ცდის პირები აკვალანგებით აღჭურვეს და ცივ წყალში ჩააყვინთინეს. ზოგ მათგანს წყალგაუმტარი კოსტიუმები, წინდები და ხელთათმანები ეცვა, ზოგს კი — მხოლოდ საცურაო კოსტიუმები. მოხალისეები ხან ყვინთავდნენ, ხანაც წყლიდნ ამოყოფილი თავებით ცურავდნენ.
ისინი, ვინც ყვინთავდნენ, მაგრამ მშრალი ტანსაცმელი ეცვათ, ტემპერატურას, ძირითადად, თავიდან კარგავდნენ. მიუხედავად ამისა, მათ იმის ნახევარი სითბო დაკარგეს, რაც მხოლოდ საცურაო კოსტიუმებში ჩაცმულმა მოხალისეებმა, რომელთაც თავი წყალს ზემოთ ეჭირათ. რადგან ეს უკანასკნელები სითბოს თითქმის მთლიანად სხეულის ნაწილებიდან კარგავდნენ, ამით გამოჩნდა, რომ ჩვენ სითბოს სხეულიდან უფრო ვკარგავთ, ვიდრე — თავიდან.
ისიც სიმართლეა, რომ თუ სიცივეში ტანზე თბილად გაცვიათ, მაგრამ თავზე არაფერი გახურავთ, სხეულის ტემპერატურა იმაზე სწრაფად იკლებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ როცა მხოლოდ თავია სიცივეში, ჩვენ არ ვკანკალებთ, კანკალისას კი ადამიანი თბება. ისიც უნდა ითქვას, რომ თავის ქალის გარშემო უამრავი სისხლძარღვია, რომელიც კანის ზედაპირთან არის ახლოს, ამიტომ თუ ამ სისხლძარღვებში გასვლისას სისხლი გრილდება, ის შემდეგ სხეულში ცირკულაციისას სხვა ორგანოებსაც აციებს.
თუმცა, როდესაც გარეთ ყინავს, თქვენთვის მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად შეიგრძნობთ ამ სიცივეს და არა იმას, თუ სხეულის რა ნაწილია ამაზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი. ამიტომ ასეთ დროს იდეალური გამოსავალი თბილად ჩაცმა-დახურვაა.
დასკვნა: სიმართლეა, რომ ქუდის დახურვა სითბოს შესანარჩუნებლად კარგი აზრია, მაგრამ სიცრუეა, რომ სითბოს უმეტეს ნაწილს თავიდან ვკარგავთ.
კომენტარები