2019 წლის 10 მნიშვნელოვანი ამბავი კოსმოსიდან — შეჯამება

ფოტო: SpaceX
"კოსმოსური ამბების" კუთხით 2019 წელი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა — მთვარეზე განხორციელებული სამი მისია, პირველი ეკიპაჟი, რომელიც მხოლოდ ქალებით იყო დაკომპლექტებული, SpaceX-ის მიერ გაშვებული პირველი საეკიპაჟო ხომალდი და პლანეტარული მისიები, რომელთა შორის ზოგიერთი განსაზღვრულ დროზე ადრე დამთავრდა.
ამ სტატიაში თვალს ამ მოვლენათა მოკლე ჩამონათვალს გადავავლებთ და წელს შევაჯამებთ.
1. SpaceX-ის Crew Dragon

ფოტო: NASA
მარტში SpaceX-მა თავისი საეკიპაჟო ხომალდი, Crew Dragon გაუშვა, რითაც NASA ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მიზანს — აშშ-ს ასტრონავტების კოსმოსურ სადგურამდე ამერიკული ხომალდით გაშვებას.
ხომალდი წარმატებით დაუკავშირდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, მისიის დასრულების შემდეგ კი ის დედამიწაზე დაბრუნდა. თუმცა, მოგვიანებით, საევაკუაციო ძრავების ტესტის დროს Crew Dragon-ს ცეცხლი გაუჩნდა. მაგრამ მას შემდეგ SpaceX-მა მსგავსი ძრავები სხვა ხომალდებთან ხარვეზების გარეშე გამოიყენა.
20 დეკემბერს მსგავსი ტიპის ხომალდი ბოინგმაც გაუშვა, თუმცა მან სადგურთან დაკავშირება ვერ შეძლო.
2. პირველი ხომალდი მთვარის "ბნელ მხარეს

ფოტო: Jiang Hongjing
ჩინური ხომალდი Chang'e-4 მთვარის ბნელ მხარეს, ეიტკენის კრატერში დაეშვა. ეს ბნელ მხარეს პირველი წარმატებული დაშვებაა. ხომალდის მიზანი მთვარის ზედაპირის შესწავლაა, რაც მის ჩამოყალიბებაზე ბევრი ახალი და საინტერესო ფაქტის გაგებაში დაგვეხმარება.
ხომალდი დაახლოებით ერთი წელია მთვარეზეა და ის ახლაც წარმატებით აგზავნის ასტრონომებისთვის ფოტოებსა და საჭირო მონაცემებს.
ამავე თემაზე:
- ჩინური ხომალდი მთვარის "ბნელ" მხარეს წარმატებით დაეშვა
- ყველაფერი, რაც მთვარის ბნელი მხარის შესახებ უნდა იცოდეთ
3. ქალებით დაკომპლექტებული პირველი მისია ღია კოსმოსში

ფოტო: NASA
NASA-ს ორი ასტრონავტი, კრისტინა კოჩი და ჯესიკა მეირი 18 ოქტომბერს ისტორიული მოვლენის მონაწილეები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალები კოსმოსურ ფრენებში მონაწილეობას 1984 წლიდან იღებენ, მათი ეკიპაჟი იყო პირველი, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა. ეკიპაჟმა ხომალდი დატოვა, ღია კოსმოსში გავიდა და სადგურზე მიმაგრებულ ელემენტებთან არსებული ელექტროენერგიის დაზიანებული გამანაწილებელი სათადარიგოთი ჩაანაცვლა.
მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის გაშვება ადრეც იგეგმებოდა, თუმცა აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო მათი ღია კოსმოსში გაშვება გადაიდო.
ამავე თემაზე:
4. სინათლის იალქანი 2

ფოტო: The Planetary Society
The Planetary Society-მ 8 ივნისს სინათლის იალქანი დედამიწის ორბიტაზე გაუშვა. ივლისის ბოლოს იალქანი წარმატებით გაიშალა და ის მონაცემებს დედამიწაზე დღესაც აგზავნის.
ორგანიზაციის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ხომალდის გაშვებას ბევრად შორ მანძილზეც, შესაძლოა, ჩვენი მზის სისტემის გარეთაც კი, საწვავის მინიმალური რაოდენობის გამოყენებით. სინათლის იალქანი 2 მიჰყვება პირველ სინათლის იალქანს — ბევრად პატარა, სადემონსტრაციო ხომალდს, რომელიც 2015 წელს გაუშვეს.
5. Chandrayaan-2-ის ავარია

ფოტო: Indian Space Research Organisation
მისია Chandrayaan-2-ის დამშვები მოდული Vikram 6 სექტემბერს მთვარის ზედაპირს შეეჯახა. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია თვეების განმავლობაში ცდილობდა შეჯახების გამოძიებას და კონტაქტის აღდგენას Vikram-თან, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ამავე თემაზე:
6. აპოლოს იუბილე

ფოტო: NASA
50 წლის წინ NASA-მ ადამიანი მთვარეზე პირველად გაუშვა. ეს ისტორიული მოვლენა, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში მოექცა და ნასამ იუბილე აპოლო 11-ის ეკიპაჟის წევრებთან ერთად აღნიშნა.
ამის პარალელურად NASA მუშაობს პროექტზე, რომელიც 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე გაშვებას ისახავს მიზნად. ორგანიზაცია აქტურად მუშაობს, რათა პროექტის მიმართ გაიზარდოს მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც, ეს საჭირო ფინანსების შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.
ამავე თემაზე:
- ნასა 2024 წლისთვის მთვარეზე პირველი ქალის გაგზავნას გეგმავს
- მაიკ პენსი: 2024 წელს ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დაბრუნდებიან
7. Beresheet-ის ავარია

ფოტო: SpaceIL
მთვარეზე დაშვების პროცესი რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა ისრაელის მიერ გაშვებული ხომალდისთვის. დასაშვებად განკუთვნილი Beresheet აპრილში მთვარის ზედაპირს შეეჯახა და კონტაქტი დაიკარგა. ხომალდი კომპანია SpaceIL-ის მიერ იყო აგებული.
ამავე თემაზე:
8. Starlink-ის თანამგზავრების გაშვება

ფოტო: SpaceX
SpaceX-მა Starlink-ის 120 თანამგზავრი გაუშვა, თუმცა კომპანიის მიზანია, რომ ჯამში მათმა რაოდენობამ 42 000-ს მიაღწიოს.
SpaceX-ის ეს გეგმა ასტრონომებმა გააკრიკიტეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თანამგზავრები ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის წყაროდ იქცევა. კომპანიამ კი განაცხადა, რომ თანამგზავრები აღჭურვილნი არიან სენსორებით, რომლებიც ორბიტაზე შეჯახებების თავიდან არიდებას შეძლებენ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე მაინც ღელავენ.
ამავე თემაზე:
- SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის კიდევ 60 თანამგზავრი გაუშვა
- ნახეთ, როგორ იჭერს ბარჯით აღჭურვილი თანამგზავრი კოსმოსურ ნაგავს
9. სამყაროს პირველი მოლეკულა

ფოტო: WILLIAM B. LATTER
ეს მნიშნელოვანი აღმოჩენა სამყაროს პირველ მოლეკულას ეხება. დაფიქსირდა, რომ ჰელიუმის ჰიდრიდი (HeH) სამყაროში გაჩენილი პირველი მოლეკულაა. იგი 3 000 სინათლის წლის სიშორეზე აღმოაჩინეს. ამისათვის მათ ნასას მიერ მოდიფიცირებული ბოინგ 747, ზედმეტსახელად SOFIA გამოიყენეს, რომელშიც ინფრაწითელი ობსერვატორიაა მოთავსებული.
1970 წელს მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მოლეკულა დღესაც უნდა არსებულიყო, განსაკუთრებით კი პლანეტარულ ნისლეულებში, თუმცა ამ დრომდე ვარაუდის დამტკიცება ვერ ხერხდებოდა.
ამავე თემაზე:
10. შავი ხვრელის პირველი ფოტო

ფოტო: National Science Foundation
შავი ხვრელის პირველი ფოტო 2019 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ფოტოზე აღბეჭდილია გალაქტიკა Messier 87-ის ცენტრში არსებული შავი ხვრელი.
ტელესკოპები აკვირდებოდნენ ორ შავ ხვრელს, ჩვენი გალაქტიკის Sagittarius A-ს, და მეზობელი გალაქტიკის M87-ს, თუმცა Sagittarius A-ზე დაკვირვება ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან იგი დედამიწიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული.
ამავე თემაზე:
კომენტარები