მკვდარი კაშალოტის კუჭში 100 კილოგრამი ნაგავი იპოვეს
შოტლანდიაში, ჰარისის კუნძულზე გამორიყული კაშალოტის კუჭში მეცნიერებმა სათევზაო ბადეები, თოკები, პარკები, პლასტმასის ჭიქები და სხვა ნარჩენები იპოვეს, რომელთა ჯამური წონაც 100 კილოგრამს აღწევდა.
ექსპერტების თქმით, რა როლი ჰქონდა კუჭში აღმოჩენილ ნარჩენებს ვეშაპის დაღუპვაში, უცნობია. თუმცა ადგილობრივების თქმით, ეს შემთხვევა დაბინძურების ფართომასშტაბიან პრობლემას კარგად ასახავს.
"ეს ძალიან სევდიანი სანახაობა იყო. ჩვენ ამ სანაპიროებზე ყოველდღიურად დავდივართ და ნარჩენებსაც მუდმივად ვაგროვებთ, რომელთა უმეტესობაც თევზჭერასთანაა კავშირში", — აცხადებს დენ პერი, რომელიც ახლომდებარე ქალაქში ცხოვრობს.
კაშალოტი სიკვდილის მიზეზის დასადგენად შოტლანდიურმა ორგანიზაცია SMASS-მა გაკვეთა, რომელიც ვეშაპების და დელფინების სიკვდილის მიზეზებს იძიებს.
"ცხოველი ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში არ ყოფილა. სავსებით ლოგიკურია, რომ ვეშაპის კუჭში არსებულ ნაგავს მის დაღუპვაში როლი ეთამაშა. თუმცა, ჩვენ ვერ ვიპოვეთ დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ნაგავმა ვეშაპის კუჭ-ნაწლავი რაიმე ფორმით დააზიანა. მიუხედავად ამისა, ფაქტი შემზარავია და კუჭში ამ რაოდენობის პლასტმასის არსებობა მონელების პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევდა. ეს ფაქტი კარგად აჩვენებს, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ზღვის ცხოველებისთვის ოკეანის დაბინძურება", — ნათქვამია ორგანიზაციის ფეისბუქ პოსტში.
SMASS-ის მონაცემებით, შოტლანდიაში გამორიყული ვეშაპებისა და დელფინების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, 2009 წელს 204 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 930-მდე გაიზარდა.
კომენტარები