რა არის სქესი და გენდერი, რას ნიშნავს ტერმინი ტრანსგენდერი, რა მიზნით იყენებენ ტრანსფობიას პოლიტიკაში, რა გავლენას ახდენს ტრანსგენდერთა ცხოვრებაზე საზოგადოების აგრესია, რა დადებითი და უარყოფითი ეფექტი აქვს ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მედიით გაშუქებას, რატომ ვერ საქმდებიან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში და როგორია მათი ყოფითი ცხოვრების სირთულეები - აღნიშნულ საკითხებზე On.ge-ს გენდერის საკითხთა ექსპერტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკა აღდგომელაშვილი ესაუბრა.

ბოლო წლების განმავლობაში, როგორი მიმართულებით შეიცვალა ტრანსგენდერების ცხოვრება და მათ მიმართ სოციუმის დამოკიდებულება? შეინიშნება თუ არა რაიმე პროგრესი საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულებაში?

როგორია განწყობები, ნეგატიური, პოზიტიური თუ საერთოდ არ შეცვლილა, ამის თქმა ძნელია. ამის ირიბი ამსახველი არის ის დანაშაულები, რომლებიც ხდება. ვხედავთ, რომ თავდასხმების ფაქტებმა იმატა. მეორე მხრივ, მედია დაინტერესდა ამ ძალადობის ფაქტების გაშუქებით და ესეც ქმნის გარკვეულწილად სურათს. განწყობებზე ტენდენციის თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების გამოყენების გამო ნეგატიურისკენ იხრება.

ტრანსფობიურ და ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ფაქტების დაუსჯელობა ან მათზე არაადეკვატური რეაგირება ახალისებს

ეკა აღდგომელაშვილი

რამდენიმე ფაქტორი ახალისებს ამ ძალადობას: ერთი, რომ ძლიერი ტრანსფობიური გარემოა. მეორე, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ფაქტების დაუსჯელობა ან მათზე არაადეკვატური რეაგირება. პრაქტიკულად, ბოლო 3 წლის განმავლობაში არცერთ ასეთ გახმაურებულ დანაშაულზე სამართლებრივად პასუხი არავის უგია. არც 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაზე, არც საბი ბერიანის მკვლელობაზე. სწორედ ესაა მოძალადისთვის წახალისება. მესამე არის პოლიტიკოსების მიერ საჯარო ჰომოფობიური და ტრანსფობიური განცხადებები, ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდებები, რაც საზოგადოების დამოკიდებულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

თქვენ მედიის ჩართულობა დადებით კონტექსტში ახსენეთ. თუმცა, ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ზოგადად, ლგბტ თემის და კონკრეტულად ტრანსგენდერთა პრობლემების ფართოდ გაშუქება, მათ მიმართ აგრესიას უფრო აღვივებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?

ჰომოფობიური და ტრანსფობიური გამონათქვამები პოლიტიკოსების მიერ ანტიდასავლური განწყობების დასამკვიდრებლად აქტიურად გამოიყენება

ეკა აღდგომელაშვილი

ქართველი პოლიტიკოსების მიერ ამ საკითხით სპეკულირება დაახლოებით 1993 წლიდან იწყება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში, როდესაც ძალაუფლების გადანაწილება მიდის. ე.წ. მორალური პანიკაც მედიაში ამ პერიოდებს ემთხვევა ხოლმე. ჰომოფობიური და ტრანსფობიური გამონათქვამები პოლიტიკოსების მიერ ანტიდასავლური განწყობების დასამკვიდრებლად აქტიურად გამოიყენება, რადგან ეს ხშირად მიბმულია იმას, რომ არ გვინდა ევროპული ღირებულებები. ზოგადად, ჰომოფობები ხაზს უსვამენ საჯარო სივრცეში ხილვადობას, თუნდაც მედიაში. სწორედ საჯარო სივრციდან განდევნაა ჰომოფობების რიტორიკაშიც მთავარი: ნუ გამოჩნდებით, ნუ საუბრობთ თქვენს ორიენტაციაზე. როდესაც მანამდე მარგინალიზებული ჯგუფი გამოჩნდება ხოლმე ამ საჯარო სივრცეებში, ამას ძალადობის ტალღა მოჰყვება ხოლმე.

გარდა პოლიტიკური სპეკულაციებისა და მედიისა, ამ ადამიანების სტიგმატიზაციის პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს საზოგადოება თამაშობს. უმრავლესობას ხშირად არ ესმის ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ტრანსგენდერი, ტრანსვესტიტი და ა.შ. თქვენი აზრით, რა გავლენა აქვს ტრანსფობიური და ჰომოფობიური განწყობების ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულბა ამ საკითხებთან დაკავშირებით?

სექსუალური, სქესობრივი განათლების დონე, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ამ დამოკიდებულებებზე. ცხადია, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რა არის სექსუალური ორიენტაცია, რა არის გენდერული იდენტობა და აღნიშნული საკითხები დღემდე ტაბუირებული რჩება, რაც ფობიებით მანიპულირებისთვის დამატებით ნიადაგს ქმნის. როდესაც არ გაქვს რაღაცაზე ინფორმაცია, რაღაც ჯგუფისგან საფრთხე შეგიძლია ადვილად შექმნა. აქ არა მხოლოდ საზოგადოების მინიმალურ ცოდნას ვგულისხმობ, არამედ ამ საკითხებზე ცოდნა არ აქვთ მედიკოსებსა და პროფესიონალებსაც კი. ჩვენი განათლების სისტემა პრაქტიკულად მოძველებულ ინფორმაცის იყენებს და ეყრდნობა ან საერთოდ არ აქვს ეს ინფორმაცია.

რა განსხვავებაა სქესსა და გენდერულ იდენტობას შორის? რა ასაკში იწყება ადამიანში გენდერული თვითიდენტიფიკაცია და რა სირთულეებს აწყდება ტრანსგენდერი ამ თვითგამორკვევის პროცესში?

ადამიანის ბიოლოგიური სქესი არის მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობა. გენდერი არის სოციალური სქესი, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის ქცევით-ფუნქციურ და მენტალურ განსხვავებას გამოხატავს. ამ ნორმას საზოგადოება ადგენს. როდესაც ბიოლოგიურად კაცი თავს აღიქვამს ქალად, უწოდებენ ტრანსგენდერ ქალს და პირიქით. არის ფართო სპექტრი, არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ამ გენდერს არ მიაკუთვნებენ თავს.

ის, რომ ადამიანს ბიოლოგიურად ჰქონდეს მდედრის ან მამრის სქესი, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ საკუთარი სქესის თვითაღქმაც მისი ანატომიური სქესის შესაბამისია

ეკა აღდგომელაშვილი

ის, რომ ადამიანს ბიოლოგიურად ჰქონდეს მდედრის ან მამრის სქესი, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ საკუთარი სქესის თვითაღქმაც მისი ანატომიური სქესის შესაბამისია. ზოგს აქვს სურვილი, რომ ოპერაციის გზით ანატომიური სქესი თვითაღქმასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ამის სურვილი, უბრალოდ არ შეესაბამებიან იმ კონკრეტულ კულტურაში დამკვიდრებულ გენდერულ როლებს, რადგან ყველა კულტურაშია დამკვიდრებული, როგორ უნდა იქცეოდეს კაცი, ქალი. ჩვენთან კი ეს როლები ძალიან პოლარიზებულია. და ამ სპექტრში შეიძლება მოექცნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ შეესაბამებიან ამ როლებს.

ამ კონფლიქტის აღსაწერად სექსოლოგები ტერმინ გენდერულ დისფორიას იყენებენ, რაც თვითაღქმასა და ადამიანის ბიოლოგიურ სქესს შორის შეიძლება არსებობდეს. ტრანსგენდერობა დღემდე პათოლოგიად ითვლებოდა და ფსიქიკურ დაავადებათა კლასიფიკატორში მითითებული იყო. დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება განისაზღვროს დაავადებად ან პათოლოგიად. ფორმირების რაც შეეხება, პროცესი ადრეულ ბავშვობაში იწყება და ძნელია ერთიანი სურათის გამოკვეთა.

რა როლს თამაშობს ამ პროცესში მშობელი და როგორია ამ მხრივ საქართველოში არსებული ტენდენცია?

საქართველოში ძალიან ბევრია ტრანსგენდერების ე.წ. იძულებითი მკურნალობის შემთხვევები

ეკა აღდგომელაშვილი

ძალიან ბევრია ე.წ. იძულებითი მკურნალობის შემთხვევები. მშობლები, თავიანთი გადაწყვეტილების შესაბამისად ცდილობენ, რომ შვილები მათ მიერ სასურველ მოდელში ჩასვან, რომ გოგო აუცილებლად ასე უნდა იქცეოდეს და ბიჭი - ისე. ლგბტ თემი ერთადერთი უმცირესობაა, სხვა უმცირესობებისგან განსხვავებით, რომელსაც ოჯახის მხარდაჭერა აპრიორი გარანტირებული არ აქვს. მით უმეტეს, ჩვენსავით ტრადიციულ ქვეყანაში. ძალიან რთულია ოჯახის წევრებთან ე.წ. ქამინგ აუთი (საკუთარი გენდერული იდენტობის გამხელა), ამიტომ ტრანსგენდერები ხშირად რჩებიან ქუჩაში ან ემორჩილებიან ამ იძულებით მკურნალობას.

რა პრობლემებს აწყდებიან მაშინ, როდესაც რჩებიან უსახლკაროდ, არ აქვთ გარეგნობის შესაბამის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, როგორ ცდილობენ თვითრეალიზებასა და თავის გატანას?

ჩვენთან გენდერის სამართლებრივი აღიარება სახელმწიფოს მხრიდან დაურეგულირებელია. დღემდე ეყრდნობიან სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც ერთხელ სასამართლომ დასაშვებად სცნო სქესის აღნიშვნის შეცვლა იმის გამო, რომ იმ პიროვნებას, რომელმაც მიმართა სასამართლოს, სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია ჩატარებული ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ ეს პრაქტიკა ერთგვარ სქემად ითვლება.

გამოდის, რომ პირადობის მოწმობის მიღებისთვის, სახელმწიფო ამ ადამიანების იძულებით სტერილიზაციას ითხოვს

ეკა აღდგომელაშვილი

როდესაც გინდა პირადობაში სქესის შეცვლა, კანონის ჩამონათვალში ეს სქესის შეცვლა მითითებული კი არის, მაგრამ არ არის განმარტებული, რა იგულისხმება სქესის შეცვლაში. ოპერაცია რომ გაიკეთოს ადამიანმა, ჯერ უნდა აიღოს ცნობა, რომ ის ნამდვილად ტრანსგენდერია. ეს გულისხმობს კონსულტაციებს სექსოლოგთან, ფსიქოლოგთან, ცალკეული ანალიზები და დაუსვამენ ე.წ. დიაგნოზს, რომლის საფუძველზეც შეუძლია მიმართოს კლინიკას, რომ ჩაუტარდეს ეს ოპერაცია, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ზოგს არ სურს სქესის ქირურგიულად შეცვლა. ზოგი ჰორმონულ თერაპიას მიმართავს, ზოგისთვის სოციალური ფონია იმდენად მნიშვნელოვანი, რომ პირადობის მოწმობის შეცვლა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თავი რეალიზებულად იგრძნოს. გამოდის, რომ სახელმწიფო ამ ადამიანების იძულებით სტერილიზაციას ითხოვს. ეს მათ ხელს უშლით როგორც დასაქმების მხრივ, ისე ნებისმიერ ინსტიტუციაში მისვლისას, სადაც პირადობის წარდგენაა საჭირო.

ამიტომ ისინი ისეთი ტიპის სამსახურებს ეძებენ ხოლმე, სადაც კონტრაქტის გაფორმება არ დასჭირდებათ, რომ საბუთები არ წარადგინონ. შესაბამისად, თავიანთი უფლებების დაცვა უფრო უჭირთ, რადგან კონტრაქტის გარეშე მუშაობენ. ტრანსგენდერი კაცები ხშირად დღიურ მუშად მუშაობენ ხოლმე.

როგორი პრაქტიკაა სამართლებრივი აღიარების კუთხით განვითარებულ ქვეყნებში?

სხვადასხვანაირადაა. ზოგგან მხოლოდ დიაგნოზია საკმარისი. არგენტინა საერთოდ პიონერია იმაში, რომ იქ საერთოდ არ არის საჭირო არაფერი, მხოლოდ ოფიციალური განცხადების დაწერაა საჭირო. როდესაც ჩვენთან ახლა სქესის აღიარება და სამედიცინო ტრანზიციის პროცესი ერთმანეთთანაა მიბმული, იგნორირებული რჩება ტრანსგენდერობის ფართო სპექტრი.

იზრდება ამ ადამიანების უმუშევრობის და სიღარიბის რიცხვი. ამიტომ ტრანსგენდერი ქალების ძალიან დიდი ნაწილი ხდება სექს-მუშაკი, რაც აძლიერებს რისკს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ

ეკა აღდგომელაშვილი

იზრდება ამ ადამიანების უმუშევრობის და სიღარიბის რიცხვი. ტრანსგენდერი ქალების ძალიან დიდი ნაწილი ხდება სექს-მუშაკი, რაც აძლიერებს რისკს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ ვარღვევთ. დიდი ხანია წინადადებების დონეზე შემუშავებულია ყველაფერი. აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება, რომ არ გაწირონ ეს ადამიანები უმუშევრობისა და სიღარიბისთვის.

დღესდღეობით ვხედავ, რომ ასე თუ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო გამოხმაურება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, რომ მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვა და ძალადობის დაგმობა კი არ გვჭირდება, პოლიტიკოსებისგან ქმედითი ნაბიჯები გვჭირდება.

ამავე თემაზე იხილეთ სტატია ტრანსგენდერ ქალზე, რომელიც ოჯახმა არ გარიყა და თვითრეალიზებაც შეძლო:

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ოჯახმა არ გარიყა და საკუთარი თავის რეალიზებაც შეძლო