გუშინ გამოქვეყნებული ორი ახალი კვლევის მიხედვით, წითელა ადამიანის იმუნური სისტემის მეხსიერებას "ანულებს" და მას ისეთი ინფექციების მიმართ, როგორიცაა დიფტერია, ტუბერკულოზი და გრიპი უფრო მოწყვლადს ხდის.

ეს კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება წითელას მიმართ აცრილი იყოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2000-დან 2017 წლამდე წითელას აცრამ სიკვდილს 21 მილიონი ადამიანის გადაარჩინა. თუმცა ვაქცინაციის სიხშირის ვარდნამ მსოფლიოში წითელას შემთხვევები გაახშირა. წინა წელთან შედარებით, წითელას ინფექციების რიცხვი 300%-ითაა გაზრდილი.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავინახეთ, რომ წითელა ადამიანის იმუნურ სისტემას "ანულებს" და მას უფრო "ბავშვურს" (ჩამოუყალიბებელს) ხდის, რაც ინფექციებთან ბრძოლას ართულებს. ზოგიერთ ბავშვში ეს გავლენა იმდენად მწვავე იყო, რომ მისი ეფექტი იმუნოსუპრესიის ძლიერი მედიკამენტებისას უტოლდებოდა", — აცხადებს მკვლევარი კოლინ რასელი.

როგორც ჩანს, წითელას ვირუსი ორგანიზმში სხვა დაავადებების მიმართ გამომუშავებულ ანტისხეულებზე ახდენს გავლენას, რაც ადამიანს სხვადასხვა ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

წითელა ძლიერად გადამდები დაავადებაა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, არავაქცინირებულ ჯგუფებში ყოველწლიურად 100 000 ადამიანის დაღუპვას იწვევს. ჯერ კიდევ მაისში გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებდა, რომ წითელა იმუნურ სისტემას აქვეითებს, თუმცა ზუსტი მექანიზმი უცნობი იყო.

იმის დასადგენად, თუ რატომ ემართებათ წითელას შემდეგ ბავშვებს სხვა ინფექციური დაავადებები, მეცნიერებმა ჰოლანდიაში მცხოვრები არავაქცინირებული ადამიანების სისხლის ნიმუშები აიღეს — წითელას 2013 წლის აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ. მეორე ეტაპზე მკვლევარებმა 26 ბავშვის სისხლში ანტისხეულების გენები გაშიფრეს — ინფექციამდე და მის შემდეგ.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Science Immunology-ში დღეს გამოქვეყნდა აღწერილია, რომ წითელას ინფექციის შემდეგ ორგანიზმში სხვა დაავადებების მიმართ იმუნური სისტემის მიერ შექმნილი მეხსიერების უჯრედების რაოდენობა იკლებდა.

"ეს ადამიანებში "იმუნოლოგიური ამნეზიის" პირდაპირი დემონსტრაციაა. ამ დროს იმუნურ სისტემას ავიწყდება, როგორ გაუმკლავდეს იმ ინფექციებს, რომლებიც მას ადრეც შეხვედრია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წითელა სხვა დაავადებებისადმი გამომუშავებულ იმუნიტეტს აქრობს", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი ველისლავ პეტროვა.

ამის შემდეგ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ცხოველებში, კერძოდ ქრცვინებში გაიმეორეს, ანალოგიური შედეგით.

ამავე თემაზე დღეს მეორე კვლევა ჟურნალ Science-შიც გამოქვეყნდა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა 77 ბავშვის სისხლის ნიმუშები წითელამდე და წითელას შემდეგ აიღეს, შედეგი ანალოგიურია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ წითელას ინფექცია ბავშვებში დამცველობითი ანტისხეულების 11-73 პროცენტს ანადგურებდა. ექსპერიმენტი განმეორდა მაკაკებშიც, რომლებმაც ინფექციის შემდეგ ანტისხეულების 40-60 პროცეტი დაკარგეს.

"შეიძლება ვინმემ თქვას, რომ იმუნური სისტემა ასეთი შემთხვევის შემდეგ მალევე აღდგება. თუ გავითვალისწინებთ იმუნოსუპრესიული მედიკამენტებზე ჩატარებულ დაკვირვებებს, შესაძლოა მართლაც აღდგეს, ოღონდ ხუთი წლის შემდეგ", — ამბობს ველისლავა.

ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვიროლოგიის პროფესორი, ჯონათან ბოლი აცხადებს, რომ ანტივაქსერების ეპოქაში ეს კვლევა ხალხს კიდევ ერთხელ ახსენებს, თუ რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია, რომელიც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ვირუსისგან, არამედ ინფექციის შემდგომი გართულებებისგანაც გვიცავს.